წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I) დაიბადა მცირე აზიის ქალაქ ისავრიასთან ახლოს მდებარე ბეთანიაში. წმიდა კონონს სიყრმიდანვე მთავარანგელოზი მიქაილი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შველოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში.
მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალმკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისაგან ჯილდოდ მოწამეობრივი გვირგვინი ვერ მიიღო.
ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.