წმიდა მოწამე ქრისტეფორე (+250) აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. წმიდა ქრისტეფორე მაღალი, არაჩვეულებრივი ძალის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმიდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმიდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი აყვავდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებელმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმიდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის ბაბილას მიერ.
იმპერატორმა გადაწყვიტა, ცბიერებით მოედრიკა წმიდანი. მან ორი მეძავი - კალინიკია და აკილინა მიუჩინა წმიდა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმიდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოდრიკა ქრისტეს სჯულზე. დეკიუსმა წამებით მოაკვდინა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმიდა ქრისტეფორე, მაგრამ მოწამე ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს. თავისი სასწაულებით წმიდა ქრისტეფორემ 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმიდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენდენის სააბატოში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.