ღირსი მალქოს ასური (IV) იყო ანტიოქიელი მიწათმოქმედის ერთადერთი ვაჟი. მშობლებს უნდოდათ მისი დაქორწინება, მაგრამ მალქოსი წავიდა სახლიდან და ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. მამის სიკვდილის შემდეგ მალქოსმა დედის მონახულება გადაწყვიტა. მონასტრის იღუმენმა მორჩილს კურთხევა არ მისცა, მაგრამ მალქოსმა არ გაუგონა და ანტიოქიაში მიმავალ მოგზაურთა ჯგუფს შეუერთდა. გზაში მოგზაურებს სარკინოზები დაესხნენ თავს, შეიპყრეს და მონებად წაიყვანეს. ბატონმა ბერი მალქოსი აიძულა ერთ-ერთ მონა ქალზე დაქორწინებულიყო. წმიდა მალქოსმა მეუღლესთან შეთანხმებით უბიწოება შეინარჩუნა და მასთან ერთად გამოიქცა ტყვეობიდან. ბატონისაგან დევნილი ლტოლვილები ლომის ბუნაგში დაიმალნენ. ლომმა მდევარი გაგლიჯა, მალქოსსა და მის მეუღლეს კი არ გაჰკარებია. წმიდა მალქოსმა მეუღლე დედათა მონასტერში დატოვა, თვითონ კი თავის სავანეში დაბრუნდა. ამასობაში იღუმენი გარდაცვლილიყო. ამის შემდეგ მალქოსს მონასტერი არ დაუტოვებია და იქვე მიიცვალა მშვიდობით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.