წმიდა იოად წინასწარმეტყველი იყო სამარიტელი და წინასწარმეტყველებდა მეათე საუკუნეში ქრისტემდე. მის შესახებ მოთხრობილია III მეფეთა წიგნის მე-13 თავში. უფალმა წმიდა იოადი იუდეიდან ბეთილში გააგზავნა ისრაელის მეფის იერობოამის სამხილებლად, რომელმაც ერი აცდუნა და კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩააგდო. ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა: „არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაც მოხვედ“ (3 მფ. 13,9).
იოად წინასწარმეტყველი წარუდგა იერობოამს და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მეფემ ხელით ანიშნა, შეეპყროთ წინასწარმეტყველი და ეს ხელი იმწამსვე შეახმა. იერობოამი შეევედრა იოადს, ელოცა მისთვის და წინასწარმეტყველის ლოცვით განიკურნა კიდეც. სამშობლოში დაბრუნებულმა იოადმა უგულვებელყო უფლის მცნება და ცრუწინასწარმეტყველის ემვეს მოწოდებული საჭმელი მიიღო. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა: წინასწარმეტყველი ლომმა დაახრჩო. იოადის ნეშტი მისი მაცდუნებელი ცრუწინასწარმეტყველის საცხოვრებელთან დაასაფლავეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.