წმიდა კეთილმსახური დიმიტრი დონელი (+1389) 1350 წელს დაიბადა. ადრე დაობლებულ ყრმაზე ზრუნვა წმიდა მიტროპოლიტმა ალექსიმ იტვირთა და ღვთისმოშიშებით აღზარდა ტახტის მემკვიდრე. დიმიტრიმ 1362 წელს მიიღო დიდი მთავრის წოდება და, ამ დროიდან მოყოლებული, დაუცხრომლად იღვწოდა რუსული მიწების გაერთიანებისა და თათართა მძლავრობისაგან ქვეყნის განთავისუფლებისათვის. წმიდანი არც ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო გადაწყვეტილებას არ იღებდა ეკლესიის კურთხევის გარეშე. იგი, მემატიანეთა ცნობით ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. სიწმიდით ატარებდა მარხვის დღეებს, ყოველ კვირა დღეს წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.
ნეტარმა დიმიტრიმ მრავალი ომი გადაიხადა შინაურ და გარეშე მტრებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს, სადაც რუსეთის ლაშქარი დაუპირისპირდა თათართა ურდოს მამაის წინამძღოლობით.
ბრძოლის წინ წმიდა მთავარი ღირსმა სერგი რადონეჟელმა (ხს. 5 ივლისს და 25 სექტემბერს) აკურთხა და თან გააყოლა ორი ბერი - ალექსანდრე პერესვეტი და სერგეი ოსლიაბია.
ქრისტეს ახოვანმა მხედარმა ასე მიმართა საომრად გამზადებულ სპას: „მამანო და ძმანო ჩემნო! უფლის სახელისათვის, წმიდა ტაძრებისთვის და ქრისტეს სარწმუნოებისათვის იბრძოლეთ. ნუ იფიქრებთ ნურაფერ ამქვეყნიურზე. და მაშინ ძლევის გვირგვინით შეგვამკობთ ქრისტე ღმერთი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა“. მან მხურვალედ ილოცა ალამზე გამოსახული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინაშე. გაიხადა სამეფო აბჯარი და რიგითი მეომარივით შეიჭრა ბრძოლაში.
სასტიკი ომი გაჩაღდა. ზეცაში ცხადად იხილვებოდა ანგელოზთა მხედრობა მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით, ჩანდა მოწამეთა დასიც და მათ შორის - წმიდა მხედრები: გიორგი ძლევაშემოსილი, დიმიტრი თესალონიკელი, ბორისი და გლები. ისინი ცეცხლოვან ისრებს აყრიდნენ მტრებს, შემდეგ ნათლის ღრუბელი დაადგა რუსების ლაშქარს, საიდანაც მართლმადიდებელ მეომართა თავზე ბრწყინვალე გვირგვინები გადმოეშვა.
თათრებმა სამარცხვინო დამარცხება იგემეს, რითაც საფუძველი შეერყა მათ ბატონობას რუსეთში. ბრძოლის შემდეგ დიმიტრი დონელი ჭრილობებით დასერილი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მაგრამ ცნობამ გამარჯვების შესახებ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა სულთმობრძავს.
ღირსი სერგი რადონეჟელი სულით ჭვრეტდა კულიკოვის ბრძოლის მიმდინარეობას და ყოველი დაღუპული მეომრის სახელი განეცხადებოდა ღვთისაგან. დაწესდა განსაკუთრებული დღეც მათ მოსახსენებლად - დიმიტრის შაბათი, რომელიც შემდეგ, საერთოდ, მიცვალებულ წინაპართა მოსახსენიებელ დღედ იქცა.
ხალხმა მას დონის პირას მოპოვებული დიდი გამარჯვებისათვის „დონელი“ უწოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.