წმიდა მოწამენი: კონდრატე ნიკომიდიელი, სატორინი, რუფინი და სხვები (III) აღესრულნენ იმპერატორ დეკიუსისა (249-251) და მისი მემკვიდრის, ვალერიანეს დროს.
წმიდა კონდრატე წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ის მთელ ქონებას რწმენისთვის დევნილ და ტყვედქმნილ ქრისტიანებს ახმარდა.
როდესაც ნიკომიდიაში ჩავიდა უსჯულო დეკიუსის მოხელე, პროკონსული პერენიუსი, წმიდა კონდრატემ სხვათა გასამხნევებლად საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და მდევნელის წინაშე წარსდგა. თავიდან პერენიუსი ჯილდოებითა და პატივით ცდილობდა კონდრატეს გულის მოგებას, მაგრამ როცა თავისი გადაწყვეტილების უსუსურობას მიხვდა, ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ლურსმნებზე დაეწვინათ, გულზე კი ლოდი დაედოთ.
ნიკეაში მიმავალმა პროკონსულმა ყველა ქრისტიანი, მათ შორის წმიდა კონდრატეც, თან წაიყვანა. ქალაქში ჩასვლისთანავე, წმიდანის თხოვნით, ქრისტიანები წარმართულ ტაძარში მიიყვანეს. როგორც კი ბორკილები შეუხსნეს, წმიდა კონდრატემ წარმართული კერპები დაამსხვრია. პროკონსულის ბრძანებით წმიდანი აწამეს. ის მაინც მხნედ იყო და თავისი სიმტკიცით სხვა მოწამეებსაც აძლიერებდა.
წამების დროს მოწამეებს თავს ნათელი ღრუბელი დაადგა, წარმართები კი ბნელში აღმოჩნდნენ. სამარისებულ სიჩუმეში ანგელოზების გალობა გაისმა. ამ სასწაულის მხილველმა ბევრმა წარმართმა იქვე აღიარა ქრისტე. პერენიუსის ბრძანებით ისინიც საპყრობილეში ჩაყარეს.
წმიდა კონდრატე შხამიანი გველებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ხრამში გადააგდეს. მეორე დილით, ყველას გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მოწამე საღ-სალამათი იყო. სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდანი სასტიკად სცემეს. ორი კეთილშობილი მოქალაქე, სატორინი და რუფინი, სიბრალულით განიმსჭვალნენ კონდრატეს მიმართ. ეს პერენიუსმა შეამჩნია და ბრძანა, თავი მოეკვეთათ მათთვის.
პერენიუსი ახალ-ახალ სატანჯველს იგონებდა წმიდანისათვის, მაგრამ მისი სულის გატეხვა ვერ მოახერხა. ბოლოს პროკონსულის ბრძანებით, წმიდა კონდრატეს თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.