წმიდა შიო მღვიმელის ცხოვრება

(გაგრძელება)

როცა გაუნელდათ მწუხარება, წავიდნენ ბერის გამოქვაბულისაკენ. ჯერ ნეტარი ევაგრე შევიდა წმიდა შიოსთან და აუწყა მეფის მისვლა. წმ. შიომ ევაგრეს უთხრა: „შვილო ჩემო, მიმძიმს მეფის მოსვლა, ვინა ვარ მე, მიწა და ნაცარი, ამიტომ მე თვითონ გავალ ღვთისაგან ცხებულთან“. და გამოვიდა გამოქვაბულიდან. მეფემ, შეხედა რა მის სახეს, შეკრთა, რადგან ღვთის დიდი მადლი იგრძნო მასში, მაშინვე ძირს დააგდო გვირგვინი მეფობისა, გაიხსნა სარტყელი და დაემხო ძირს ბერის ფეხებთან. ხოლო ნეტარმა შიომ უთხრა მას: „შემინდევ, მეფეო, რატომ მიაგებ შეუფერებელ პატივს ცოდვილ კაცს, რის გამოც შეიძლება დავისაჯო კიდეც ღვთისაგან“. ხოლო მეფე, კვლავ მის ფეხებთან მუხლმოყრილი ცრემლებით სთხოვდა კურთხევას. ბერმა უთხრა მას: „აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, რომელმაც მისი მონა დავითი გამოირჩია, სცხო მას და თავის ერს მეფედ დაუდგინა, რომელმაც ყველაზე მეტი სიბრძნე მისცა სოლომონს, რომელმაც გააძლიერა მისი მონა კონსტანტინე ჯვარით და მტრები დაამარცხებინა, ეგრეთვე აკურთხოს შენი მეფობა და შეურყევლად დაიცვას. გიკურთხოს მკლავები და ამრავლოს შენი თესლი და დაგიცვას შეუბღალავად სულისა და ხორცის შეგინებისაგან, განგწმიდოს ყოველივე ჭუჭყისა და ცოდვისაგან და დაგიფაროს მტრის ყოველი საცთურისა და მახისაგან. მტრებისა და მოწინააღმდეგეებისათვის გაგხადოს საშიში და განგამტკიცოს ჭეშმარიტი სარწმუნოების სიყვარულით უფლის მიმართ, რათა მას აღიარებდე მეფეთა მეუფედ და ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად, რომელიც არს კურთხეული უკუნისამდე, ამინ“.

ღირსმა შიომ თავისი ხელით წამოაყენა მეფე და დაადგა სამეფო გვრიგვინი. სხვა მთავრებმაც მოიყარეს მუხლი წმინდანის წინაშე და მისგან დაილოცნენ.

მთავრებს შორის იყო ერთი, რომელსაც მარჯვენა თვალი ჰქონდა დაშავებული ისრისაგან და მთლიანად დავსებოდა. როცა იგი მიდიოდა წმიდა შიოსთან კურხევის მისაღებად, რწმენით ამბობდა თავის გულში, რომ: როგორც კი შევეხები ბერის ფეხებს, მაშინვე განიკურნება ჩემი თვალიო. და ასეც მოხდა, - შეახო თუ არა თვალი წმიდანის ფეხს, განიკურნა იგი და ისევე იწყო ხედვა, როგორც მეორე თვალით. ყველა, ვინც კი ნახა ეს საკვირველი ამბავი, ადიდებდა ღმერთს.

მეფე და მთავრები დასხდნენ ბერის წინ და უყურებდნენ მის ანგელოზებრივ სახეს და უკვირდათ მისი უნუგეშო ცხოვრება. და ჰკითხეს წმიდა ბერს სულის ცხონების შესახებ, ხოლო ნეტარმა შიომ, როგორც ღვთისაგან განბრძნობილმა, უთხრა მათ სულისათვის სასარგებლო სწავლანი, რადგან ქართული ენა კარგად ესწავლა ადრევე, როცა თავის მოძღვარ იოანესთან იყო ზედაზენზე, ხოლო ლოცვისა და ფსალმუნებისას ასურულსა და ბერძნულ ენებს იყენებდა, რადგან ამ ორ ენაზე იყო განსწავლული. ფარსმან მეფემ ჰკითხა ბერს: „მამაო, მიბრძანე, რა შემიძლია გავაკეთო ამ შენი მონასტრისათვის?“ ბერმა მიუგო: „მეფეო, მეფეთა გულებიც ღვთის ხელშია, რასაც შეძლებ, ის გააკეთე“. მაშინ მეფემ უბოძა მონასტერს ოთხი გამორჩეული სამეფო დაბა, თავისი ხელით მისცა მათ თავისუფლება, და ევაგრეს გადასცა ოცდაათი ლიტრა ოქრო ეკლესიებისათვის სახარჯად, აგრეთვე ოქროს ბარძიმი და ფეშხუმი და სხვა და სხვა ნივთები ვერცხლისა, ოქროს დიდი ჯვარი და სახარება მდიდრულად შემკული ნეტარი ვახტანგ მეფის მიერ. აგრეთვე ზედამხედველნი დაადგინა, რათა დაეჩქარებინათ ეკლესიების მშენებლობა.

