წმიდა მოწამენი: პავლე და დაჲ მისი, იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატინიკე (+273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270-275) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა – კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს.
უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეებისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
სიკვდილის წინ ქრისტესთან მიახლოების სიხარულით გაბრწყინებული და-ძმა გალობდა: „შენ მაცხოვნე ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთაგან და მოძულეთა ჩვენთა არცხვინე“ (ფს. 43,8).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.