წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740) დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბძროლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელსაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-741) ხელმძღვანელობდა. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინეპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში.
მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787) წმიდა პატრიარქ გერმანეს სახელი წმიდათა დიპტიხში შეიტანა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.