წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290) წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისთვის. წმიდა პელაგიამ დედას სთხოვა, გაეშვა თავის გამზრდელთან, გულში კი ფიქრობდა, მოეძებნა ქრისტიანთა დევნის გამო მთებს შეხიზნული ტარსის ეპისკოპოსი კლინონი და ნათელ-ეღო. წმიდა პელაგიას ძილში გამოეცხადა ეპისკოპოსი და ქალწულმა ზედმიწევნით დაიმახსოვრა მისი სახე. ერთხელ წმიდა ქალწული დედის ბრძანებით ძიძასთან წავიდა მდიდრული ეტლით და მრავალრიცხოვანი ამალით. ღვთის ნებით მის შესახვედრად გამოვიდა ეპისკოპოსი კლინონი. პელაგიამ უმალ იცნო იგი, ფეხებში ჩაუვარდა და მონათვლა სთხოვა. ეპისკოპოსის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. კლინონმა მონათლა წმიდა პელაგია. საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებმა ნათელი შესამოსელით დაფარეს ღვთის რჩეული. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ეპისკოპოსმა წმიდა პელაგიასთან ერთად ილოცა და განუტევა იგი. გზად მომლოდინე მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მაცხოვარზე იქადაგა და ბევრი მათგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ქალწულს სურდა, სახარების მადლით გაეთბო თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილობილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინდეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, თავისი ქალიშვილი შეკრა და დიოკლეტიანეს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებით ეცადა წარმართობისაკენ მის მოქცევას. წმიდა ქალწულმა უარყო იმპერატორის წინადადება და უპასუხა: მე არ შევასრულებ შენს ბრძანებას, რამეთუ მყავს ზეციური სასიძო - ქრისტე, არ მსურს ამაო გვირგვინოსნობა, რადგან უფალმა სასუფეველში სამი გვირგვინი მომიმზადა: რწმენისათვის, ქალწულობისათვის და მოწამეობისათვის. დიოკლეტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა, შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებლად იქნა დაცული. წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. მას უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მოსვლამდე. მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დამარხა. იმპერატორ კონსტანტინეს დროს (306-337), როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.