წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელი (+361-363) ანტიოქიის საკათედრო ტაძრის პრესვიტერი იყო. ეს ეკლესია მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) და მისმა ვაჟმა კონსტანციმ ააგეს. კონსტანცის (337-361) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361-363) გადაწყვიტა კერპთაყყვანისცემის აღდგენა მთელი რომის იმპერიაში. იმპერატორმა ბრძანა, დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო ტაძრებიდან დაიწყო. მისი ბრძანებით, თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილებაში.
მიუხედავად მხეცური წამებისა, წმიდა მოწამე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდა ქრისტეს სარწმუნოებას, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.
პრესვიტერის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს.
სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა - გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპერატორი იულიანე კი სპარსელებმა ომში მოკლეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.