ღირსი თეოდოსი იღუმენი (+1074) რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი, დაიბადა კიევთან ახლოს, ვასილიევოში. ის სიყრმითგანვე ასკეტურად ცხოვრობდა მშობლიურ სახლში. 14 წლისას მამა გარდაეცვალა და დარჩა მკაცრი და ძალაუფლებისმოყვარე დედის ზედამხედველობის ქვეშ. მოსაგრეობისკენ მიწრაფებისთვის მან არაერთხელ დასაჯა შვილი, მაგრამ ღირსი თეოდოსი მტკიცედ ადგა არჩეულ გზას. 24 წლისამ მალულად დატოვა სახლი და ღირსი ანტონის კურთხევით ბერად აღიკვეცა კიევის მღვიმეთა მონასტერში. 4 წლის შემდეგ დედამ მიაგნო შვილს და ცრემლებით შეევედრა, სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ წმიდა თეოდოსიმ თვითონ დაარწმუნა დედა, დარჩენილიყო კიევში და მონაზვნად შემდგარიყო წმიდა ნიკოლოზის სავანეში.
წმიდა თეოდოსი სავანეში სხვებზე მეტს საქმიანობდა და ძმათა საქმეებსაც თვითონ ასრულებდა. ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში და ღვთისმსახურების დამთავრებამდე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. 1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენის ხარისხში მყოფი ღირსი თეოდოსი ყველაზე მძიმე მორჩილებაში იყო. ის ჩვეულებრივ, მხოლოდ პურს და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმიდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და აღესრულა 1074 წელს. ის დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს აღმოიყვანეს წმიდანის უხრწნელი ნაწილები. 1108 წელს მოხდა მისი კანონიზაცია.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.