ღირსი იოანე ხახულელი (X-XI) საქართველოს მეფე ბაგრატ III თანამედროვე სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას, როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელს, „ოქროპირი“ უწოდეს.
სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ღირს იოანეს ხელი დაასხეს ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი - ხახულის ეპისკოპოსად.
დაახლოებით 1019 წელს ღირსმა იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა სამოღვაწეოდ.
ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: „ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოანე გრძელის ძისა და სულიერი შვილისა მისისა იოანე ოქროპირისათვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა“.
ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს (ხს. 13 მაისს) და გულითად მეგობრობას უწევდა მას.
„გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ ღირსი იოანე ხახულელი ათონზე აღესრულა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.