წმიდა იოანე წინასწარმხედველი (+395) დაიბადა IV ს-ის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუა ეგვიპტე). 25 წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობადა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი განმარტოებით ცხოვრების მსურველმა თებაიდის ერთ-ერთ მთას მიაშურა. წმიდა იოანე 15 წელი ცხოვრობდა განდეგილად და არასოდეს ტოვებდა თავის სამყოფელს. მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. ოცდაათწლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. იმპერატორ თეოდოსი დიდს (379-395) მან უწინასწარმეტყველა მაქსიმესა და ევგენიზე გამარჯვება და ძლევამოსილი ომი გალების წინააღმდეგ. მასთან მისულებს წმიდა მამა მომავალს აუწყებდა და რჩევას აძლევდა, ავადმყოფებს მაკურნებელ ნაკურთხ ზეთს სცხებდა.
ღირსმა იოანემ მისი ცხოვრების აღმწერელს, ბერ პალადის ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. მისი წინასწართქმა ახდა.
ღირსი იოანე აღესრულა ღრმად მოხუცი, 90 წლის ასაკში, 395 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.