წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327). კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი კონსტანტინე დიდი ეწოდა. იმ დროს რომის იმპერია ორ - დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა - წმიდა ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე სხვა ხელისუფალნი: დიოკლეტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევრებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.
წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.
ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.
ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.
ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.