წმ. თამარ მეფის ხატი |
მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს ცაზე აღმობრწყინდა „ღვთივგვირგვინოსანი“ ერის უკვდავება, უდიდესი მნათობი, ქართველთა დედა - მეფე თამარი.
„ბრმადშობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან“, - გვამცნობს ბასილი ეზოსმოძღვარი და მართლაც, საცოდავია ქართველი კაცი მოვიდეს ამქვეყნად, იცხოვროს წუთისოფელში და ვერ მიხვდეს, ვერ გაიგოს ვინ იყო თამარ მეფე.
თამარ მეფე გიორგი III-ის ერთადერთი ასული იყო, რომელიც თანამოსაყდრედ გაიხადა მამამ 1178 წ. ხოლო 1184 წელს გიორგი მეფის სიკვდილის შემდეგ დიდი ზეიმით აკურთხეს მეფედ. მასზედ თვით არაბი ისტორიკოსი წერს: „იყო ქმნილ-კეთილ და ყოვლითურთ უბადლო პოლიტიკური მოღვაწეო“, ხოლო ქრისტიანი მეისტორიე დაამატებს: „არა ვერაგობისა ღონითა აცხოვნებდა ერსა თვისსა, არამედ სიბრძნისა წინამძღოლობითა და სიმართლითა და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშვიდისა იაკობის მსგავსისა, სიუხვითა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს, ღმრთისმსგავსისა, სიმართლითა მისისა მიბაძვითა“-ო.
ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღვთო საქმით აღნიშნა, მოიწვია რა საეკლესიო კრება, დაიბარა იერუსალიმიდან მცხეთის ყოფილი კათოლიკოსი სიბრძნითა და სიწმიდით ცნობილი ნიკოლოზი და ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით შეკრიბა სასულიერო დასი.
წმ. თამარი შევიდა კრებაზე, სიმდაბლით ეამბორა მამებს და, როგორც ბასილი ეზოსმოძღვარი მოგვითხრობს, მათ ასეთი სიტყვებით მიმართავს: „ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძუღურად ჩვენდა და მმართებლად წმიდისა ეკლესიისა და თანა მაც სიტყვის მიცემა სულთათვის ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისი. ნუ თვალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებჰყოფთ სიმცირისათვის. თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმითა, თქვენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქვენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებლად, რათა არა ზოგად ვიზღვევნეთ: თქუენ, ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე, ვითარცა მეფე; თქვენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური“. ეს მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა, ეს იყო საქმეები მთელი მისი ზეობის მანძილზე.
ძალიან მცირე დრო დაჰყო კრებაზე, შემდეგ კურთხევა აიღო კათოლიკოსისაგან და თავის სამყოფელს დაუბრუნდა.
ზემოთ აღნიშნული სიტყვებით, ჩვენს წინაშე წარმოდგება მეფე, რომელმაც იცის, რომ შარავანდედი მეფობისა, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ამშვენებს მას, წარმავალია და მის გარდაცვალებასთან ერთად გაქრება, ხოლო წარუალ სამეუფეო გვირგვინს უფალი მათ უმზადებს, ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებაში მაღლდება ყველაფერ მიწიერზე და არ ემონება მას.
მეფის თანადგომით გამხნევებულმა კრებამ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენა და მათ ნაცვლად „საღმრთონი კაცნი“ დაადგინა.
წმ. თამარ მეფეს ამ თავისი სიტყვიდან არ გადაუხვევია სიკვდილამდე, როცა ყუთლუ-არსლანის ბანაკმა ამბოხება დააპირა, მეფემ ორი მანდილოსანი: რატი ერისთავის დედა ხოშაქ ცოქალი და აზნაურ სამძივარის დედა - კრავაი ჯაყელი მიუგზავნა დასაშოშმინებლად. ყურთლუ-არსლანი სიკვდილის ან თვალების დათხრის ღირსი იყო, მაგრამ მეფემ აპატია ეს უდიდესი დანაშაული და მშვიდობით განუტევა მეამბოხენი.
