ქართლის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახმა ენით აუწერელი გმირული თავდადება გამოიჩინა მამულისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლისას ოსმალ-ყიზილბაშთა წინააღმდეგ.
ლუარსაბ II-ის დიდი პაპა ლუარსაბ I (1530-1556) საარაკო სიმამაცით ებრძოდა შაჰ-თამაზის ურდოებს. ლუარსაბ I იყო „კაცი ღმრთისმოყუარე, მტერთა ურჯულოთა მომსრველი და წყობათა შინა უშიში“ - წერს ბერი ეგნატაშვილი.
შაჰ-სეფიმ, შაჰ-თამაზმა და ოსმალეთის ხონთქარმა ლუარსაბი ვერ მოდრიკეს. იმ ხანებში საქართველოს მოღალატე შალიკაშვილების ოჯახმა ოთარ შალიკაშვილის ქალი „ნებაყოფლობით“ მისცეს ცოლად შაჰ-თამაზს, რის შემდეგაც მესხეთის ათაბაგი შაჰს დამორჩილდა, რაც ქართლის მეფისათვის მოუთმენელი იყო, ლუარსაბმა მესხეთში ილაშქრა. საპასუხოდ შაჰ-თამაზი საქართველოს შემოესია. მან შეძლო ატენის ციხეში ლუარსაბის დედისა და მრავალი თავადის დატყვევება. მეფემ ეს ამბავი რომ შეიტყო, ყიზილბაშებს დაეწია და მრავალი დახოცა, მაგრამ დედა ვერ გამოიხსნა. ლუარსაბის დედამ ყიზილბაშთა ტყვეობას სიკვდილი არჩია. ამის შემდეგ კიდევ უფრო მედგრად შეუტია მეფემ მომხდურ მტერს და მრავალჯერ დაამარცხა. მემატიანეთა თანახმად ლუარსაბი სიკვდილის შემდეგ მოწამეთა თანა შეირაცხა, რადგან თუ არა ის, ქართველი ერი გამუსულმანდებოდა.
ლუარსაბის ძემ, მხნე და ძლიერმა მებრძოლმა სვიმონ მეფემაც სამშობლოს დაცვას შეალია სიცოცხლე. მან სპარსთა ტყვეობაში მტკიცედ დაიცვა ქრისტეს სარწმუნოება და კატეგორიულად უარყო მაჰმადიანობის მიღება, რისთვისაც ალამუთის ციხეში ჩაამწყვდია შაჰმა, მაგრამ მალევე ქართლში დააბრუნა მზაკვარმა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მამაცი მეფე ოსმალებსაც არ შეეპუებოდა. ერთ-ერთ ბრძოლაში ხონთქრის ჯარის დასაზვერად წასულ მეფეს უკან დაბრუნებისას ცხენი ლაფში ჩაეფლო, რითაც ისარგებლეს ოსმალებმა და მოუხელებელი მეფე სვიმონი შეიპყრეს და სტამბულში წაიყვანეს. ქართლში მისი ძე გიორგი გაბატონდა. მან მრავალჯერ სცადა მამის გამოსყიდვა და აურაცხელი სიმდიდრეც გაგზავნა ხონთქართან, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს, ციხეში გარდაცვლილიყო, და ამოდენა სიმდიდრეც დაიკარგა. რის შემდეგაც ქართლი ძლიერ გაღარიბდა.
1600 წელს ტახტზე ავიდა მეფე სვიმონის ძე გიორგი X, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იმეფა. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ ქართლში მისი 14 წლის ძე ლუარსაბი გამეფდა. მემატიანის დახასიათებით - „მეფე ლუარსაბი იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა საღმრთო - საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები“. ანტონ კათალიკოსი კი მას სოლომონს, დავითსა და გედეონს ადარებს. იმავე წელს შაჰის თანხმობით კახეთის მეფედ თეიმურაზი დადგინდა.
ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველოსთვის ერთმანეთს ებრძოდნენ თურქები და სპარსელები. ორივე ქართველთა მოსისხლე მტერი იყო. შაჰ-აბას პირველმა თურქებს აღმოსავლეთ საქართველო წაართვა, დასავლეთ საქართველოსა და მესხეთს კი ისევ თურქები განაგებდნენ.
