წმიდა ზოსიმე II კუმურდოელო ეპისკოპოსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის შუა წლებში. მისი საერო სახელი იყო ზებედე. ის აღზარდა ქართლის მეფე გიორგი VIII-ის (1446-1466) ასულმა ქეთეონმა.
1515 წელს ზებედე ბერად აღკვეცილა. ამავე წელს ვარაუდობენ მის ეპისკოპოსად ხელდასხმასაც. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს კუმურდოს ტაძრის მინაშენზე არსებული წარწერა: „ზოსიმე კუმურდოელსა შეუნდოს ღმერთმან ამინ“.
ეპარქიაში სამღვდელმთავრო, საგანმანათლებლო, და აღმშენებლობითი მოღვაწერობის გარდა აღსანიშნავია წმიდა ზოსიმეს უდიდესი ღვაწლი იერუსალიმის წმიდა მიწაზე. როგორც ცნობილია, XV-XVI სს-ის მიჯნაზე განსაკუთრებულად იყო გამწვავებული ბრძოლა გოლგოთის გარშემო, ისტორია მოგვითხრობს თუ რა დიდი ჯაფა გადახდათ ქართველებს იერუსალიმის წმიდა მიწაზე მოპოვებული უფლებების დასაცავად. სწორედ ამ დროს ჩასულა იერუსალიმში წმიდა ზოსიმე და თავისი წვლილი შეუტანია კათოლიკებისგან გოლგოთის გამოხსნის საქმეში, რის გამოც მის სახელზე ორი სამუდამო კანდელი დაუკიდიათ გოლგოთისა და ჯვრის ტაძარში.
აღნიშვნის ღირსია, რომ XV ს-დან კუმურდოელ მღვდელმთავართა სახელები მოიხსენიება ერთგულების წიგნში. კუმურდოს საეპისკოპოსო საყდარი ყოველთვის იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთიანობის იდეის დამცველი და ქვეყანაში სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების ქვაკუთხედი.
წმიდა ზოსიმე კუმურდოელის კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს კუმურდოს უძველესი საეპისკოპოსო კათედრის აღდგენასთან ერთად.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.