წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) - ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეის მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი - ბერუტი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.
განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს - ალექსანდრეს და ასტერს - უბრძანა, კიდურები გაეხვრიტათ მოწამისთვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ღვთის განგებით ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის წარკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ზღვაში ჩააგდეს.
სასჯელის აღსრულების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, მთავრისა და მსახურების წინაშე კვლავ წამოიმართა ბრწყინვალე სამოსელში შემოსილი წმიდა თალალე. ერთ-ერთმა დიდებულმა, მოგვმა ურვიკიანემ მთავარს ურჩია, მხეცებისთვის მიეგდო წმიდანი, მაგრამ არც მძვინვარე დათვმა, არც მშიერმა ლომმა პირი არ დააკარა მას. ნანახით გაოგნებული ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა, უფალო თალალესო, შეგვიწყალენ ჩვენ!“ ბრბომ შეიპყრო ურვიკიანე და მხეცებს მიუგდო, წმიდა თალალე კი მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს. მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლის აღათონიკეს ტაძარშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს.
წმიდა თალალე ეკლესიის მიერ შერაცხილია უვერცხლო მკურნალად. მას მიმართავენ ლოცვით ზეთის კურთხევისა და აიაზმის (წყლის კურთხევის) დროს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.