წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V) წმიდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო, დაყვებოდა მას მოგზაურობებში და იწერდა მასწავლებლის ცხოვრებას და სასწაულებს.
წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინეპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა: „წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნებ შენზე“. წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის დასაფლავებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულეთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა წარმოავლინა ზეცით და მოსავალი გაამრავლა. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულეობაში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.