სამღვდელოებამ და დიდებულებმა მეფეს მოსთხოვეს, დაქორწინებულიყო და სასიძოდ შეარჩიეს რუსი უფლისწული, სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ძე იური, ანუ გიორგი, რომელსაც საქართველოს ისტორია გიორგი-რუსს უწოდებს.
წმ. თამარ მეფის ცხოვრება ორი ისტორიკოსის მიერაა აღწერილი და ორივე წმ. თამარის ნების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ამ ქორწინებას, რამეთუ თამარს ემძიმებოდა უცხო ადამიანის მოყვანა მეუღლედ, სანამ არ გაიცნობდნენ მის ბუნებასა და ზნე-ჩვეულებებს.
პირმშვენიერმა გიორგი რუსმა, საუბედუროდ, მალევე გამოამჟღავნა „სკვითურნი თვისებანი“, ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელითა უწესობად იწყო მრავალთა, რომელთათვის ნამეტნავ არს წერად“, - წერს წმ. თამარ მეფის მემატიანე.
„ორსა და ნახევართა წელთა“ მოთმინებით იტანდა ქმრის უმსგავსო საქციელს მეფე თამარი, ყოველ ღონეს ხმარობდა გამოესწორებინა იგი. ბოლოს უხმო კათოლიკოსს, ეპისკოპოსთ, დიდებულთ და ბრძანა: „დაღათუ საღმრთოისა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე, არა განშორებად პირველსა საწოლსა, არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი იგი მისი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენად, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. მე არა მიმძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასაგან სწორებად და უბრალოდ განვიყრი მტვერსაცა, რომელი მის მიერ აღმეკრა“ (ბასილი ეზოსმოძღვარი).
მეზობელ სახელმწიფოთაგან მრავალი მეფე იყო თამარის მშვენიერებით მოხიბლული და მისი მეუღლეობის მსურველი. ქართველთა ხელმწიფეს ქორწინება აღარ უნდოდა, მაგრამ განა იოლია, გაექცე დრტვინვას დარბაზის ერისას?! „კუალად იწყეს უხვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა მკვიდრად, სახლსა თვისსა“. ამიტომ თამარმა ყურად-იღო მამიდის, რუსუდანის რჩევა და ჯვარი დაიწერა ოვსთა მეფის ძეზე, ბაგრატიონთა, კერძოდ, გიორგი I-ის შთამომავლზე, დავით სოსლანზე, რომელიც იყო „ფერნაკვთად კარგი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი“. თამარის ორივე ისტორიკოსი ამ საქმის აღსრულებას ღვთის ნებად მიიჩნევს.
დიდუბის ტაძარში იკურთხა ღმრთისგან ქორწინება თამარისა და დავითისა და ამ ქორწინების საიდუმლოს მადლი ფარავდა მათ მეუღლეობას საქართველოს საკეთილდღეოდ.
ხორციელი დედობის სიხარულიც არ დააკლო ღმერთმა თამარს. სრულიად საქართველომ „იწყო... ღმრთის ვედრება, მარხვით, ლოცვითა და ცრემლითა, რათა მისცეს ღმერთმან შვილი-წული. რომელი ესე იქმნაცა და შვილი ყოვლითურთ მსგავსი მამა-პაპათა და დაარქუეს სახელი გიორგი და განიხარეს ყოველთა სიხარულითა მიუთხრობელითა“. ერთი წლის შემდეგ ასული, რუსუდანი შეეძინა, რომელმაც გააორმაგა სიხარული.
თამარმა მტკიცედ მოჰკიდა ხელი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეს. მან განავითარა და განავრცო ქვეყანა, ააყვავა და ააღორძინა. საქართველოს სამხედრო ძლიერება იმდენად გაიზარდა, რომ მეზობელი ქვეყნები ახლა თამარს სთხოვდნენ დახმარებას და მფარველობას. მის სახელს უკავშირდება შამქორისა და ბასიანის ომებში ბრწყინვალე გამარჯვება.
