წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი წმიდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქად.
წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატეაში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ. პატრიარქის თხოვნით წმიდა თეოდორე სიკიოტელმა (ხს. 22 აპრილს) ახსნა მომხდარი. მისი სიტყვით, ეკლესიას ელოდა უბედურება, ქვეყანას კი - ბარბაროსთა თავდასხმა და განადგურება. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.
წმიდა თომას გარდაცვალების (+610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმიდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი (610-638) მონოთელიტთა ერესში ჩავარდა. მალე, ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. მცირე აზიის ბერძნული მხარე სრულიად გაუდაბურდა, იერუსალიმი დაეცა, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი უსჯულოებმა სპარსეთში წაასვენეს. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.