წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის იმპერატორ ანტონინეს (138-161) დროს. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბიანემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. წმიდა გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული სამსხვერპლოში გამოცხადდა. წმიდანი მზით განათებულ ადგილზე დადგა, თავსაბურავი მოიხსნა და ყველას დაანახა შუბლზე გამოსახული წმიდა ჯვარი. ქრისტეს ტარიგი მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართთა გონზე მოყვანას და ზევსის ქვის კერპის დამსხვრევას. მოულოდნელად გრუხუნი გაისმა. ზევსის ქანდაკება მიწაზე დაემხო და დაიმსხვრა. გამძვინვარებულმა საბიანემ და ქურუმებმა ხალხს უბრძანეს, ქვებით ჩაექოლათ გლიკერია, მაგრამ ქვები ვერ აღწევდა წმიდანამდე - უფალი იცავდა თავის რჩეულს. ქრისტეს აღმსარებელი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქრისტიანმა მღვდელმა ფილოსტრატემ მოინახულა და გაამხნევა იგი. დილით ქალწული საწამებლად გამოიყვანეს. როცა წამება დაიწყო, ჯალათთა შორის უეცრად ანგელოზი გამოჩნდა. ყველანი შიშით ზარდაცემულნი, მიწაზე განერთხნენ. როცა ჩვენება გაქრა, საბიანეს ბრძანებით წმიდანი საპყრობილეში ჩააბრუნეს, კარები მტკიცედ დაუგმანეს და მმართველის პირადი ბეჭდით დაბეჭდეს. პყრობილობის მანძილზე წმიდა ქალწულთან უფლის ანგელოზს მოჰქონდა პური და წყალი. მრავალი დღის შემდეგ საბიანემ თვითონ გახსნა ბეჭედი, შევიდა საკანში და გაოგნდა, როცა ცოცხალი და საღსალამათი წმიდანი იხილა. საბიანე ირაკლიაში წავიდა და წმიდა გლიკერიაც თან წაიყვანა. წმიდანს წინ შემოეგება ირაკლიის ეპისკოპოსი დომენტი კრებულთან ერთად და ილოცეს მისი განმტკიცებისათვის. ირაკლიაში წმიდა გლიკერია გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ღუმელიც გაცივდა. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა მმართველმა ბრძანა, ქალწულისთვის ტყავი გაეძროთ. სასწაულებრივად შუაღამეს უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეცით და წყლულები გაუმთელა მოწამეს. დილით დილეგის მცველმა ვერ იცნო წმიდა გლიკერია, ეგონა, რომ ტუსაღი გაექცა და დასჯის შიშით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ წმიდანმა შეაჩერა. სასწაულით შეძრულმა ლაოდიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და წმიდანს შეევედრა, ელოცა მისთვის, რომ თვითონაც მასთან ერთად აღსრულებულიყო უფლის სადიდებლად. „შეუდექ ქრისტეს და ცხონდები“, - უპასუხა წმიდა ქალწულმა. ლაოდიკემ წმიდა გლიკერიას ბორკილები თვითონ დაიდო, სამსჯავროზე მმართველს და დამსწრეებს მოუთხრო ანგელოზის მიერ წმიდა ქალწულის განკურნებაზე და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ღვთის რჩეულს სასწრაფოდ მოკვეთეს თავი. ქრისტიანებმა მალულად წაასვენეს მისი ცხედარი და პატივით დაკრძალეს.
წმიდა გლიკერია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომმა მორჩილებით აულოკა მას ფეხები. წმიდანი შეევედრა უფალს, მიეღო მისი სული. ზეციდან კი გაისმა ხმა, მაუწყებელი იმისა, რომ სასუფევლის კარები განხმული იყო ქრისტეს სასძლოსთვის. ამ დროს გალიიდან მეორე ლომიც გამოუშვეს. მან მოაკვდინა წმიდანი, მაგრამ არ დაუგლეჯია. ეპისკოპოსმა დომენტიმ და ირაკლიელმა ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მოწამე გლიკერია. მალე მისი წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.