შირვანის შაჰმა აღსართანმა და მისმა სიძემ ამირ-მირანმა შემწეობა სთხოვეს დედოფალს გალაღებული აბუბაქარის წინააღმდეგ. შირვანშა საქართველოს ყმადნაფიცი იყო და თამარმაც არ დააყოვნა.
ბრძოლა მოხდა 1195 წელს, შამქორში. ომში მიმავალი ლაშქარი მეფემ შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „ძმანო, ნუ შეშინდებით, რომ თქვენ ცოტა ხართ და ისინი ბევრნი, ღმერთი არის ჩვენთან - თქვენ მხოლოდ სასოება იქონიეთ ღმერთზე, ღმრთისმშობელსა და ჯვარზედ“. შემდეგ დალოცა ჯარი, წარუძღვნა ძელი ცხოვრებისა, თვითონ კი ფეხშიშველი მივიდა მეტეხის ტაძარში და ღმრთისმშობლის ხატის წინ „არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად. ვიდრემდის სრულჰყო ღმერთმან მან სათხოველი მისი“.
ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ჯარმა ამ ბრძოლაში და ხალიფას დროშა, რომლის თავზე მყოფ ბურთში 1000 ხალიფური ოქრო იყო, გელათის ხახულის ღმრთისმშობლის ხატს გაუგზავნა და თან საკუთარი იამბიკონიც გაატანა, რომელშიც ღმრთისმშობელსა და იესო ქრისტეს მადლობას სწირავდა დახმარებისთვის... „მუნითგან მიღებულ საბოძვართაგან ამას ერთსა (ხალიფას დროშას) შენდა შევწირავ (ძეო მარიამისავ, იესო) ღმერთო, და მეცა ძეებრ შემივედრე“.
1204 წელს რუმის სულთანი - რუქნადინი შემოესია საქართველოს უხამსი ქადილითა და თამარ მეფეს თავხედობით აღსავსე წერილი გაუგზავნა. თამარს ძალიან ეწყინა წერილის შინაარსი, რუქნადინის შიკრიკი საპატიო ტყვედ დატოვა და წმ. მეფის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დღე და ღამე პარაკლისებს აღავლენდნენ, მალემსრბოლნი კი მთელი საქართველოდან ქუდზე კაცს აგროვებდნენ.
ბასიანში ელოდა რუქნადინი თამარის პასუხს. ქართველთა ჯარი ვარძიასთან შეგროვდა; ჯერ ვარძიაში ილოცეს, შემდეგ კი ყარსამდე ფეხშიშველი, ჯვრით ხელში მიუძღოდათ წმ. თამარი. ერთი დღის სავალზე მიუახლოვდნენ ბასიანს და მხოლოდ მაშინ გააგზავნა რუქნადინის შიკრიკი წერილითურთ, სადაც წერდა: „შენ ოქროსა შეკრებილთა სიმრავლესა მეგირეთა მინდობილი ხარ, უმეცარ მსჯავრსა ღმრთისასა, ხოლო მე არცა-რას სხვასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ არამედ ძისა ღმრთისასა, ყოვლისა მბყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯვრისასა! იყავ ნება ღვთისა და ნუ შენი“. მართლაც, ღმერთს მინდობილმა თამარმა არნახული გამარჯვება მოიპოვა.
ყარსში ყველა ეამბორა წმ. თამარის ხელსა და ჯვარს, „რამეთუ ერთითა ხელითა თვით მას ეპყრა ძელი ჯვარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღვარსა ბასილის და ჯვარის მტვირთველსა“.
ლაშქრის ბრძოლის ველზე წასვლის შემდეგ წმ. მეფე თამარი ოძრახეს ეკლესიაში ავიდა სალოცავად, და „ყოველთაგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა“.
ქართველთა ჯარი კი ისე მოულოდნელად დაესხა თავს რუქნადინს, რომ მან აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო და როგორც „ქართლის ცხოვრებაში“ წერია: „რამეთუ სპანი თამარისნი უვნებლად დაიცვნა მოწყალებამან ღვთისამან.... და დიდებული ძლევა მიმადლა. ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცესა თამარისთა“...
