წმიდა აღმსარებელი იოანე რუსი XVII საუკუნეში დაიბადა მალოროსიაში და კეთილმსახურებით აღიზარდა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წმიდანი რიგით მეომრად მსახურობდა პეტრე პირველის არმიაში; რუსეთ-თურქეთის ომის დროს თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს და თურქების ცხენოსანთა ჯარის მეთაურს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელმა იოანე თავის სამშობლოში, მცირე აზიის სოფელ პროკოპიაში (თურქულად - ურკიუპში) წაიყვანა. თურქები წამებით ცდილობდნენ ტყვეების გამუსულმანებას. წმიდა იოანე უშიშრად აღიარებდა ქრისტეს. „ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრისა და ამქვეყნიური სიტკბოების აღთქმით ვერ შესძლებთ, რწმენა შემაცვლევინოთ. მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მოვკვდები“ - ამბობდა იგი. აღმსარებლის გაბედულმა სიტყვებმა და მტკიცე სარწმუნოებამ, მისმა წმიდა და მართალმა ცხოვრებამ გული მოულბო მრისხანე ბატონს. მან შეწყვიტა ტყვის ტანჯვა, ქრისტიანობის უარყოფასაც არ ითხოვდა მისგან, მხოლოდ პირუტყვის მოვლა და თავლაზე თვალყურისდევნა დაავალა.
უფლის რჩეული მთელი დღის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ბატონს, ნახევრადშიშველი და უხამლო ზამთრის სუსხსა და ზაფხულის პაპანაქებაში გულმოდგინედ ასრულებდა ყოველგვარ ბრძანებას, რისთვისაც ხშირად ხდებოდა სხვა ტყვეების დაცინვის საგანი. ასეთი ქცევით წმიდანმა საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. ტყვისადმი პატივისცემითა და უსაზღვრო ნდობით გამსჭვალულმა პატრონმა ნებაზე მიუშვა იგი და იმის უფლება მისცა, რომ საცხოვრებელი ადგილი თავად შეერჩია. იოანე თავლის ერთ კუთხეში ცხოვრობდა. აქ იგი მშვიდად ეძლეოდა ხოლმე ლოცვით ღვაწლს, ამიტომაც აქაურობის დატოვება არ ისურვა. ზოგჯერ, როცა კარგად ჩამობნელდებოდა, წმიდანი გადიოდა თავლიდან, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს მიაშურებდა და მის კარიბჭესთან მუხმოყრილი გულმხურვალედ ლოცულობდა. ამავე ტაძარში ეზიარებოდა იგი საღვთო დღესასწაულებზე.
იოანე, მიუხედავად სიღატაკისა, ყოველთვის ეხმარებოდა გლახაკებს და დავრდომილებს, თავის მწირ საზრდელს უყოფდა მათ.
მრავალტანჯული მოსაგრე ცხოვრების დასასრულს, ნეტარი აღმსარებელი დასნეულდა და დაუძლურდა, აღსასრულის მოახლოება იგრძნო და მღვდელს მოუწოდა. მოძღვარმა თავი აარიდა წმიდა ძღვენით თურქი მხედართუფროსის სასახლეში მისვლას, ვაშლში ჩააბრძანა წმიდა ნაწილები და ასე ფრთხილად გადასცა ისინი იოანეს. უფლის სათნომყოფელმა ადიდა ღმერთი, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სულიც აღმოხდა. წმიდა იოანე რუსი 1730 წლის 23 მაისს მიიცვალა. ბატონმა ღვთისმსახურებს მიანდო ტყვის ცხედრის გაპატიოსნება და დაკრძალვა. მათაც ქრისტიანული წესით მიაბარეს იგი მიწას.
სამი წლის შემდეგ მოძღვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო, რომ იოანეს ნაწილები უხრწნელად იყო დაცული. მოხდა მათი აღმოყვანებაც.
ნეტარ აღმსარებელს გამორჩეულ პატივს სცემენ ათონის მთაზე, განსაკუთრებით რუსულ წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.