ღირსი ბასილი ახალი (+დაახლ. 944) ახალგაზრდობაშივე განმარტოვდა უდაბნოში. ერთხელ გზად მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორის კარისკაცებმა შეამჩნიეს იგი კონკებში გახვეული, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წაიყვანეს. ღირსი მამა პატრიცმა სამსონმა დაკითხა. ბასილიმ დამალა თავისი ვინაობა და თქვა, რომ მწირი იყო. სამსონმა წმიდანის დასჯა ბრძანა. ბასილი ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე თავდაღმა დაჰკიდეს, მაგრამ კრინტი ვერ დააძვრევინეს. ღირსი მამის დუმილის მიზეზი ის იყო, რომ არ სურდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ნაღვაწი კეთილი საქმეები სახალხოდ გამოეფინა. სამსონმა წმიდა ბასილი გრძნეულად ჩათვალა და მშიერ ლომს მიუგდო შესაჭმელად. ნადირი მორჩილად გაუწვა წმიდანს ფეხებთან. შემდეგ ღირსი ბასილი ზღვაში გადააგდეს. ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავ დაიცვა თავისი რჩეული: ორმა დელფინმა იგი კონსტანტინეპოლის მეშვიდე ზღუდესთან – ევდომთან გამოიყვანა. წმიდა მამას ბორკილები გაეხსნა და სრულიად თავისუფალი შევიდა დედაქალაქში. ქალაქის შესასვლელთან დასასვენებლად ჩამომჯდარ ბასილისთან ცხელებით შეპყრობილი კაცი, სახელად იოანე მივიდა. წმიდა მამის ლოცვით ავადმყოფი განიკურნა. იოანემ თავისთან მიიპატიჟა ღირსი მამა. მისი კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევისათვის და კურნებისათვის. წმიდა ბასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისაკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს. მიმსვლელთა შორის იყო ვინმე გრიგოლი, რომელიც დაემოწაფა მას და აღწერა წმიდანის ცხოვრება.
როდესაც წმიდა ბასილის მსახური, თეოდორა გარდაიცვალა, გრიგოლმა სთხოვა ღირს მამას, გაეცხადებინა მისთვის შესვენებულის სიკვდილის შემდეგი ცხოვრება. წმიდა ბასილის ლოცვით გრიგოლს ძილში გამოეცხადა თეოდორა და მოუთხრო, თუ როგორ გაიარა მისმა სულმა სიკვდილის შემდგომ საზვერეები და როგორ შეეწეოდა წმიდა ბასილის ლოცვა (ღირსი თეოდორას ხსენება – 30 დეკემბერს).
ღირსი ბასილი გარდაიცვალა დაახლ. 944 წელს, 110 წლის ასაკში. ეკლესია მას ახალს უწოდებს სხვა თანამოსახელე წმიდანთაგან გამოსარჩევად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.