წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა სამღვდელო ხარისხი.
როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (+361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილებაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო, ქრისტეო! სასოებაო ჩემო, იესო! მყუდრო ნავთსაყუდელო დევნულთაო! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.