წმიდა პიმენ სალოსი დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო - „კეთილშობილთაგანი“. წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების „ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის“ უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთისსათნო ცხოვრებით.
წმიდა პიმენი მის „ხედვით და ღვთისმეტყველებით სიბრძნეს“ მოგონილი სისულელით მალავდა „და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს“. წმიდანი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამა სოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესოებას. ღრმად განათლებული წმიდა მამა იყო „მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა“.
წმიდა ანტონი მესხი, ღრმად განათლებული „მოღვაწე და მმართველობითა სრული“ წმიდა მამა დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები წმიდა ანტონის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ „მას „სახელ-სდვეს ქართველთა მზედ“ ბევრ რამეზე მეტყველებს.
წმიდა მამები ერთად მოღვაწეობდნენ ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ, ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულიც (ხს. 12 მარტს) აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა. წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა მონაზონი ბასილი (ხს. 18 აპრილს), მანაც უშიშრად ამხილა მეფე.
საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ წმიდა ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს“.
ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა“.
ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმიდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი - მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.