ამ ძლევამოსილი ბრძოლების შემდეგ წმ. მეფემ მეგობრული ურთიერთობა დაამყარა დამასკოს სულთნებთან, რომლებსაც აეკრძალათ იმ ქრისტიანების დევნა-წამება, რომლებიც წმ. ადგილების მოსალოცად მიდიოდნენ. წმ. თამარმა სულთან სალადინისგან 200 000 დინარად გამოისყიდა ქრისტეს ჯვარცმის ჯვარი, რის გამოც ქართველებს მიეცათ უფლება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ცხენზე ამხედრებულნი, გაშლილი ეროვნული დროშებით შესულიყვნენ ხოლმე იერუსალიმში.
თამარ მეფემ ბასიანის ბრძოლის შემდეგ ანჩის საეპისკოპოსოს უამრავი ვერცხლი და ძვირფასი თვლები შესწირა წმ. ხატებისთვის, უპირველეს ყოვლისა კი - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისთვის. ბექა ოპიზარმა ამ შემოწირულობით ანჩისხატად წოდებული უფლის ხელთუქმნელ ხატს უმშვენიერესი მოჭედილობა გაუკეთა.
წმ. მეფე ყურადღებას არ აკლებდა არცერთ მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც საქართველოში, ისევე მის საზღვრებს გარეთ არსებულ ცენტრებში: „ელადის, მთაწმიდის, მაკედონიის, კონსტანტინეპოლის, შავი მთის, კვიპროსის და სხვათა, მან რამდენჯერმე სპეციალურად მოიწვია ამ წმ. ადგილებიდან მონაზონნი, ჩვეულებისამებრ, დიდი პატივი სცა და მისცა დიდძალი ოქრო, როგორც პირადად მათთვის, ასევე ეკლესია-მონასტრებისათვის.
ერთხელ, როცა ათონის მთის ბერები საბერძნეთში დაბრუნდნენ ძვირფასი საჩუქრებით დატვირთულნი, საბერძნეთის იმპერატორმა, ალექსი III ანგელოსმა მათ ყველაფერი წაართვა. ეს რომ გაიგო მეფე თამარმა, სასტიკად განრისხდა და დიდძალი ჯარით წავიდა საბერძნეთს, წაართვა ქართველური ტომებით დასახლებული ძალიან დიდი ტერიტორია და დააარსა ტრაპიზონის ქრისტიანული სამეფო. მეფედ დასვა მეფის კარზე ქართულად აღზრდილი ბერძენი უფლისწული - ალექსი კომნენოსი, ანდრონიკეს შვილი. ბერები კი ისევ დაიბარა და უფრო მეტი სიმდიდრე უბოძა მათ.
ამ დროისათვის საქართველოს სახელმწიფო უფლება იმიერ კავკასიასაც მისწვდა: ყივჩაღთა, ოვსთა, დურძუკთა მეფენი ყმად ჰყავდა, ხოლო შირვანშა და ათაბაგის ძე ქართველი მეფის წყალობით ისხდნენ ტახტზე. თამარმა თავრიზამდეც მიაღწია, აქამდე ქართველთა ნათესავთაგანს არავის დაედგა ფეხი ასე შორის.
წმ. მეფე თამარი ყოველი ბრძოლის წინ მთელ ერთან ერთად ლოცულობდა და შემდეგ მარტოც ლიტანიობდა ბრძოლის ველიდან შიკრიკის დაბრუნებამდე. სწორედ ამიტომ ღვთის წყალობაც უხვად გადმოდიოდა დაუღალავ მლოცველსა და მის ერზე: თამარის ლაშქრობები მუდამ ბრწყინვალე გამარჯვებებით თავდებოდა.
საოცარია, რომ საქართველოს უმწვერვალეს სამხედრო ძლიერების დროს ისტორიამ ნაზ და სათუთ არსებას, ქალს არგუნა მეფობა. ზოგნი თამარის წარმატებას გამჭრიახ მთავარსარდლებს მიაწერენ, ზოგნიც მემკვიდრეობით მიღებულ აწყობილ ქვეყანას; იყო ერთიც და მეორეც, მაგრამ ძლიერი და აყვავებული ქვეყანა, ძირითადად, მისი პიროვნების დამსახურება, იმ მადლის შედეგი იყო, უფლის თვალში რომ ჰპოვა საკუთარი ღვთისმოშიშებით, გონიერებით, წრფელი ლოცვით.
