რამდენიმე მაგალითი ვირიცელი ბერის
საკვირველთმოქმედებისა და ზეციური მეოხების შესახებ

იღუმენია ბარბარას მოგონება

(კურემიაეს (ესტონეთი) პიუხტიცის დედათა მონასტრის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი)

„1947 წელი გახლდათ. ჩვენი ოჯახი ახალი დაბრუნებული იყო ევაკუაციიდან, კიროვის ოლქიდან და მშობლებთან ერთად ლუგაში ვცხოვრობდი. იქ ბევრს საუბრობდნენ უდიდეს ბერსა და მლოცველზე, მამა სერაფიმეზე. ძალიან მომინდა მისი ნახვა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ვირიცაში გავემგზავრე.

ჩავედი პეტერბურგში, იქიდან - სადგურ ვირიცაში. ვუახლოვდები სახლს. დიდი ვერანდაა. ვაკაკუნებ, შევდივარ. იქ კი უამრავი ხალხია. „აქ ცხოვრობს მამა სერაფიმე?“ - ვკითხულობ. „აქ, ოღონდ არავის იღებს, წაიკითხეთ!“ კარზე განცხადებაა: „მამა სერაფიმე ავადაა, გთხოვთ, ნუ შეაწუხებთ და ნუ დააკაკუნებთ!“

უცებ კარი იღება, გამოდის მონაზონი და ამბობს: „ვინ არის აქ ლუგადან?“ ვფიქრობ: „ვინ არის აქ ლუგადან?“ დავიბენი. ყველა მე მიყურებს. „მე ვარ“, - ვამბობ. „მამა სერაფიმემ თქვა: „შემოუშვით ლუგადან ჩამოსული გოგონა“. შემოდი, შვილო!“ - თბილად მომმართა მონაზონმა.

აი, ბერის კელიაც, მარჯვნივ წმინდა ხატებისათვის დიდი კუთხეა, მარცხენა კუთხეში - საწოლი. ბერი ბალიშებზე წევს, მივუახლოვდი, დავიჩოქე და ვუყურებ. როგორი ნათელი, ჩაცვენილი ღაწვებია! გამჭოლი ნაცრისფერი თვალები, სახე კი... ეს სახე კი არა, ხატებაა! სქემოსანის ჯვრიანი თავსაბურავი... სქემითაა შემოსილი, საიდუმლო ჯვარი... პირი გავაღე, მაგრამ სიტყვის წარმოთქმაც ვერ შევძელი. ვუყურებ, ვუყურებ... ისიც დაკვირვებით მიცქერს. მამამ სიჩუმე დაარღვია: „შვილო, რა გნებავთ? რითი მოხვედით ჩემთან?“ მღელვარებისგან გული ამიძგერდა და ჩავიბუტბუტე: „მამაო, ძვირფასო, მე არაფერი მინდა, მხოლოდ თქვენი კურთხევა და წმინდა ლოცვა მჭირდება“. და თან ვუყურებ მას. ისიც მიყურებს. ეღიმება და ამბობს: „დედა ანა, მომიტანეთ ორი სეფისკვერი: ერთი დიდი და ერთი პატარა!“ დედა ანამ მოიტანა იღუმენიას დიდი სეფისკვერი. „ეს - თქვენ, - მამა სერაფიმე მაძლევს, - ეს კი დედათქვენს გადაეცით. დაე, სამოც ნაწილად გაყოს და სამოცი დღის განმავლობაში ნაკურთხ წყალთან ერთად მიიღოს“.

(დედამ ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულა, როგორც მამა სერაფიმემ თქვა. სულ უნდოდა ბერთან წასვლა და ამბობდა: „შვილო, ისე მინდა მამა სერაფიმესთან წასვლა!“ მაგრამ მასაც, როგორც ყველას, დრო არ ჰყოფნიდა. ასე რომ, გამოცანად დარჩა, თუ რატომ გააყოფინა ბერმა დედაჩემს სამოც ნაწილად სეფისკვერი).

