წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია (+303) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს. წმიდა მოწამე ვიტე იყო ცნობილი სიცილიელი დიდებულის, წარმართი გილასის ვაჟი. უფალმა ვიტეს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ის სნეულებს კურნავდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამ დროს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ. წმიდა ვიტე სამსჯავროზე გამოიძახეს. აღმსარებლობისათვის წმიდანი უმოწყალოდ ცემეს. ვალერიანეს მოულოდნელად ხელი გაუშეშდა. წმიდანის ლოცვით მმართველმა კურნება მიიღო, სასამართლო შეწყვიტა, შვილი გილასს გააყოლა სახლში და უბრძანა, ქრისტიანობისაგან განეყენებინა იგი.
ხორციელი ცოდვით რომ დაცემულიყო, გილასმა შვილი ფუფუნებით აავსო და ლამაზი გოგონები მოუყვანა. წმიდანთან საუკეთესო საჭმელები მოჰქონდათ, ნადიმებს აწყობდნენ. მაგრამ ვერანაირმა ხერხმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. წმიდა ვიტე მოუკლებლად ლოცულობდა და შეწევნას შესთხოვდა უფალს. წმიდანს ანგელოზები ეცხადებოდნენ და მასთან ერთად ლოცულობდნენ. ერთხელ შვილთან შესულმა გილასმა ანგელოზები იხილა და დაბრმავდა. გილასმა აღთქმა დადო, რომ უარყოფდა კერპებს და წმიდა ვიტეს ლოცვით თვალები აეხილა, მაგრამ განკურნების შემდეგ სიძულვილით აღივსო შვილის მიმართ და მისი მოკვლა გადაწყვიტა. წმიდანის გადასარჩენად ფარულმა ქრისტიანებმა, მისმა აღმზრდელმა წმიდა მოდესტომ და ძიძამ, წმიდა კრისკენტიამ წმიდა ვიტე მალულად გაიყვანეს მშობლების სახლიდან, უფლის ანგელოზისაგან დაცულნი განმარტოვდნენ იტალიის ერთ-ერთ მხარეში, ლუკანიაში და დიდხანს ფარულად ცხოვრობდნენ. წმიდა ვიტე კვლავ კურნავდა სნეულებს, წარმართებს აქრისტიანებდა. მისი სასწაულების ამბავი მთელ ქვეყანაში გახმაურდა.
წმიდა ვიტე და მოდესტო იმპერატორის წინაშე დაასმინეს. წმიდა ვიტემ ამხილა კერპთაყვანისმცემლობის სიცოფე და განკურნა ბოროტი სულისაგან შეპყრობილი იმპერატორის ვაჟი. დიოკლეტიანე წმიდა ვიტეს სარწმუნოების უარყოფის ფასად სთავაზობდა პატივს, დიდებას, სიმდიდრეს, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. მაშინ წმიდა მოდესტოსთან ერთად იგი დილეგში ჩააგდეს. მხურვალე ლოცვის შემდეგ წმიდანები საკვრელთაგან გათავისუფლდნენ. დიოკლეტიანემ ეს სასწაული ჯადოქრობად ჩათვალა და ბრძანა, გახურებული კალით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ ვიტე. უფალმა თავისი რჩეული უვნებლად დაიცვა. შემდეგ წმიდა ვიტე ლომს მიუგდეს. მან პირჯვარი გადასახა და მხეცი მორჩილად დაწვა მის ფეხებთან. წმიდა მოწამეები ბოძზე ჩამოკიდეს და რკინის კაუჭებით დასერეს. ამ საშინელების მხილველი წმიდა კრისკენტია გამოეყო ხალხს, ქრისტიანად გამოაცხადა თავი და იმპერატორი უღმრთოებასა და სისასტიკეში ამხილა. ამისათვის ისიც სასტიკად გვემეს. წმიდა ვიტემ ღმერთს შეჰღაღადა: „ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ძალითა შენითა და დაგვიფარე ჩვენ“. მოულოდნელად მიწა იძრა და ბევრი წარმართი დაიღუპა შენობების ნანგრევებში. ანგელოზმა მოწამეები ბოძიდან გარდამოხსნა და ლუკანიაში გადაიყვანა. წმიდა ვიტე უფალს შეევედრა, მშვიდობით მიეღო მათი სულები. უფალმაც ისმინა მათი ვედრება. წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია აღესრულნენ დაახლოებით 303 წელს. მათი წმიდა ნაწილები გადაასვენეს პრაღაში. წმიდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა (ხს. 28 სექტემბერს) ააშენა წმიდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს წმიდა მოწამეთა ნაწილები.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.