წმიდა მოწამე კონდრატე და მასთან ერთად წამებულნი დედანი და მამანი (+258). ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს ერთი კეთილმსახური კორინთელი ქალი, სახელად რუთი, მთებს შეეხიზნა. აქ მას შეეძინა ვაჟი, კონდრატე. მშობიარობის შემდეგ დედა გარდაიცვალა, ჩვილი კი, ღვთის განგებულებით, გადარჩა. ბავშვი სასწაულებრივად იზრდებოდა: მის თავზე ღრუბელი ეშვებოდა და ტკბილ ცვარს აწვდიდა. წმიდა კონდრატემ ბავშვობა და ყრმობა უდაბნოში გაატარა. როცა წამოიზარდა, ქრისტიანებს შეხვდა, რომლებმაც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გაანათლეს. წმიდა კონდრატე ჩინებული მკურნალი გახდა. მას ძალზე უყვარდა უდაბნოს მდუმარება და დიდ დროს ატარებდა განმარტოებით, მთაში. გავიდა მრავალი წელი. წმიდანთან უდაბნოში ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები და მიმდევრები: კვიპრიანე, დიონისე, ანეკტი, პავლე, კრისკენტი და სხვები.
ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის დეკიუსის (249-251) დროს, კორინთოს მმართველის, იასონის ბრძანებით, წმიდა კონდრატე თავის მეგობრებთან ერთად შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. ვერანაირმა დაპირებამ და მუქარამ ვერ გატეხა წმიდანები. მიუხედავად სასტიკი წამებისა და აუტანელი ტკივილებისა, წმიდა კონდრატე პოულობდა ძალას სხვების გასამხნევებლად. იასონმა ბრძანა, წმიდანები მხეცებისათვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ნადირმა მათ პირი არ დააკარა. შემდეგ ქრისტიანები ეტლებს მიაბეს და ქალაქში ათრიეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
კონდრატეს სხვა მოწაფეებიც მოწამეობრივად აღესრულნენ: დიონისე (საბა) ხმლით აკუწეს, ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე ცოცხლად ჩააგდეს ქვის სამტეხლოში, კლავდიუსს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, დიოდორე თვითონ ავიდა მისთვის გამზადებულ კოცონზე, სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, პაპიუსი და ლეონიდე ზღვაში დაახრჩვეს. მამაკაცებთან ერთად ბევრი დედაც ეწამა ქრისტესთვის.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.