წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც უკვე იმყოფებოდა ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.