მეფე გამოეთხოვა ბერს და მცხეთაში დაბრუნებულმა კათოლიკოს მაკარის აუწყა ყველაფერი, რაც ნახა და წმიდა შიოსაგან მოისმინა, სულით დიდად ხარობდა მეფე და ნეტარი მამების მოძღვრებით განათლებული ქართველობა. როცა სამივე ეკლესიის მშენებლობა დაასრულა, ნეტარმა ევაგრემ შეატყობინა მეფეს: „აღსრულდა ღვთისა და შენი ნება, მეფეო, ახლა ინებე მათი სატფურება“. დიდად გაიხარა მეფემ, შეატყობინა კათოლიკოზმა მაკარისა და ეპიკოპოსებს, რათა შეკრებილიყვნენ მარტვილიიის დღეს ეკლესიათა საკურთხებლად. შეიკრიბდნენ ეპისკოპოსები, კათოლიკოზი და მეფე-დიდებულნი და თვით დიდი იოანე, ყველა მოძღვარი სხვა მამებთან ერთად და ერთ შვიდეულში შეასრულეს კურთხევა ეკლესიებისა. ამის შემდეგ კათოლიკოზი და მღვდელმთავრები აიძულებდნენ ნეტარ შიოს, რათა მიეღო ხარისხი მღვდლობისა, რადგან დიაკვნად უკვე იყო ნაკურთხი ანტიოქიაში ყოფნისას, მაგრამ მან არ ისურვა, რადგან ეშინოდა, რომ შემდეგ ეპისკოპოსადაც არ მოენდომებინათ მისი კურთხევა. ამიტომ, როგორც გალესილი ორპირი ხმალი, ისე განეწყო ყველას მიმართ და მტკიცედ ამბობდა: მთელმა ქვეყანამაც რომ მომთხოვოს, მაინც არ მივიღებო მას. ამიტომ დაანებეს ეპისკოპოსებმა თავი მის დაყოლიებას.

წმიდა ბერისაგან დალოცვის შემდეგ, ყველა გაეშურა თავისი გზით. ხოლო ნეტარი მამა თავისსავე მორჩილებაზე დარჩა და დღითიდღე უმატებდა ახალ-ახალ ღვაწლს, ძაძის სამოსელი, რომლითაც ადრე იყო შემოსილი, მუხლის თავამდე და იდაყვამდე სულ შემოეფლითა, ასევე ძაძის კუნკულიც მთლიანად გაუცვდა და სხვას არაფრით არ ღებულობდა, არც დაკერება ისურვა, მხოლოდ სარცხვინელ ადგილებს იფარავდა, სხვა ადგილიდან მოახევდა და იქ იკერებდა.

მამების რიცხვი მალე ორიათასამდე გაიზარდა და წმიდა შიოს სახელი მთელ ქართლში გახდა ცნობილი. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან და ისე გამრავლდნენ, რომ იმ ხევში ვეღარ ეტეოდნენ. უმძიმდათ რა შფოთის ატანა, დაიწყეს სხვა ადგილების ძებნა, ზოგნი კოდბანის მხარეს წავიდნენ და იქ დააარსეს დიდი ლავრა, ზოგიერთები კი სარკინეს აღმოსავლეთით, საიდანაც ალექსანდრემ უცხონი განდევნა. ღმერთი წმ. შიოს ხელით ახდენდა აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს, რადგან მიყავდათ მასთან ავადმყოფები, ბრმები, კოჭლები და არაწმიდა სულებისგან შეპყრობილები, რომელნიც წმიდანისაგან იკურნებოდნენ. მათი აქ მოყოლა შეუძლებელია, რადგან, ჯერ ერთი, რომ თითოეულ სასწაულზე ცალ-ცალკე ძნელია ლაპარაკი, და მეორე კიდევ ის, რომ მსმენელმა შეიძლება ზოგი რამ არც კი ირწმუნოს, რადგან ადამიანის გონებისათვის ისინი მიუწვდომელია, რის გამოც ურწმუნოება შეიძლება დაეუფლოს გამოუცდელთა სულებს. ამიტომ, იცის ღმერთმა, მოვერიდე იმის წერას, რაც შემეძლო დამეწერა.

