ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.
ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.
საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.
ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.
ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.
ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“.
მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.
ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.
მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.
X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.
წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი მეფე ფარსმან VI-ის და ევლავიოს კათოლიკოსის თხოვნით ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებას და მძლევრობით მრავალს გარდადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ ცეცლხთაყვანისმცემელთა მზაკვრობის სამხილებლად წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით წმიდანის გვამი ღია ცის ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი და არც ფრინველი.
ღამით რეხში მცხოვრების ქრისტიანები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ცხედარი სამთვისის მონასტერში. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზმა წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა.
წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.
წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი“. ჩვილმა დედის მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.
მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მიდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე იქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი“.
ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხს. ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს), რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.
ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს.
წმიდა ისე წილკნელი მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.
წმიდა იოსებ ალავერდელი განუშორებლად ატარებდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან გაკეთებულ ჯვარს. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.
დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა იოსებმა მოწაფეებს წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.
წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.
წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის სამთავისის მონასტერი, ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.
წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.
წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.
წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტერშია დაკარძალული.
წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.
წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.