იმ ხანებში კახეთს განაგებდა მეფე ალექსანდრე II. მისი ბერად აღკვეცის შემდგომ ტახტზე მისი უფროსი ძე - წმინდა ქეთევანის მეუღლე - დავითი (ავ-დავითი) ავიდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი, რომელიც მძევლად იმყოფებოდა შაჰის კარზე და ელენე. ალექსანდრე იძულებული შეიქმნა ქვეყნის მართვას დაბრუნებოდა. ამასობაში ვერაგმა შაჰმა თავისთან აღზრდილ და გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას, ალექსანდრეს უმცროს ვაჟს, უბრძანა წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცი მამა, ღვიძლი ძმა - გიორგი და თვითონ გამეფებულიყო. რჯულ-ნაცვალმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა შაჰის ბრძანება და მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი „მამობილს“ გაუგზავნა. ამასაც აღარ დასჯერდა, დაქვრივებულ რძალს - ქეთევან დედოფალს მედიდურად შეუთვალა: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩუეულება მაჰმადის რჯულისაო“. ამ ამბით შეძრწუნებული კახელი დიდებულები აჯანყდენ და თეიმურაზის დედის, წმინდა ქეთევანის (ხს.13/26 სექტემბერი) მეთაურობით დაამარცხეს და მოკლეს მოღალატე კონსტანტინე. ქეთევანმა შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ მის კარზე მყოფი თეიმურაზი დაემტკიცებინა, მანამდე კი თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა. შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო და უფლისწული თეიმურაზი სასწრაფოდ დააბრუნა საქართველოში.
ლუარსაბის მეფობის დასაწყისში ქართლში ძლიერ დაწინაურდა ტფილისის მოურავი გიორგი სააკაძე, რომელიც ისე გამდიდრებულა, რომ მეფის შემდგომ პირველ კაცად ითვლებოდა. რა თქმა უნდა დიდგვაროვან ფეოდალებს არ მოსწონდათ უგვარო კაცის ასეთი დაწინაურება და მეფესა და სააკაძეს შორის უთანხმოების ჩამოგდება სცადეს. „ქვეყნის არევის მოსურნეთა კაცთა“ თავდაპირველად სააკაძეს ჩააგონეს, რომ მეფეს მისი სიკვდილი სურდა, მაგრამ მეფე ლუარსაბს ფიცით დაურწმუნებია მოურავი: არა მსურს შენი სიკვდილიო.
იმ ხანებში ხონთქარი სულთან მურადი ბაღდადამდე მისულა, თან ყირიმელ თათართა ლაშქარიც ახლდა. როდესაც ხონთქარს ბაღდადში საქმე მოუგვარებია, ყირიმელთა ლაშქარიც დაუთხოვია. მაშინ ვიღაცას თათარხანთათვის რჩევა მიუცია, ქართლის გზაზე გაიარეთ და საშოვარსაც მრავლად იშოვითო. მათაც დაუჯერეს და „წამოემართა ქართლზედ 60 ათასი კაცი“.
მეფე ლუარსაბი ცხინვალში იყო, როდესაც შეიტყო, რომ თათარხანი თრიალეთზე მოვიდაო. ამბის დასაზუსტებლად იარალი (სარდალი) გაგზავნეს, ხოლო თუ ეს სამწუხარო ამბავი მართალი გამოდგებოდა, მას გზები უნდა შეეკრა და მტრის მდებარეობა მეფისთვის დროზე ეცნობებინა. ვინაიდან მეფეს ლაშქარი თან არ ახლდა და ბრძოლისთვისაც არ იყო მომზადებული, განერიდა და ცხირეთს შეაფარა თავი. იარალი კი წავიდა და გზები დახერგა, მაგრამ შეუმჩნევლად თავს წამოადგნენ თათრები და მძინარენი ისე ამოხოცეს, ქართველთაგან ერთიც კი არ გადარჩენილა. თათართა მოთარეშე ბრბოებმა კი გადაწვეს მანგლისი და კველთა. მაგრამ ღმრთის განგებით, მანგლისის ეკლესია სქელმა ნისლმა დაფარა და თათრებმა იგი ვერ დაინახეს. მაშინ მათ კველთას შეიპყრეს მღვდელი „სახელად თევდორე, ღმრთის მოშიში და ერთგული მეფისა“. გოსტიბას თავთან რომ მოვიდენ, თევდორეს ლახტით დაუწყეს ცემა და ეტყოდნენ „მიგვიძეღ მეფეზედა“, რადგან მეფის მოკვლა სურდათ. მღვდელი კი გულში ასე ფიქრობდა: „ჩემის ორი დღის სიცოცხლისათვის ამას რატომ ვიქ, აწ მიუძღვე და მეფე მოვაკვლევინო და ქართლიც გააოხრონ, მე რაღა მეშველებაო და ან ჩემს სულსო“. მან თავის გაწირვა ამჯობინა მეფის ღალატს და ქართლის აოხრებას და სულ სხვა გზით წაუძღვა მტერს, რითაც კიდევ უფრო დააშორა ცხირეთს. თათრები საკმაოდ გვიან მიხვდნენ, რომ მღვდელმა თევდორემ თავის მეფეს არ უღალატა და თავი მოჰკვეთეს. და შეირაცხა იგი „წმიდათა მოწამეთა თანა“ (ხს. 8 ივნისი).
