წმიდა მოწამენი ტროფიმე და თალია (+300) პრესვიტერები, ძმები იყვნენ. ისინი ლაოდიკიაში მსახურობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (283-305) დროს, ქრისტიანთა დევნისას, ძმები შეიპყრეს და მიჰგვარეს გამგებელ ასკლიპიოდოტს. მან წმიდანთა ქვებით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ ნასროლი ქვები მსროლელებს უბრუნდებოდა. განმეორებითი დაკითხვის შემდეგ, ძმებს ჯვარცმა მიუსაჯეს. სასიკვდილოდ მიმავალნი უფალს განადიდებდნენ და მადლობდნენ, რამეთუ სათნო იჩინა და წმიდანებს ჯვარზე გაკრულნიც ქადაგებდნენ. დედა ამხნევებდა ჯვარცმულებს. ერთმა იუდეველმა ქალმა თაყვანი სცა წმიდანებს და წამოიძახა: „ნეტარ არიან დედანი, მშობელნი ამგვარი შვილებისა“. წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ საპყრობილის დარაჯმა იხილა სამი ანგელოზის თანხლებით ზეცას აღმავალი ძმების სულები. ხალხი მთელი ღამე არ მოშორებია წმიდა მოწამეთა გვამებს. დილით სასჯელის ადგილზე მივიდა ასკილიპიოდოტის ცოლი ნელსაცხებლებით და ძვირფასი სახვევებით. მან ხალხს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ძილში წმიდანები და ასკლიპიოდოტის დასასჯელად გამოგზავნილი ანგელოზები.
მოწამეთა დედამ და ორმა ქრისტიანმა - ზოსიმემ და არტემმა, წმიდა ძმები დაასაფლავეს მათ მშობლიურ ქალაქ სტრატონიკეში. ასკლიპიოდოტი მალე დაავადმყოფდა და საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.