წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია)
როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ. წმიდა ბიქტორმა უთხრა: „დედაჩემისა და ჩემი ძმის მსგავსად მეც მინდა საჯაროდ ვაღიარო ქრისტე“. სებასტიანემ კვლავ გააფრთხილა უშიშარი ქრისტიანი: „ამის გამო უბედურება მოგელისო“, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა.
სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა წარმოთქვა: „მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“, გვერდით მყოფ ბიქტორს უთხრა: „ქრისტე მიხმობს“. პირჯვარი გადაისახა და თვალიც აეხილა. სასწაულის მხილველმა სებასტიანეს მსახურებმა ბატონის მსგავსად პირჯვარი გადაისახეს.
მომხდარის შესახებ ნერონს ეუწყა. მან ბრძანა, ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან, შემდეგ წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელია ფოტინი - ნათელსხივოსანი, რამეთუ მრავალნი გაანათლო“, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“. ღვთის მიერ მომავალგანცხადებული ფოტინე რამდენიმე ქრისტიანთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა.
რომში იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. ნერონმა ბრძანა, წმიდანებისთვის თითები მოეჭრათ. წამების დროს აღმსარებლებს ტკივილები არ უგვრძვნიათ, ფოტინეს ხელები კი უვნებელი დარჩა. ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს. გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო. იმპერატორმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ წმიდანები და სამი დღის განმავლობაში ეცემათ. მეოთხე დღეს, წამების ადგილზე მისული ნერონის მსახურები დაბრმავდნენ. უფლის ანგელოზმა მოწამენი გაანთავისუფლა და განკურნა. წმიდანები შეევედრენ უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა წარმართებისათვის. განკურნებულმა ირწმუნეს ქრისტეს ყოვლისშემძლეობა და მოინათლნენ.
გამძვინარებულმა ნერონმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას წვივები დააჭრეს, ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა, მათთვის მკერდი დაეჭრათ, შემდეგ კი ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი დადრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ფოტიდა ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.
ამის შემდეგ ნერონმა თავისთან მოიხმო წმიდანი და ურჩია დამორჩილებოდა და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტიდამ შენერწყვა იმპერატორს და უთხრა: „უსჯულო, ბრმაო, უგნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი, სადაც აღესრულა კიდეც.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.