ამასობაში მეფეს მოურავი სააკაძე და ზაზა ციციშვილი შეუერთდნენ. ჭკვიანი და გონიერი გიორგი სააკაძე კარგი სარდალიც იყო. მან შემოიკრიბა ლაშქარი, ზაზაც თან იახლა, „ჩავიდა ნიაბთ ბოლოსა სხერტის ჭალაზედ“ შეუტია ყირიმელ თათრებს და მრავალი ზიანიც მიაყენა, ხოლო ზაზა ციციშვილმა მოკლა ერთი დიდი ფაშა, რომლის თავიც სხვა მრავალ ნატყვენავთან ერთად მეფეს მიართვეს. ამის შემდეგ აიყარა თათართა ლაშქარი და საციციანოსკენ გაემართა. მეფემ წერილი მისწერა ერისთავებს, მუხრან ბატონს და შიდა ქართლელებს და ჯარით სურამის ბოლოს დაიბარა. ხოლო ყირიმელებს გზად ერთი ტერტერა შემოეყარათ, რომელმაც შორიდანვე იცნო რა უსჯულოთა ლაშქარი, სასწრაფოდ გორისკენ გაეშურა და მტკვარზე გადებული ხიდი აშალა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა მტრის ლაშქარიც, მაგრამ ხიდი აყრილი დახვდათ და გორში ვეღარ შევიდენ. მაშინ დამწუხრებულები უკან გაბრუნდნენ, საციციანო გადაწვეს და ბრბონაში დადგნენ. იქ სახლები აყარეს, ხიდი გადვეს და მტკვარზე გასულებმა ტაშისკართან დაიბანაკეს.
მეფე ლუარსაბი და მოურავი ახალდაბას მივიდნენ და რადგანაც მტკვარი ადიდებულიყო (ივნისის თვე იყო) და ფონი არ იყო, ის ღამე მხურვალე ლოცვასა და ვედრებაში გაათენეს, განთიადისას კი უფალს მიენდვნენ და უფონო მტკვარში, რომელიც კალაპოტშიც კი არ ეტეოდა, გასვლა დაიწყეს. „და იყო ღმრთისა საფარველი მათ ზედა და განვიდეს უვნებელად ესრეთ, რომე არაფერისთანა არა წამხდარა რა, არცა კაცი და არცა ბარგი, და ეგრეთ განვიდეს, ვითარცა ძენი ისრაელისანი ზღუასა მას მეწამულსა“. მტკვარს ნაპირ-ნაპირ გაუყვნენ და სურამთან შეგროვილ ქართველთა ლაშქარს შეუერთდნენ. მოურავის რჩევით თხრილის პირს მეთოფეები შემოახვიეს და ცხენოსნები მინდვრად მივიდნენ. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ამ დროს მეფე 17 წლისა იყო. „და მისცა ღმერთმან ძლევაი მეფესა ლუარსაბს, ვითარცა პირველ აბრაჰამსა და გედეონს“. ქართველებმა მტრის ბანაკი სრულიად ააოხრეს, და ქართლიდან ნაძარცვი, ტყვე და საქონელი, ყოველივე უკან წაართვეს და მათიც მრავალი წამოიღეს. მტრის 60 000 კაციანი ლაშქრიდან მხოლოდ 14 000 კაცი გადარჩენილა. გზააბნეულებსა და ტყეში მოხეტიალეებს დედაკაცები იჭერდნენ, თუ რამე ჰქონდათ, ართმევდენ და უვნებლად უშვებდნენ. „გამარჯუება მოსცა ღმერთმან ქართველთა. და ჰქონდათ ლხინი და სიხარული“. როდესაც სპარსეთის ყაენმა (შაჰ-აბასმა) ქართველთა თათრებზე გამარჯვება შეიტყო, მეფე ლუარსაბს მრავალი წყალობა უბოძა და გამარჯვებაც მიულოცა. ლუარსაბი შაჰს ეახლა ირანში და თბილისის ციხე დაიბრუნა.
