ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411) დაიბადა რომში, ღვთისმოშიში და გლახაკთმოყვარე ევფიმიანისა და აგლაიდას ოჯახში. ალექსის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, ბოლოს ღმერთმა შეისმინა ქრისტეს ერთგული ცოლ-ქმრის ვედრება და წყალობის თვალით გადმოხედა მათ. კეთილმორწმუნე ოჯახს ვაჟი ეყოლა. ექვსი წლის იყო ალექსი, როცა სწავლა-განათლება დააწყებინეს. ყრმას განსაკუთრებით საღვთო წერილი იზიდავდა.
როცა წამოიზარდა, მშობლების მსგავსად, მკაცრად მარხულობდა, გლახაკებს ეხმარებოდა და მდიდრული სამოსლის ქვეშ ძაძებს ატარებდა. მასში ადრე გაიღვიძა სოფლის დატოვების და ღვთისმსახურებისთვის თავის შეწირვის სურვილმა. მშობლებს უნდოდათ ალექსი დაექორწინებინათ და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, საცოლეც მოუძებნეს.
ნიშნობის შემდეგ საცოლესთან მარტო დარჩენილმა ალექსიმ თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა, საცოლეს მისცა და უთხრა: „შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება“, თვითონ კი საიდუმლოდ გავიდა სახლიდან და მესოპოტამიაში მიმავალ ხომალდზე ავიდა.
ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესაში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლით და პურით იკვებებოდა. მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უძლურებს ურიგებდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანეს გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს: ალექსი მკაცრი მარხვისაგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისაგან მიიღო მოწყალება.
წმიდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეც დედამთილთან ერთად გლოვობდა.
ღირსი ალექსი ედესაში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ცათა სასუფევლისა; ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სულიწმიდა არს მის თანა.“ მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიმართ და სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოვლაწმიდა ქალწულის ხმა: ღვთის რჩეული ის მათხოვარია, ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზისო. მნათემ მოძებნა წმიდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეები, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხიბლით შეშინებული წმიდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა, მაგრამ, ღვთის განგებით, ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა, მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო, ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ.
მშობლების სახლში ალექსი განაგრძობდა ლოცვასა და მარხვას, მორჩილებით იტანდა წყენასა და დაცინვას მამის მსახურებისაგან. მისი ოთახი საცოლის ფანჯრების პირდაპირ იყო და ნეტარი მამა იტანჯებოდა მისი მოთქმა-ვაების სმენით. მხოლოდ ღვთისადმი უზომო სიყვარული ეხმარებოდა ნეტარს ამ ტკივილების გადატანაში. წმიდა ალექსი მშობლიურ სახლში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. უფალმა მას წინასწარ გამოუცხადა გარდაცვალების დღე, წმიდანმა აღწერა თავისი ცხოვრება და ეპისტოლეში შენდობა სთხოვა მშობლების და საცოლეს.
წმიდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში სწირავდა რომის პაპი ინოკენტი (402-417). წირვას იმპერატორი ჰონორეუსიც (395-423) ესწრებოდა. მსახურების დროს საკურთხეველთან გაისმა ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ (მთ.11, 28), მოძებნეთ ღვთისკაცი, მარადიულ სიცოცხლეში, დაე, მან ილოცოს ქალაქისათვის,“ შეშინებული და გაოგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისთვის სათნოყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამისთევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს, დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურღიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა „ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ“, როცა ევფიმიანესთან მივიდნენ, წმიდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სახე ანგელოზებრივ ბრწყინავდა, ხელში კი ეჭირა ქარტა, რომელიც ვერაფრით გააშვებინეს. წმიდანის ცხედარი ძვირფას სახვევებში შეგრაგნეს. პაპმა და იმპერატორმა მუხლი მოიდრიკეს ნეშტის წინაშე და შეევედრნენ, ხელი გაეშალა. წმიდანმა ხელი გაშალა. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილით თაყვანი სცეს წმიდა ნეშტს.
წმიდანის ცხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ მთელმა რომმა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმიდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნალოვანმა მირონმა დაიწყო დენა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.