ღირსი ისიხი მმარხველი (+434) დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღვთისმოსაობაში გაზრდილმა ისიხიმ დატოვა სახლი და დაეყუდა მაიონისის მთის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიმ იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა.
გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხის ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიმ სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.
ისიხის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.