ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.
წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“...
ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა - ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ...“
შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.
საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.