წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (+303) ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ანკვირიაში დანიშნეს სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი. თეოტეკნმა ქრისტიანები გააფრთხილა, რომ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წამება და სიკვდილი არ აცდებოდათ. მრავალმა ქრისტიანმა დატოვა სახლი და ქალაქიდან გაიქცა. დარჩენილებს წარმართები გვემდნენ და ძარცვავდნენ.
ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ მძიმე დღეებში წმიდა თეოდოტე თავის ოჯახში და კვებავდა ქრისტეს აღმსარებლებს, გაძარცულ ეკლესიებს სწირავდა საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმიდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს და განამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ, მეომრებისაგან გამოსასყიდით გამოხსნილ ქრისტიანების გვამებს კი პატივით მარხავდა. როცა ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, საღვთო ლიტურღია წმიდა თეოდოტეს სახლში სრულდებოდა.
იმ დროს ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსი, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმიდანებმა ტეკუსიმ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ და ევფრასიამ სიყრმითგან უფალს უძღვნეს თავი. თეოტეკნის სამსჯავროზე წარდგენილმა მოწამეებმა თამამად აღიარეს ქრისტე. წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ტბაში ჩაახრჩვეს. მეორე ღამეს წმიდა ტეკუსი ძილში გამოეცხადა წმიდა თეოდორეს და შეევედრა, ტბიდან ამოეღო მათი ცხედრები და ქრისტიანულად დაემარხა. წმიდანმა წაიყვანა მეგობარი პოლიხრონიოსი, სხვა ქრისტიანები და უკუნ ღამეში ტბისკენ გაემართნენ. ამ დროს ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს გამოეცხადა წმიდა მოწამე სისანდრე. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ქრისტიანებმა მოწამეთა გვამები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა გაიგო წმიდანთა ცხედრების ამბავი, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად პოლიხრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმიდანი სასამართლოზე წარადგინეს მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაპირდნენ ქრისტეს უარყოფისათვის. წმიდა თეოდოტემ ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებულმა წარმართებმა გააგრძელეს წმიდანის ტანჯვა, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და ცოცხლად გადარჩა. წმიდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერას გახდებოდა და თავის მოკვეთა ბრძანა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმიდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონმა, წმიდა ცხედარი ვირს აჰკიდა და წმიდა თეოდოტეს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას დაკრძალა იგი. მოგვიანებით წმიდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმიდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წელს.
წმიდანის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული, აგრეთვე წმიდა ქალწულთა ვნებანი აღწერა წმიდა თეოდოტეს თანამედროვემ და თანამოსაგრემ ნილოსმა, რომელიც ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა ანკვირაში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.