ამის შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა მოურავი. მან სახლში მიიწვია გამარჯვებით გახარებული მეფე. ნადიმზე ჭაბუკ მეფეს გიორგი სააკაძის პირმშვენიერი და მოეწონა და მიუხედავად სამეფო კარის სასტიკი წინააღმდეგობისა, მეორე ღღესვე „სთხოვა ცოლად დაი თვისი მოურავსა“. გიორგიმ იცოდა, რომ მისი მტრები მის დას დედოფლად არ მიიღებდნენ და მეფის დედას, „ლიპარიტიანის ქალს, მარიამს“ შეატყობინა ეს ამბავი, მაგრამ ლუარსაბმა არავის რჩევა ყურად არ იღო და სააკაძის დაზე სასწრაფოდ იქორწინა.
ქართლის დიდებულებმა, თავადებმა და „რომლებიც არ იყვნენ მოურავის მოყვარენი“, იუკადრისეს უბრალო აზნაურის ქალის გადედოფლება და მეფესთან მოურავის დაბეზღება დაიწყეს, ამავე დროს სჯულიერი მეუღლის მიტოვებასაც სთხოვდნენ, განსაკუთრებით კი სუფრაჯი შადიმან ბაბათაშვილი მტრობდა მოურავს. მეფეს არც მოურავი ემეტებოდა გასაწირავად და ცოლიც ძალიან უყვარდა, „დიდად უბრალო იყო მეფე და არა სწადოდა განტევებაი ღმრთისაგან მიცემულისა მეუღლისა. დიდად მიაჭირვეს სიტყვითა, და დაჰყვა მეფე რჩევასა მათსა და უბრძანა განტევებაი“. მეუღლეს რომ გააშორეს ყმაწვილი მეფე, უარესიც იკადრეს და სააკაძის სრული ამოწყვეტა მოინდომეს. „შეატყვეს მეფესა, რომ ყრმა არისო, და რასაც მოვახსენებთ ვერ ურჩ გვექმნებაო, და კუალად შესძინეს ბოროტი ბოროტსა ზედა“, და შეაგონეს მეფეს: მოურავი დის შეურაცყოფას არ გაპატიებს, რადგან დიდად სახელოვანი კაციაო, გაგიორგულდება და მრავალ ავსაც გადაგყრისო. „და ურჩიეს ღალატი და სიკვდილი მოურავისა“. მაგრამ არა დაფარა ღმერთმან ეს საქმე და იხსნა მეფე ლუარსაბი უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლისაგან; მოურავთან მივიდა ფარეშთუხუცესი ბააკა ხერხეულიძე და შეთქმულება გაამჟღავნა. გიორგი სააკაძემ სასწრაფოდ ნოსტეს მიაშურა, ცოლ-შვილი აჰყარა და არაგვს, თავის სიმამრს, ნუგზარ ერისთავს მიადგა. ნუგზარი სიძეს მისაქციელში მიეგება და თავის სახლში, დუშეთში აიყვანა. რადგანაც მეფეს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდენ, მოთათბირების შემდეგ ყაენთან წასვლა გადაწყვიტეს. მოურავის რჩევით ნუგზარ ერისთავიც მათთან ერთად გაემგზავრა. გიორგიმ ცოლ-შვილი აღჯაყალას დატოვა, სადაც თათრებმა დიდი პატივისცემით უმასპინძლეს და ნუგზარ ერისთავთან ერთად შაჰ-აბას ყაენთან წავიდა. მისი მისვლით მზაკვარმა შაჰმა დიდად გაიხარა და მრავალი წყალობა მიანიჭა. გიორგი სააკაძემ კი ყანდაარისა და ბაღდადის აღებაში მიიღო მონაწილეობა, და თავიც ისახელა.
