წმიდა მოწამე ფილოსოფოსი (III) ქრისტესთვის აღესრულა ალექსანდრიაში იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. მას აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას და როცა ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს სიძვის ცოდვაში ჩაეგდოთ ჭაბუკი: აყვავებულ ბაღში შებორკილი დატოვეს როსკიპ ქალთან ერთად. ცოდვით რომ არ დაცემულიყო, წმიდანმა ენა მოიკვნიტა და აუტანელი ტკივილით დაიცვა თავი ხორციელი ვნებისგან, შემდეგ გასისხლიანებული ენა სახეში შეაფურთხა მეძავს. მოწამის უშიშრობით და მხნეობით განრისხებულმა ჯალათებმა წმიდა ფილოსოფოსს თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.