წმიდა მოწამენი ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახოსი და დიონისე (+362) ცხოვრობდნენ მე-4 საუკუნეში და იმპერატორ იულიანე განდგომილის არმიაში მსახურობდნენ. წმიდა ბარბარი ფარული ქრისტიანი იყო. ფრანკებთან ომის დროს მან გაიმარჯვა მტრის გოლიათ მეომართან ორთაბრძოლაში და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფრანკებზე გამარჯვების შემდეგ მხედართმთავარმა ბაქომ გადაწყვიტა მსხვერპლი შეეწირა წარმართული ღმერთებისათვის და პირველი მსხვერპლშეწირვის პატივი დაუთმო ბარბარს, როგორც გამარჯვებულს. წმიდა ბარბარმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი ქრისტიანობა და უარი თქვა მსხვერპლშეწირვაზე. ამისთვის იულიანე განდგომილის ბრძანებით სასტიკად აწამეს. წმიდანი ხეზე დაკიდეს და ისე დაუსერეს სხეული, რომ შიგნეული გადმოუცვივდა. წმიდა მოწამემ ღვთისგან შემწეობა ითხოვა. მაშინ გამოჩნდა უფლის ანგელოზი და წმიდანის წყლულები განკურნა. ამ სასწაულის მხილველმა ბაქომ და ორმა მხედარმა - კალემახოსმა და დიონისემ წარმართული ღმერთები უარყვეს და ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. წმიდა ბარბარი ურმის თვალზე აწამეს და ცეცხლი შეუნთეს, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა მოწამე, ალი ჯალათებს მოედო და დაწვა. ამის შემდეგ წმიდანს კიდევ 7 დღე აწამებდნენ, მაგრამ ღვთაებრივი ძალის შემწეობით უვნებელი რჩებოდა. ამ სასწაულების მხილველი ბევრი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. წმიდა ბარბარმა თავისი საოცარი მოღვაწეობა დაასრულა 362 წელს. ის მახვილით განგმირეს. წმიდანის სხეული მიწას მიაბარა პელოპონესის ეპისკოპოსმა ფილიკიმ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.