ცბიერებით ცნობილი შაჰი იყო შვილიშვილი შაჰ-თამაზისა და შალიკაშვილის ქალისა. იგი დაუღალავად აწყობდა ინტრიგებს საქართველოს წინააღმდეგ. მან ჯერ ლუარსაბის და ლელა (თინათინი) შეირთო. შემდეგ კი თეიმურაზსაც „დაუმოყვრდა“ - მისი ულამაზესი და ელენეც ცოლად მოიყვანა. შემდეგ კი დაქვრივებულ თეიმურაზს მოსთხოვა ცოლად ლუარსაბის და - ხორეშანი შეერთო. მეფე უარზე იყო, რადგან ერთმანეთს ნათესავებად ერგებოდნენ (პაპიდისშვილები იყვნენ), მაგრამ შაჰი არწმუნებდა, ქვისლები რომ ვიქნებით მეტი სიყვარული გვექნება ერთმანეთისო და თეიმურაზიც დამორჩილდა.
შაჰ-აბასის დიდი ხნის სურვილი იყო საქართველოს სრული ამოწყვეტა და როდესაც სააკაძე დაჰპირდა ქართლისა და კახეთის დამორჩილებას, ნება დართო წამოსვლისა. თვითონ კი შეუმჩნევლად განჯას ჩავიდა და თეიმურაზ კახთ-ბატონს შეუთვალა „შენი შვილი მომეცო“. თეიმურაზმა იცოდა შაჰის ვერაგობის ამბავი, რადგანაც მასთან გაზრდილი იყო, და არ უნდოდა შვილის დათმობა, მაგრამ დიდებულების დაჟინებული მოთხოვნით, ჯერ გურიელის ქალისგან ნაშობი ყრმა ალექსანდრე გაგზავნა სპარსეთს და დადამისი - აშოთან მუხრან-ბატონის ასული ქეთევანიც გააყოლა, შემდეგ კი უძულებული გახდა უფროსი ვაჟი, ლევანიც მასთან გაეგზავნა. ყაენმა კი კვლავ შემოუთვალა „რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარო, შენცა მოდი და მნახეო და მრავალს წყალობას გიზავო“. როდესაც თეიმურაზი დარწმუნდა და კახელებმაც დაიჯერეს, რომ შაჰ-აბასს თეიმურაზის ოჯახის განადგურება სურდა, ერთგულების ფიცით მეფე ლუარსაბთან გაერთიანდნენ. გამხნევებულმა თეიმურაზმა ლაშქარი შემოიკრიბა და საბრძოლველად მოემზადა. როდესაც შაჰმა ქართლ-კახეთის მეფეთა განდგომის ამბავი შეიტყო, ურჩი ვასალების დასასჯელად განრისხებული კახეთისკენ დაიძრა (1613 წელს). წინამბრძოლი ჯარი ჟალეთს გაგზავნა, თვითონ კი თეიმურაზისკენ გაემათა. თეიმურაზი შაჰს კი განერიდა, მაგრამ გზად ჟალეთს ჩაყენებულ ყიზილბაშებს გადაეყარა და ბრძოლა გაუმართა. „მისცა ღმერთმან ძლევაი, გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს: ამოსწყვიტა და მოსრა პირითა მახვილისაითა ყოველივე“. რის შემდეგაც მუხრანში მეფე ლუარსაბს შეუერთდა. შაჰ-აბასმა კი მოუცადა ზამთრის დადგომას, რადგანაც ურჩიეს „ზამთარ მიდიო, ხიზანი მთაში ვერ შევაო და რასაც გინდა იმას იქო, და თუმცა მთაში შევიდენო, თოვლი და სიცივე ამოსწყვეტსო“ და 5 იანვარს თავს დაესხა კახეთს. შაჰმა შეუბრალებლად აიკლო, ააწიოკა, გაძარცვა კახეთი, ხოლო მოსახლეობა აჰყარა და ირანში გადაასახლა. მან აიღო ციხე თორღისა და ხელთ ჩაიგდო