ათონზე ლათინთაგან მოწყვეტილი წმიდა მამების ხსენების აღნიშვნა წმიდა ათონის მთიდან დაიწყო და შემდგომ თანდათან დამკვიდრდა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში.
როგორც ცნობილია, ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე X საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყეს დასახლება და სულ მალე იქ ჩამოყალიბდა ივერონად წოდებული ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი.
ათონის წმიდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა. პაპისტმა მხედრებმა 1259-1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისათვის მხეცურად ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები... მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა.
ამ დროს ათონის ივერთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერმონაზონთა ახალი თაობა.
მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. მამებმა მხნედ ამხილეს მათი ცთომილება და მომხდურები ერესის ქადაგებისათვის ანათემას გადასცეს.
როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან, მათგან უხუცესნი - ორასამდე ბერი - მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.
ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცნობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მიხედვით კი, სავარაუდოდ, 1276-1280 წლებში.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.