წმიდა მოწამე ვასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს. 17 თებერვალს) ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს (ხს. 3 მარტს), მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს. საპყრობილეში მყოფ წმიდა ვასილისკოს უფალმა დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ მოწამეობრივად აღესრულებოდა კომანში წმიდანმა დილეგის დარაჯებს სთხოვა, მშობლიურ სოფელში გაეშვათ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად. დარაჯებმა, რომლებიც პატივს სცემდნენ წმიდანს მის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის, შეუსრულეს მას თხოვნა.
როცა აგრიპამ ეს ამბავი გაიგო, განრისხდა და მკაცრად დასაჯა დარაჯები. წმიდანის მოსაყვანად მან ჯარისკაცების რაზმი გაგზავნა მაგისტროსის მეთაურობით. საპყრობილეში დაბრუნებულ ვასილისკოს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კომანში გაგზავნეს.
პაპანაქებისაგან შეწუხებული მგზავრები ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად, მშიერ-მწყურვალი წმიდა მოწამე კი მცხუნვარე მზის ქვეშ ხეზე მიაბეს. მძიმე ბორკილებით შეჭურვილი წმიდანი მხურვალედ ევედრებოდა უფალს. მოულოდნელად ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ“. მიწა იძრა, კლდე გაიპო და წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრით შეშინებული მაგისტროსი, ჯარისკაცები და ოჯახის დიასახლისი ტროიანა გარეთ გამოცვივდნენ და მომხდარი სასწაულით განცვიფრებულებმა წმიდა მოწამე გაათავისუფლეს. წმიდანთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ.
ბოლოს მოწამე მმართველ აგრიპას მიჰგვარეს. მან კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა წმიდა ვასილისკოს. მოწამემ უპასუხა: „მე ყოველ ჟამს ვწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს“. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ზეციდან ცეცხლი გარდამოხდა, სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი მტვრად აქცია. აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. წმიდა ვასილისკო აღესრულა 308 წელს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. მალე აქ გაშენდა წმიდა ვასილისკოს სახელობის ტაძარი. კომანში გადმოსახლებულ წმიდა იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს) სიკვდილის წინ გამოეცხადა წმიდა ვასილისკო და აუწყა: „ხვალ ჩემთან იქნები“. წმიდა მოწამე ვასილისკოს მოღვაწეობა ხალხს მისი წამების თვითმხილველმა, წმიდა ევსეღნიმ (ხს. 5 აგვისტოს) აცნობა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.