კახეთის საგანძური. ბილწმა შაჰ-აბასმა თავისი ხელით შემუსრა „წმიდა გიორგი ალავერდისა, და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯუარნი, და შემოსძარცუნა პატიოსნნი თუალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭათა მისთა, და ყო სამკაულად მათდა. და შეაგინა წმინდანი ეკლესიანი კახეთისანი და წარმოემართა ქართლსა ზედა. მაშინ ინებეს ქართველთა ომი, მაგრამ ვეღარა გააწყვეს რა და ვერცა დაუდგენ სიმრავლისაგან ჯართასა“. ლუარსაბმა და თეიმურაზმა კი გაცლა ამჯობინეს და თავი იმერეთს შეაფარეს, სადაც მეფე გიორგი III-მ კარგი მასპინძლობა გაუწიათ. შაჰ-აბასი კი გორში დაბანაკდა და იქიდან შეუთვალა გიორგი მეფეს: „მომეც ეგე ორნივე მეფენი და აღგავსებ მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა“. მეფე გიორგიმ შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია და ლევან აბაშიძე აახლა ყაენს, მათი პირით პატიება სთხოვა და შეუთვალა: „ამათი მოცემა ჩემგან არა იქნებისო, და ხელმწიფემან იმდენი წყალობა გვიყოს და დაგვდვას პატივი, რომე ესენი ისევ შეირიგოს და თვითონ წაბრძანდეს და დაანებოს ამათ ამათი მამული და საბატონოო“. როცა შაჰ-აბასი მიხვდა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, მზაკვრობას მიმართა. კათალიკოსი მალაქია და ლევან აბაშიძე დაიბარა და იმერეთის მეფეს შეუთვალა: „მე ლუარსაბთანა არცა რა საქმე მაქუსო, და არცა რას ვემდურვიო და არც მაგის წასახდენად მოვსულვარო. ბატონი თეიმურაზი ჩემი მტერი არისო, მაგას არც შევირიგებ და არც მინდაო. ლუარსაბს კიდევ შევირიგებ და, თუ მოვა და შემომირიგდება, წყალობასაც უზამო“. შემდგომ დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიმან ბარათაშვილი და შესტირა: მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებო, მეფე სვიმონის შვილიშვილსა და მეფე გიორგის შვილს ავსა და ურიგოს როგორ ვკადრებო, პირიქით თავისასაც დავუბრუნებ და სხვისასაც დავუმატებო; თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. როდესაც შადიმანმა შაჰის გულმდუღარე ტირილი იხილა, მისი გულწრფელობა დაიჯერა და იფიქრა „მეფე ლუარსაბს ყაენი დიდს წყალობას უზამსო და კიდეც შეირიგებსო“. ხოლო ამას ყოველსავე „ხერხითა და ილითითა იქმოდა შააბას“. მან შადიმანს თავისი ერთგული ხოჯა გააყოლა და თან წერილი და ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად. კათალი-კოსი და ლევან აბაშიძე კი დიდი ძღვენით გამოისტუმრა. შაჰმა მეფე ლუარსაბის და - თინათინიც მოატყუა და მასაც წერილი მოაწერინა ძმასთან „და იხმო მეფე ლუარსაბ“.
