წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე. ბარბარს მოაგონდა ყველა ბოროტება, მის მიერ ქმნილი და სინანულში ჩავარდა. „უფალს სათნო ეყო მის გვერდით ჯვრაცმული ავაზაკის ლოცვა, მეც დამიცავს თავისი გამოუთქმელი მოწყალების გამო“. მან მთელი საგანძური გამოქვაბულში დატოვა და უახლოეს ეკლესიაში წავიდა, მღვდელს მოუთხრო ყველაფერი და შეევედრა, მიეღო მისგან აღსარება. მღვდელმა ბარბარს თავის სახლში მისცა ბინა. მღვდლის სახლში ავაზაკყოფილი საღორეში დასახლდა, საქონლის საჭმელს ჭამდა და ცხოველზე უარესად მიაჩნდა თავი. მღვდლისგან ცოდვათა შენდობის შემდეგ წმიდა ბარბარი ტყეში წავიდა და 12 წელი გაატარა გამუდმებულ ლოცვასა და ტირილში. ბოლოს, წმიდანმა ზეციდან ნიშანი მიიღო, რომ მისი ცოდვები აღხოცილ იქნა უფლისაგან. ერთხელ იმ ადგილებში ვაჭრებმა გაიარეს. მათ შენიშნეს, ხშირ ბალახში რაღაც შეიძრა, იფიქრეს, რომ ნადირი იყო და ისარი ესროლეს. ახლოს რომ მივიდნენ, შეძრწუნდნენ. წინ მომაკვდავი ადამიანი იწვა. წმიდანი ვაჭრებს შეევედრა, არ ედარდათ, მხოლოდ მღვდლისთვის შეეტყობინებინათ ეს ამბავი. მღვდელმა, რომელმაც მიიღო წმიდა ბარბარის აღსარება, და მისცა მას წმიდა ზიარება, ამჯერად ვერ მიუსწრო სულთმობრძავს. ის კრძალვით მიეახლა წმიდანის ღვთაებრივი შუქით განათებულ ცხედარს. დაასაფლავა იქვე, სადაც გარდაიცვალა. შემდგომ წმიდა მოწამის კუბოდან წმიდა მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა. წმიდა ბარბარის ნაწილები განისვენებენ კელიის მონასტერში თესალიაში, ქალაქ ლარსის მახლობლად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.