12. მონასტრებში მომსვლელთაგან ხევები სავსე იყო, ამიტომ უდაბნოს მხეცები ცხენებსა და სახედრებს ეტანებოდნენ და, რასაც კი წააწყდებოდნენ, დიდად ვნებდნენ და ანადგურებდნენ, თვით მონასტრის ძმების სახედრებიც კი შეჭამეს. შეწუხებული ძმები მონასტრისა მივიდნენ ნეტარ შიოსთან და მოახსენეს თავიანთი გასაჭირი, რომლებიც მათ მხეცებისგან ჰქონდათ. მოისმინა რა წმიდა შიომ, შეწუხდა, რადგან დიდი სიკეთე ჰქონდა ადამიანებისა და პირუტყვების მიმართ, ილოცა, რათა, რაც კი მხეცები იყვნენ ამ უდაბნოში, ღმერთს ყველა შეეკრიბა მასთან. და აჰა, საკვირველება დიდი, მაშინვე, როგორც კი წმიდა მამამ დაასრულა ლოცვა, ყველა სახის მხეცი, რაც კი იცის ადამიანმა, შეიკრიბა წმიდანის გამოქვაბულთან. დაინახა არ ნეტარმა შიომ, გამოვიდა გამოქვაბულიდან და, როგორც ადამიანებს, ლმობიერად დაუწყო ლაპარაკი. ისინი კი ქემოდრეკილები იდგნსნ და უსმენდნე ნეტარი მამის სიტყვებს და მოელოდნენ მის ბრძანებას, რადგან ყველანი უცებ ამდგარიყვნენ და აეყვანათ თავიანთი შვილები, რომლებიც ზოგს კბილებით ეჭირა, ზოგს ზურგით, ზოგსაც წინ ჰყავდა თავისი პატარები, რაც მეტად საკვირველი და საზარელი იყო დასანახად. ნეტარმა შიომ უთხრა მათ: „ნახეთ, მხეცებო, ჩემი უღირსება და მომისმინეთ რასაც გეტყვით. იცის ქრისტემ, რომ დიდად შემტკივა თქვენთვის გული, მაგრამ რადგან ველურია თქვენი ბუნება, ამიტომ თქვენსა და ჩვენს გამჩენს უბრძანებია, რათა მეტყველი ადამიანის მიერ აივსოს ეს უდაბნო. ამიტომ წადით, საყვარელნო, მოძებნეთ თქვენთვის სხვა ადგილები, სადაც იქნებით მოსვენებით და თქვენი წასვლისასაც ნურავის ავნებთ რაიმეს, არამედ ერთი თქვენთაგანი დარჩება ჩემთან, რომ ძმების სახედრებს უყარაულოს, რათა ამით მიუზღოს ძმებს იმისათვის, რითაც შეაწუხეთ ისინი“. და აჰა, საკვირველება, ბერის სიტყვებისთანავე მხეცები მაშინვე განერიდნენ იქაურობას, მდინარის იქით გადავიდნენ და დაემკვიდრნენ იქ, სადაც ღვთისაგან ებრძანათ. მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, როგორც მორჩილი მონა, იდგა ბერის წინ შიშით. წმიდა შიომ უთხრა მას: „ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სახელით გეტყვი, მხეცო, ამიერიდან, როგორც კეთილი მწყემსი, აძოვებ ჩვენს სახედრებს, რათა შენი ასეთი მსახურებით სიკეთით გადაუხადო ძმებს მწუხარებისათვის, რომელიც მიაყენეთ მათ. შენი საკვები იქნება ის, რასაც ჩვენ შევჭამთ. ცისკარზე წაიყვან სახედრებს საძოვარზე და მწუხრზე დააბრუნენ უკან, რადგან ამათ მწყემსად და მცველად შენ დამიდგენიხარ“.

მგელი დაემორჩილა ბერის ბრძანებას როგორც მორჩილი მონა, შეითვისა ადამიანური ბუნება და ხვდებოდა სიტყვას. განთიადისას ადიოდა ბორცვზე და ყივილით უხმობდა სახედრებს წასასვლელად, მწუხრზე კი, როცა საძოვრებიდან დაბრუნდებოდნენ, ისევ ბორცვზე დადგებოდა და იგივე ხმით აცნობებდა ძმებს სახედრების მონასტერში დაბრუნებას. ყველანი, ვინც უყურებდნენ ამ სასწაულს ან ესმოდათ მასზე, გაკვირვებულები ადიდებდნენ უფალს, რომელმაც ასეთი მადლი მისცა თავის ერთგულ მონას, რომ ველური ცხოველებიც კი ასრულებდნენ თავიანთი ბუნებისათვის უცხო მსახურებას და ემორჩილებოდნენ მის სიტყვას.

სხვაც მოისმინეთ, უფრო გასაკვირი, რომ მხეცმა მისთვის დამახასიათებელი საკვები აღარ მიიღო, ვიდრე ამ მსახურებას ასრულებდა, არამედ ნეტარი ევაგრე უფშხვნიდა მას პურს დილდილაობით და ზედ უსხამდა წყალს და იმასა სჭამდა. საღამოსაც, მიიღებდა რა მოღვაწე მამების საკვებს, წავიდოდა ხოლმე და ნეტარი შიოს გამოქვაბულის კართან წვებოდა. დღემდე შემორჩა ნეტარი შიოს მიერ მხეცისათვის მოწყობილი მოსასვენებელი ადგილი.

დაყო რა მხეცმა ამგვარ მსახურებაში ექვსი წელი, ერთ დღეს წაიყვანა სახედრები საძოვარზე, ჩვეულებისამებრ, და როგორც სახედრებმა იციან, კონონის სახედარი გაედევნა რა სხვას, გადაიჩეხა კლდეში და მოკვდა. საღამოს დროზე ადრე მოიყვანა მგელმა სახედრები და იყო მწუხარე, წკმუოდა და ტიროდა. როცა გაიგო კონონმა, რომ მისი სახედარი არ დაბრუნდა, შეწუხდა და მგელზე განრისხებული ამბობდა, რომ ამან შეჭამაო. კონონი მივიდა წმ. შიოსთან, უსაყვედურა და გულისწყრომით უთხრა მას: „ოდითგან არსად გაგონილა, რომ მგელი სახედრების მწყემსი ყოფილიყო და ეს გააკეთე შენ, მამაო, რითაც ჩემი სიბერის დიდი ნუგეში და ასევე სხვა ძმების სახედრებიც, ამ მგელს შეაჭამე“. მგელი კი როგორც შეეეძლო, ცდილობდა თავის გამართლებას ბერის წინაშე და წკმუილით ტიროდა. შემდეგ კონონის კვერთხს პირით ჩაეჭიდა და მიიზიდა თავისკენ. ნეტარმა შიომ უთხრა კონონს: „წადი, ბერო, გაყევი მაგ მწყემსს და ნახე რა მოუვიდა შენს სახედარს“. კონონმა მიუგო: „აი, შეუბრალებლობა, გინდა რომ ჩემი სულიც დაღუპო? რა სიძულვილი გაქვს ჩემს მიმართ ისეთი, რომ ჩემი სახედარი ამ მხეცს შეაჭამე და ახლა გინდა - მასთან ერთად წავიდე, რომ მეც გამგლიჯოს?“ ასე ხმამაღლა გაიძახოდა და წყევლიდა კიდეც ბერს. ხოლო ნეტარი მამა სრულად არ განრისხდა, არამედ გამოვიდა გამოქვაბულიდან, ავიდა ძმებთან და გააგზავნა მგელსა და კონონთან ერთად ორი ძმა, რომლებიც მგელს უკან მიყვნენ და ნახეს პარეხთან გადავარდნილიყო კონინის სახედარი და იქ მომკვდარიყო. უკან დაბრუნებულებმა ნეტარ შიოს მოახსენეს მომხდარი და კონონმა სთხოვა წმიდანს შენდობა იმ შეუფერებელი სიტყვებისა და საყვედურებისათვის, რომელიც მას ჰკადრა.

ნეტარმა შიომ იხმო მგელი და უთხრა მას: „მხეცო, საკმარისია რაც იმსახურე. მე შენი მადლიერი ვარ. ამიერიდან იქნები თავისუფალი, წადი შენიანებთან და ნურასოდეს იკადრებ ჩემი ძმების ვნებას. ხოლო მათ, თვითონ გამოძებნონ ისეთი მწყემსი სახედრებისათვის, როგორიც სურთ, რომ კიდევ რაიმე არ დამაბრალონ შენს გამო“. ამის შემდეგ მგელი წავიდა წმიდანის ბრძანებით.

ასეთი ნიშებითა და სასწაულებით უხვად იყო შემკობილი სანატრელი მამა შიო, რომ პირუტყვი ცხოველნიც მორჩილად მსახურებდნენ. არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ, ძმებო, ამ საკვირველი საქმეების კეთება ღვთის ერთგულ მონათა მიერ, ნურც ღვთის დიდებულებათა მიმართ ვიქნებით ურმწუნო, რადგან თვითონ იგი ამბობს წმიდა სახარებაში: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგვისაჲ, და ჰრქვათ მთასა ამას: აღიფხუარ ამიერ და შთავარდი ზღუად, იყოს ეგრე“ (მთ. 21,12). ასევე მტკიცე და მორწმუნე მონა ღვთისა მყარი და შეუორგულებელი რწმენით იყო შეიარაღებული და მისგან ჰქონდა მიღებული საკვირველი საქმეების მოხდების ძალა და ნიჭი ისე, რომ მგელსაც, ასეთ დაუმორჩილებელ ცხოველსაც კი, სახედართა მწყემსობა და ზედამხედველობა შეასრულებინა.

ეს სასწაული, მოხატული ღირსი მამის სამარხში, რომელიც თვითონვე აიშენა, დღემდე შემორჩენილია ღვთის დიდებულებისა და სანატრელი მამის გამომაჩინებლად, რომელთაც ახდებდა სულიწმიდის შეწევნით.

13. იმ ხანებში ჩვენმა წმიდა მამა-იოანემ ინება თავისი მოწაფეების მონახულება, რათა გაეგო, თუ ვის რა საზომისთვის მიეღწია სულიერი ცხოვრებაში, რომ მათი კეთილი საქმეების გამოეცხადებინა ყოვლადწმიდა სამების - ჩვენი ღმერთის სადიდებლად. თავისი სამოღვაწეო ადგილიდან წამოსული პირველად წილკნის დედა ღვთისას საყდარს ეწვია, სადაც დაიბარა ღირსი შიოც, რათა მისულიყო იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თაყვანსაცემად. წმიდა იოანემ ჩვეულების გარეშე მოითხოვა ღვინო. და, როცა ელია დიაკონმა მოართვა მას ჭიქით, წმიდა იოანემ აიღო ხელში ჭიქა, გადასახა მას პატიოსანი ჯვარი და მარჯვენა ხელის წინა თითებით ჰაერში გაუშვა და ჭიქა დიდხანს იდგა ჰაერში. შემდეგ წმ. იოანემ მოწაფეებს უთხრა: „ჩამოიღეთ ღვინით სავსე ჭიქა და აკურთხეთ, რადგან ეპისკოპოსს შვენის მისი კურთხევა“. ხოლო მათ არ იკადრეს ხელის შეხება, რადგან დიდად გააკვირვა ისინი დიდებულმა და უცხო სანახაობამ, როცა ღვინით სავსე ჭიქას ყოველგვარი მტვირთველის გარეშე უყურებდნენ ჰაერში.

მაშინ საკვირველმოქმედმა იოანემ თვითონ შეახლო ჭიქას ხელი, აიღო და ისევ ჯვარი გადასახა, რის შემდეგაც სამივე წმიდა მამამ შესვა და ასევე მოიქცნენ სხვებიც, ვინც იქ იმყოფებოდა. მაშინ ნეტარმა იოანემ უთხრა შიოს: „გვეკუთვნის, მამაო, მადლი შევწიროთ უფალს, როემლმაც ჩვენს შორის საკვირველება მოახდინა“. შიო დაემორჩილა ბერის სიტყვას, წამოდგა და ხელის გულზე ნაკვერცხლები მოითავსა, დააყარა მას საკმეველი, რომელმაც სურნელება გამოსცა და ყველა იქ მყოფთ უკმია. ამ სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ საკვირველებათა მოქმედ უფალს, რომელმაც მისცა თავის მოშიშებს ასეთი მადლი. ხოლო ნეტარმა იოანემ უთხრა იქ მყოფთ, რომლებიც სასწაულის გამო განცვიფრებას მოეცვა“, რას განკვირვებულხართ, ძმებო, არ იცით, რომ უფლის მოსავებს ცეცხლიც კი არ ეკარება? ასევე ცეცხლი იყო აგიზგიზებული სამი ყრმისათვის, მაგრამ მათ უბიწო ხორცს მოერიდა, როცა ქალდეველებმა ისინი შეყარეს იქ, რომელიც შვიდჯერ მეტად გამძვინვარდა. ხოლო ანგელოზებმა ისინი დაიცვა უვნებლად ისე, რომ მათი თმაც კი არ შეიტრუსა, ხოლო გარეთ მყოფნი, რომელნიც ეშურებოდნენ უბოროტოთა დაწვას, თვითონ დაიწვნენ ცეცხლის ალით, რომელიც მათ მისწვდა, რადგან ღვთისათვის არაფერია შეუძლებელია და ახლა მომხდარი სასწაულიც ღვთისაგანაა, რადგან იცის ღმერთმა მისი მადიდებლის დიდება, ამიტომ ნუ გაგაკვირვებთ ის, რაც ღმერთმა მოახდინა თავისი მონის სადიდებლად“.

ამის შემდეგ მიხედა წმიდა იოანემ ღირს ისეს და უთხრა: „მამაო და მეტყველი ცხვრების კეთილო მწყემსო, გვინდა რომ შენგანაც კურთხევა მივიღოთ, რათა მით მოგიხსენიოთ“. ხოლო იგი, რომელიც მორჩილებაში იყო განსწავლული, და სავსე იყო სულიწმიდის მადლით, რა ეურჩა ღირს იოანეს, არამედ მაშინვე წამოდგა, ზეცისაკენ ხელები აღაპყრო და დიდხანს ევედრებოდა ღმერთს მდუმარედ. ამის შემდეგ ძირს დაემხო და ცრემლებით დაასველა იატაკი. შემდეგ უთხრა ბერს: „ილოცე ჩემთვის წმიდაო მამაო, და ცოტათი გამომყევით“. და წმ. ისემ მამებთან ერთად მიაშურა მდინარეს, რომელსაც ეწოდება ქსანი.

და, როცა ეს ყოვლადქებული და საკვირველებათა მოქმედი მამები წყალს მიადგნენ, წმ. ისემ ისევ ლოცვა დაიწყო და ცრემლებით შესთხოვა დახმარება სახიერ ღმერთსა და ყოვლად უბიწო ქალწულს - ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით: „მოგვეცი შენი მადლი, ჰოი, წმიდაო და ღვთივმიმადლებულო დედოფალო, რათა ეს წყალი დამემორჩილოს და გამომყვეს, საითაც წავალ“. და, როცა გულით ილოცა, მდინარისაკენ გაიშვირა თავისი კვერთხი, რომელიც ხელში ეკავა და თქვა: „უფლისა ღმრთისა ჩვენსა იესო ქრისტეს სახელით გეუბნები შენ, მდინარეო, როგორც შენი სახელიც მოწმობს, რომ განრისხებული დიოდი, მაგრამ ახლა ჩემს კვერთხს გამოყევი“ და ჰოი, შენს საკვირველებებს ქრისტე, წყალმა მისთვის უჩვეულო და უვალ გზაზე დაიწყო დენა, და მიყვებოდა წმიდა ღმერთშემოსილ მამებს, და მიწა, მეტად მაგარი და ეკლოვანი იპობოდა და ღრმავდებოდა ყოველგვარი ამომთხრელის გარეშე. როგორც მიათრევდა კვერთხს ღირსი ისე, წყალიც ისე მისდევდა, რადგან წმიდანის ბრძანებას ემორჩილებოდა. და წყალი მიყვანილ იქნა დედა ღვთისას ტაძრის მახლობლად წილკანს, რომელიც დღემდე დის ღვთის სადიდებლად და წმიდა ისეს ღმერთთან სიახლოვის გამოსაცხადებლად. ეს საკვირველი სასწაული ნახეს მცხეთის მახლობელი სოფლების მკვიდრებმა და გაკვირვებულები ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც ახდენს საკვირველებებს და, რომელმაც ასეთი დიდი ძალა მისცა თავის სანატრელ მონას.

ასეთი სასწაულებითა და ნიშებით იყვნე შემკობილნი ეს წმიდა მამები და დიდი მადლი ჰქონდათ მიღებული ღვთისაგან, რომელთაც ყოველგვარი ქვეყნიური საზრუნავი მიატოვეს მისთვის. ერთად მყოფნი ხარობდნენ საღმრთო სიყვარულით, ხოლო შემდეგ თითოეულმა თავის ადგილზე მოთმინებით გააგრძელა მოღვაწეობა, რადგან იცოდნენ ფსალმუნთა მგალობლის სიტყვები: „რაჲმე კეთილ, ანუ რაჲმე შუენიერ? არამედ დამკვიდრებაჲ ძმათა ერთად“ (ფს. 132,1). და კიდევ: „ვიქმენი მე ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა“ (ფს. 101,7). ამ ორივე სათნოებით იყვნეე გაბრწყინებულნი ისინი ერთადაც და ცალ-ცალკეც.

თავის სავანეში დაბრუნებულ წმიდა იოანეს მისი მოწაფენიც გამოყვნენ თან და სამ დღეს დარჩნენ მასთან და ხარობდნენ სულიერი სიხარულით ღირს მამასთან.

14. როცა მამები აპირებდნენ უკან გაბრუნებას, ნეტარი შიო შეევედრა წმ. იოანეს, რათა მიეცა მისთვის დაყუდებული ცხოვრების უფლება. ხოლო მან უთხრა: „ღმერთმა შეგისრულოს, შვილო, შენი თხოვნა და მოგცეს მოთმინება შეუბრკოლებელი, რათა აქ გაჭირებით ცხოვრებისათვის, საუკუნო ცხოვრებაში მოიპოვო შვება დაუსრულებელი და გამართლებულებთან სიხარული, ოღონდ წადი და პირველად მოახსენე ჩვენს მამამთავარს, წმიდა პატრიარქს და თუ გიბრძანებს შენგან არჩეული გზით ცხოვრებას, იცოდე, რომ ღვთის ნებაა, ხოლო კათოლიკოსის გარეშე ნუ გააკეთებ მაგას, რადგან მისი მორჩილება გვევალება, როგორც ყველას მამისა, და რაც გვითხრას მან, ის მიიღე სიხარულით. რადგან ყველას მოძღვარი პავლეც იგივეს გვასწავლის, რომ „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის“ (ებრ. 13,17).

ამასთან ერთად წმ. იოანე ასწავლიდა მას, რომ დაეცვა გონება ყოველგვარი ხორციელი და ქვეყნიური საზრუნავებისაგან და როგორც სამარეში მდაბარე მიცვალებულს, ისე უნდა მოეძულებინა ყოველივე მიწიერი და ხილული, რადგან ასეთია დაყუდების წესი. ასეთი სწავლა-დარიგებები მიიღო ნეტარმა შიომ წმიდა იოანესგან, ფეხებში ჩაუვარდა მას და ტირილით ემთხვია მის ფეხებს, შემდეგ კი მოიკითხა ყველა იქ მყოფი უკანასკნელი მოკითხვით, რადგან გრძნობდა, რომ მათთან შეხვედრა აღარ მოუწევდა. ამის შემდეგ გამოეთხოვა ყველას შემდეგი სიტყვებით: „ილოცე ჩვენთვის, რათა მოთმინებითა და მხნედ დაყუდებულ მოღვაწეობაში დაუბრკოლებლად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები და, თუ ამას დალოცავს წმიდა მამამთავარიც“. შემდეგ კი მათგან ლოცვა-კურთხევა მიღებული წავიდა კათოლიკე ეკლესიაში და ცრემლებით თაყვანი სცა წმიდა და ყოვლადპატიოსან სვეტს და გულამომჯდარი ევედრებოდა ღმერთს, რათა ღირსი გაეხადა დაყუდებაში გაელია ხორციელი ცხოვრება ისე, რომ ეს სათნო ყოფილიყო ღვთისათვის.

ამის შემდეგ შევიდა მამამთავართან, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი. მას შემდეგ, რაც მოკითხეს ერთმანეთი, ნეტარმა შიომ გაანდო თავისი სურვილი დაყუდებული ცხოვრებისა და ის, რომ ღირსმა იოანემ გამოაგზავნა მასთან საკითხავად და მხოლოდ მისი ბრძანებით შეუდგებოდა დაყუდებულ ცხოვრებას.

ხოლო წმიდა მამამთავარი ოხრავდა და იცრემლებოდა, მოისმინა რა ნეტარი შიოსაგან ქრისტეს სიყვარულისათვის საკუთარი თავის მოძულების სურვილი, რომ ჩასულიყო მეტად ღრმა და ბნელ მღვიმეში და დაყუდებულიყო იქ. ნეტარმა მამამთავარმა თვალცრემლიანმა მიხედა ღირს შიოს და უთხრა: „იარე, მამაო, იარე კეთილ და ვიწრო გზაზე, რამაც საუკუნო ცხოვრებაში უნდა მიგიყვანოს, სადაც ცოტანი დადიან, რომელთაც დაუმორჩილებიათ მძიმე და უხეში სხეული. გახდეს მღვიმე შენთვის ზეციურ სასუფეველში ამყვანებელი და ნეტარებებთან მიმყვანი, ხოლო მღვიმის სიბნელემ მიგიყვანოს დაუღამებელ ნათელთან. და ამ დროებითი გასაჭირით მოიპოვე საუკუნო შვება და დაუსრულებელი სიხარული, რომელსაც ღებულობენ ისინი, რომელთაც იცხოვრეს ღვთისათვის მოსაწონი ცხოვრებით.

ამის გამგონე შიომ გაიხარა სულით და სთხოვა კათოლიკოზს, რომ ელოცა, რათა უფალს მიეცა მისთვის მოთმინება მომავალი ღვაწლისათვის. კურთხევის მიღების შემდეგ წავიდა თავის უდაბნოში, სიყვარულით მოიკითხა ძმები და უსურვა მათ სიკეთე სულებისათვის. ამის შემდეგ მშვიდად ესაუბრა მათ შემდეგი სიტყვებით: „ძმებო, მამებო და სულიერო შვილებო, ჩვენი წმიდა მამებისა და წმიდა მამამთავრის ლოცვით ვაპირებ დაყუდებულ ცხოვრებას, ამიტომ თქვენ, საყვარელნო, მოერიდეთ მტრის ყოველგვარ ბრძოლას, ყველაზე მეტად შეიძინეთ სიმდაბლე, მორჩილება და ღვთიური სიმშვიდე, რომელიც დაჰფარავს რისხვას, და სიყვარული, რითაც შეიძინება ღმერთი, რომელსაც ეწოდება სიყვარული. ამასთან, შეიყვარეთ სულის განმწმედელი მარხვა, რომელიც აღმოფხვრის არაწმიდებას. და თქვენი ლოცვებისას მოიპოვეთ გონების სიწმიდე და ის, რომ არ გაჩნდნენ თქვენში ბოროტი გულისთქმანი, რითაც მოისპობა ეშმაკის ყოველი ძალა. ხოლო ტირილი მუდამ უნდა იყოს თქვენთან, რადგან ამით შეიძენს, კაცი საუკუნო სიხარულს. აკი ბრძანებს უფალი: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითაო“ (მთ. 5,3). შეიძინეთ სიგლახაკე, რათა დამკვიდრდეთ ზეციურ სასუფეველში. მოიძულეთ ქვეყნიური საზრუნავები და შფოთი, რათა არ შეცდეთ იმათგან. საღმრთო წერილში გაიწაფეთ, რადგან ის აფხიზლებს გონებას. საღმრთო წერილში გაიწაფეთ, რადგან ის აფხიზლებს გონებას. ბოროტ გულისთქმებს ნუ მიუშვებთ თქვენს გონებასთან. ხორცით იყავით წმიდა, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: „განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ ყოველივე გულარძნილება სულთაგან თქუენთა“ (ის. 1,16), რადგან, თუ თქვენს სხეულს დაიცავთ წმიდად,  გაბრწყინებულები და სულით გახარებულნი ბრწყინვალე ლამპრებით შეხვალთ უფლის ქორწილში უკვდავების სიძის შესახვედრად. ფხიზლად იყავით გონებით და მუდამ ელოდეთ საშინელ დღესა და ჟამს, რადგან არ იცით, უფალი როდის მოვა, რომ არ გიპოვოთ მან თქვენი სიმდიდრის უქმად განფლანგველნი და ნიჭისა და ტალანტის უსარგებლოდ დამმარხველნი, რისი კეთილად გამოყენების მცნებაცა გვაქვს მოცემული. თუ ვინმე არ შეასრულებს ღვთის მცნებებს, დაუდგება დრო, რომელსაც იგი არ მოელის, და ორად განმკვეთელი მის ერთ ნაწილს დადებს ორგულებთან, რადგან სიკვდილის უმწარესი მახვილით გამოგლეჯს მოუნანიებლებისა და უსარგებლოების სხეულებისაგან სულებს და ჩაყრის მათ შორის, სიბნელეში, სადაც ჰოი, უბედურებს, - იქნება კბილების ღრჭენა და ტირილი. მუდამ თვალწილ უნდა გედგათ სიკვდილის ხსოვნა და ის საზარელი დღე. სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ საუკუნო სასჯელისა, რომელიც მისგან მოდის. მოითმინეთ ეს ხანმოკლე ტკივილები, რადგან გაჭირვების გარეშე შეუძლებელია მოიპოვოს კაცმა ცხოვრება უკვდავი, როგორც ამას ამბობს წმიდა წერილი, რომ: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი“ (ლკ. 21,19) და კიდევ: „მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლაჲ სასუფეველსა ცათასა“ (საქ. 14,22).

იცოდეთ, ძმებო, მტკიცედ, რომ აქ ყველაფერი წარმავალია და დაუდგრომელი, საუკუნო ცხოვრება კი წარუვალია და მუდმივი. და ზოგიერთ ჩვენგანს მომავალში მოელის საუკუნო შვება, ზოგს კი - საუკუნო სასჯელი იმ საქმეების მიხედვით, რომლებიც მოიმოქმედეს ამ წუთისოფელში. მითხარით, საყვარელნო, თუ დღეს კაცი ყოველმხრივ შვებასა და მოსვენებაშია და დაკარგა მთელი მისი მონაგები, რომ აღარაფერი შერჩეს ხვალისათვის, შიმშილითა და ყველა სიავის ნახვით იტანჯებოდეს, რამეში გამოადგება ადრინდელი, თუნდაც ერთი დღის მოსვენება მომავლისათვის? ამიტომ იცოდეთ, ასევეა ჩვენი ამ წუთისოფელში ცხოვრება, რადგან, თუ აქ შვებაში მყოფნი არ ვიზრუნებთ იმისათვის, რაც მომავალში გველის, და არ დავიცავთ საუკუნო ცხოვრებისათვის ქონებას უსამართლო ვერცხლისმოყვარეობის ბოროტებისაგან, შიმშილით დავიღუპებით და ვერაფერს გვარგებს ხორციელი სიკეთენი, არამედ უფრო დავიტანჯებით, როგორც გაუმაძღრობასა და ნაყროვანებას მიჩვეულები“.

გაგრძელება...