მას პატივს სცემდნენ არაქართველებიც. თამარს, ბევრ სხვა მაღალ თვისებასთან ერთად, ახასიათებდა მეზობელთმოყვარეობა და ყველასადმი ლმობიერება, „მოწყალება თანა-ლმობელი“ და, რაც მთავარია, ყმადნაფიც ქვეყნების უდიდესი მფარველობა. სიკეთე და სამართლიანობა, გონიერების ზეობა, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ეს დამახასიათებელი იყო თამარის პოლიტიკისთვის და ის ეფუძნებოდა ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ქადაგებულ კაცთმოყვარებას. მის ამ სიკეთეს გასაოცარი სიყვარულით უპასუხეს არაქართველმა ხალხებმა. ისინი საუკუნეების მანძილზე აქებდნენ მას, უძღვნიდნენ ლექსებს, სიმღერებს, ლეგენდებს. თამარი ზრუნავდა ადამიანების საყოველთაო კეთილდღეობისთვის. მის დროს ფაქტობრივად მოისპო სიკვდილით დასჯა. ესეც წინწადგმული ნაბიჯი იყო იმ დროის ქვეყნებთან შედარებით; მით უმეტეს, რომ სიკვდილით დასჯა დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ახლახან აიკრძალა.
აღსანიშნავია, რომ თამარი სახელმწიფო შემოსავლის მეათედს ღარიბებს აძლევდა. „გლახაკთ ნაათალი“ ახალი ამბავი არ იყო კულტურულ აღმოსავლეთში, მაგრამ მას ახდევინებდნენ ყველას, აქ კი ამ საქმეს თავად სახელმწიფო იღებდა საკუთარ თავზე და საკუთარი შემოსავლიდან იხდიდა. წმ. თამარ მეფის დროს აშენდა იკორთის, სამთავროს, ბერთუბნის, ბეთანიისა და სხვა მრავალი ტაძრები. არა ერთი ეკლესია აიგო ოსეთსა და ჩერქეზეთშიც. დიდებული ვარძია, რომელიც მსოფლიოს საოცრებად მოინათლა თამარის სახელთანაა დაკავშირებული.
როგორ შეძლო თამარმა ასეთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა?! მას ხომ არც აღმოსავლეთისკენ მიუპყრია თვალები, არც დასავლეთისკენ გაუშვერია ხელი, არც ჩრდილოეთში უძებნია მფარველი და არც სამხრეთში! აი, როგორ. მას, მიწიერი შემწის უარმყოფელს, ზეაპყრობილი ჰქონდა მზერა ღვთისკენ და ერთადერთს მას სასოებდა.
„დედოფალო ნეტარო, განუღე კარი მოწყალებისა ერსა შენსა ივერიისასა“, - არაერთხელ წარმოუთქვამთ თვალცრემლიანი მეფის ბაგეებს. ღვთის სიტყვის თანახმად, ვინც ითხოვს, ის ღებულობს კიდეც. ლომის ძუ ლეკვი ჭეშმარიტად სწორი შეიქმნა ხვადის.
თამარის პიროვნების, მისი სიბრძნის, უმანკო, ყოვლადმოწყალე განურისხებელი გულისა და მოღვაწეობის შეფასებისას, მისი ეზოსმოძღვარი ასეთ რამეს ამბობს: „რამეთუ ვითარ თმანი თავის თითოეულად ვერავინ აღრაცხნის, ეგრეთვე ვერავინ აღწერნეს საქმენი თამარისნი-ო“. ამიტომ იქცა თამარი ქართველი კაცის მარადიულ გულისთქმად, სიყვარულის წყაროდ, ზნეობრივ სინათლედ, ეროვნულ სიდიადედ, მშობლიური ხალხის უკვდავებად და მომავლის იმედად.
ილია მართლის სახელობის გიმნაზიის
IX კლასის მოსწავლე თამარ ადამია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“