წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, რომ ყველა მეომარს მსხვერპლშეწირვის წესი აღესრულებინა, ასისთავმა წმიდა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. ვერც მუქარამ გაჭრა, ვერც მოფერებამ და ვერც დაპირებებმა. წმიდანმა განაცხადა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესუ ქრისტეს ნებას ემორჩილება და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა მოაგლიჯეს, მაგრამ ღვთის ნებით წმიდა ისიდორე ბრძანების აღსრულების შემდეგაც განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე წააწერა განაჩენი - თავის მოკვეთა. წმიდა ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამეობრივად აღესრულა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.