როდესაც მეფე გიორგისა და ლუარსაბს ყაენისაგან დანაბარები აუწყეს და ძღვენიც გადასცეს, მეფე ლუარსაბმა წასასვლელად მზადება დაიწყო. იმერთა მეფემ ლევან დადიანი და მამია გურელიც დაიბარა და ყველამ, კახთ-ბატონთან ერთად ურჩიეს თავგანწირულ მეფეს: „ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნიც არიანო, არც შენ დაგინდობენო, ნუ წახვალო“. ლუარსაბმაც კარგად იცოდა შაჰის მეგობრობის ფასი, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა - „უკეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და ამიოხრებს, რაი მადლი არს ჩემდაო“ - განაცხადა და შაჰს გორში ეახლა. შაჰ-აბასმა ლიქნითა და პატივით მიიღო ცოლისძმა, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი კი ჯერ ყარაიაში და ყარაბაღში ჩაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი სპარსეთში გაიტყუა. ყარაიაში ყოფნისას ლუარსბმა ყველა განაცვიფრა ახოვნებითა და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ კი შურით აღავსო ბოროტი შაჰი. თინათინმა სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, რათა უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზნებული აბასისთვის, მაგრამ ლუარსაბმა სევდიანად გაიღიმა და უთხრა: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისაო“. დიდ-მარხვის დროს ნადიმზე ლუარსაბმა შაჰის შემოთავაზებული თევზი არ ჭამა და უთხრა - დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო - რითაც გაამჟღავნა შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა კეთილმსახურ მეფეს. „აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყვითა ლიქნისაითა ზაკვით ჰგონებდა ცთუნებად,... არამედ ვერ მძლე ექმნა“. ღმრთისმოყვარე მეფე იხსენებდა წმინდა მოწამეთა მხნეობასა და ღუაწლს, მათ მიერ მოპოვებულ დაუჭკნობელ გვირგვინსა და მოსაგებელს, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა“ და მტკიცედ იტყოდა: „უკეთუ მოვკვდე ქრისტესთვის, მრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ და, უკეთუ მან სახიერმან სიკუდილითა თვისითა გვიხსნა ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა, ჩუენცა თანა გუაც; რაითამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთვის და არა ვრიდოთ თავთა ჩუენთა მისთვის“ და ევედრებოდა უფალს „გულითა მხურვალითა და ცრემლთა ნაკადულითა და ზედასაზედა მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა“. და ვინაიდან კარგად იცოდა შაჰ-აბასის შეუბრალებლობის ამბავი, მასთან მყოფ ქართველებს შემოუწოდა და თავისი ანდერძი გააცნო, ხოლო ეპისკოპოსსა, მღვდლებსა და დიაკვნებს „უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ხორცსა და სისხლსა ცხოველსმყოფელსა“, და ზეცისკენ ხელაღპყრობილმა ცრემლით ილოცა, ხოლო როდესაც შიშითა და კრძალულებით ეზიარა, მადლობა შესწირა უფალს და თქვა: „შენ უწყი, უფალო ჩემო იესო ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყუარებითა დაუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ვერცავინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა და ვერცა გამოყუანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიყოფოდი,... და უკეთუმცა ხოლო მე განვერე ხელთაგან მათთა, მაშინღა განრყვნილ იყო ხელთაგან მათთა და მოოხრებულ ყოველი ქუეყანა... და ბრძანებისა შენისა მსმენელმან ვჰყავ წინააღრჩევით საქმე ესე, რომელმან ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ - მწყემსმან კეთილმან დადვას სული თვისი ცხოვართა თვისთათვისო - და არა ვიქმენ სასყიდელით დადგინებულ, რაითამცა დაუტევე ცხოვარი ჩემი და ვივლტოდი... არამედ დავდევ თავი ჩემი ქვეყანისათვის და განერა ერი ჩემი მოოხრებისაგან... ამისთვისცა გევედრები, მეუფეო, რაითა სული, გული და გონებაი ჩემი შენდა მომართ აღამაღლო“, ვინაიდან არ მებრალება არც ჩემი მეფობა, ტახტი და სიმდიდრე, არც მშვენიერება და სიჭაბუკე, არც ბრძოლაში მხნეობა და მკლავის სიმაგრე, არც ასპარეზობასა და ცხენთა ჭენებაში პირველობა და ნადირობაში სიმარჯვე, ქვეყნიური შვება და ლხინი, მრავალფერი სანოვაგე და სიმღერა-გართობანი, „ქუესკნელად შთამხდელნი და ამაონი“ - ეს ყველაფერი დავთმე შენი სიყვარულისათვის, „რამეთუ შენდა შუენის დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. დაასრულა თუ არა სიტყვა, ღმრთისმოყვარე მეფე შაჰის ბრძანებით შირაზს, გულაბყალის ციხეში გააგზავეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან მოლები. „ჰოი მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოებაი შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე მწარე ტანჯვა და სიკვდილი მიგელის“ - უქადაგებდნენ ისინი ლუარსაბს. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებაი ყაენისა“ - პასუხობდა ლუარსაბი. შაჰმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: „ანუ უარჰყავ ქრისტეი, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძვინვარეი“. ლუარსბმა კი „ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა“, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა შაჰის მოციქულები.
შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ლუარსაბი თავის სარწმუნოებას არ უღალატებდა და შირაზის ხანს მეფის წამებით მოკვლა უბრძანა. როდესაც ხანს შაჰის დანაბარები აუწყეს, ძალიან შეწუხდა, „რამეთუ ეწყალოდა სიჭაბუკე და ახოვნებაი მისი“, მაგრამ სხვა გზა არა ჰქონდა. ხოლო როცა მეფეს ლუარსაბს შეატყობინეს შაჰის ნაბრძანები, იგი მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: „მაცალეთ, რაითა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძანებული მის უსჯულოისა“. შემდეგ კი ღმრთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაი ცხორებისა ჩემისაი, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი. შენ მომეც მე შეწევნაი ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რაითა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“. ლოცვის დასრულებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს (დაახრჩვეს) ღმრთისმოსავი მეფე. ღამით წმინდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა და მრავალი მნახველი განაცვიფრა. მეორე დღეს წმინდა დიდებული მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. „თუმც ესე სვეტი მრავალ ჟამ იხილვებოდა დღე და ღამე, და რომელნიცა ხედვიდეს, იტყოდეს: დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომლისათვის ესე მოიკლა“. ეს მოხდა 1622 წელს.
წმინდა მოწამე მეფე არჩილსა და მეფე ლუარსაბს ათასი წელი აშორებთ ერთმანეთისგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ ღუაწლისა და წამების მსგავსების გამო მათი ხსენება ერთ დღეს, 21 ივნისს (ახ. 4 ივლისი) განაწესა. კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე (+ 1921) ამ ორ დიდმოწამე მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს „ჩუენი მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს“ და წუხს, რომ „ლუარსაბის წმინდა ძვლები დღესაც ისევ სპარსეთში არიან და არჩილის საფლავი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს, თორემ სხვას არავისო“. არსებობს ისტორიკოს მოსე ჯანაშვილის მიერ მოწოდებული ამგვარი ინფორმაციაც, რომ „მეფე ლუარსაბი ეწამა 1622 წლის 20 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა არაბთა მიერ მოკლულ იქმნა პირველი მოწამე მეფეთა შორის, ქართლის მეფე (ერისმთავარი) არჩილ I. ანტონ I-ს შეუცვლია წმინდა ლუარსბის მოსახსენებელი დღე 20 მარტი (ძვ. სტ) და წმინდა არჩილის ხსენების დღეს 21 ივნისს (ახ. 4 ივლისს) დაუდგენია. და მას შემდეგ ვზეიმობთ მათ ხსენებას ერთ დღეს.
ქართლის ოთხმოცდამეერთე მეფის - წმინდა ლუარსაბის ცხოვრება და მოწამეობა ვრცლად აღწერეს კათალიკოსმა ბესარიონმა (1705-1724) და კათალიკოსმა ანტონ I-მა (1714-1788). წმინდა ლუარსაბის ცხოვრების მოკლე აღწერა გობრონ (მიქაელ) საბინინმაც შეიტანა თავის „საქართველოს სამოთხეში“. ქართველ წმინდათა ცხოვრების მოძიებით დამაშვრალი დიდი მოღვაწე გულისტკივილით აღნიშნავდა - „ფრიად სანუგეშოთ იქმნებოდა საქართველოს ეკკლესიისათვის, რათა ნაწილნი წმიდისა მოწამისა მეფისა ლუარსაბისა საქართველოს ყოფილიყვნენ გადმოსვენებულნი“.
ქართველთა სავალალოდ წმინდა ლუარსაბის ძვლები დღესაც სპარსეთში განისვენებენ. როგორც მოსე ჯანაშვილი გვამცნობს თავის „საქართველოს საეკლესიო ისტორიაში“, „წმინდა გვამი მეფისა ჰმარხია შირაზს და საფლავისა მისისაგან ეხლაც სნეულნი მიიღებენ კურნებასა“.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა გვიხსნეს ჩუენ ყოველთა განსაცდელთაგან.
გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა