წმიდა იოანე - ოქროპირ კათოლიკოსი დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.
კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირ-კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედექ კათალიკოს-პატრიარქისა (ხს. 1 ოქტომბერს), რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამიტომაც წმიდა იოანე IV და იოანე V ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.