„როცა წახვალთ - გააგრძელა ბერმა, - თქვენი ცოცხალი და გარდაცვლილი ნათესავების მოსახსენებლი დამიტოვეთ და შეძლებისდაგვარად ვილოცებ“. ბერი მიყურებს და მიღიმის. მის წინ მუხლებზე ვდგვარ და ვუყურებ. ის კი მეკითხება: „შვილო, როგორ წახვალ ლუგაში?“ დავიბენი. „ლენინგრადში - მატარებლით, იქიდან - ლუგაში“, - ვუპასუხე. „შენ კი, აი, რა გააკეთე! ჩემგან რომ წახვალ, ეკლესიაში შეიარე, ყაზანის ღვთისმშობლის ხატს ემთხვიე. შემდეგ საფლავებს ეცი თაყვანი. იქ ჩემი სქემოსანი მონაზონი, დედა სერაფიმა, განისვენებს. ახლოს დიდი გზაა. გახვალ ამ გზაზე და სატვირთო მანქანა ჩამოივლის. არ შეგეშინდეს, ხელი დაუქნიე. ის გააჩერებს და რკინიგზამდე მიგიყვანს. იქ მატარებელში ჩაჯდები და ერთ საათში შენს ლუგაში იქნები (აღმოჩნდა, რომ ვირიციდან 5 კმ-ში სადგური სივერსკაია მდებარეობდა, საიდანაც ლუგამდე ძალიან მოკლე მანძილი იყო)“. აზრადაც არ მომსვლია, ბერისათვის მსგავსი რამ მეკითხა. ძალიან გავოცდი. ვუყურებ მას: როგორი ნათელი, წმინდა ადამიანია, ზეციური სასუფევლის ნამდვილი ბინადარია და აი, უცებ ასეთ პრაქტიკულ რაღაცეებზე მელაპარაკება... ახლაც ხშირად ვიხსენებ ამას. პიუხტიცაში, ამ წმინდა ადგილას ყოფნისას, ხშირად მიხდება ცხოვრებისეული და პრაქტიკული საკითხების გადაჭრა. როგორი შორსმჭვრეტელი და უბრალო იყო მამა! რაოდენი დიდი სიყვარული ჰქონდა, როგორი მაგალითი იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის! ასეთი მზრუნველობა წვრილმან საკითხებშიც კი...

ვდგავარ მუხლებზე, გულზე ხელებგადაჯვარედინებული და შევყურებ მას. არ ვიცი, რა დრო გავიდა, რამდენ ხანს ვიყავი მასთან. ის კი მეუბნება: „მოდი, დაგლოცავ შენ, შენს მშობლებსა და მთელ შენს სანათესაოს!“ და პირჯვარი გადამსახა. მე თავი მოვიდრიკე. მოვემზადე წასასვლელად. ბერისთვის ზურგისშექცევა ვერ გავბედე და ფეხის წვერებზე გამოვედი კელიიდან.

შევედი ეკლესიაში. ყაზანის ღვთისმშობლის ხატს ვემთხვიე, საფლავებზე ვილოცე. ახლა, ვფიქრობ, გზაზე უნდა გავიდე. ვხედავ, აგერ, დიდი გზაა და მანქანა მოდის. მანქანაში მოხუცი ქალები სხედან, არყის ხეების უწყვიათ. გაუბედავად ავწიე ხელი: „ახალგაზრდავ, სივერსკაიას სადგურამდე ხომ ვერ მიმიყვანთ?“ - „ჩვენც იქით მივდივართ“. მიმიყვანეს გადასასვლელამდე. ჩამოვედი, მადლობა მოვახსენე. მესმის მატარებლის ხმა. ძლივს მოვასწარი ვაგონში ჩაჯდომა და დაიძრა კიდეც მატარებელი. გამვლელი, სწრაფი მატარებელი აღმოჩნდა. სიხარულისგან არც კი მახსოვს, როგორ ჩამოვედი. თითქოს, ახლა ვიჯექი ვაგონში და უკვე სახლში ვარ (მარშრუტს, ლუგა - ლენინგრადი - ვირიცა, დაახლოებით 8 სთ. სჭირდებოდა, ხოლო მამა სერაფიმეს მიერ მითითებულ მარშრუტს, ვირიცა - სივერსკაია - ლუგა, ორჯერ ნაკლები).

აი, ასეთი შეხვედრა მქონდა მამა სერაფიმესთან 50 წლის წინათ. ღვთის წყალობით, წმინდა ბერი ვიხილე და მისგან კურთხევა და სეფისკვერი მივიღე. ახლა, როცა იღუმენიას სეფისკვერს მაძლევენ, უნებლიეთ მამა სერაფიმე და ის დღე მახსენდება. ყოველივე კი ჩემი მონაზვნად აღკვეცამდე 20 წლით ადრე მოხდა“.

 

იღუმენია გეორგიას მოგონება

(ქალაქ იერუსალიმის გორნენსკის დედათა მონასტრის
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი)

„დავიბადე 1931 წელს, სანკტ-პეტერბურგში. ომი რომ დაიწყო, მთელი ოჯახი ბლოკადაში მოვყევით. 1942 წელს მამა გარდაიცვალა, 1943 წელს - დედა. 1944 წლამდე მე და ჩემი უმცროსი და, ლიდა, ბავშვთა სახლში ვიმყოფებოდით. შემდეგ დეიდამ, მატრონა სტეპანოვამ, წაგვიყვანა აღსაზრდელად. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ასევე დაობლებული ბიძაშვილი, ნინა, რომელიც ჩემზე სამი წლით უფროსი იყო.

მშობლები და მთელი ჩემი ნათესაობა მორწმუნეები იყვნენ. დეიდას სახლში სასულიერო წიგნები ჰქონდა: ბიბლია და წმ. დიმიტრი როსტოველის მიერ შედგენილი წმინდანთა ცხოვრება. ძალიან მიყვარდა ღვთის სიტყვის მოსმენა და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში წიგნებს ვკითხულობდი. თხუთმეტი წლის ასაკში მონასტერში წასვლის მძაფრი სურვილი დამეუფლა. წმინდანების მსგავსად მსურდა მეღვაწა. სურვილი უფრო და უფრო მიცხოველდებოდა, მაგრამ ხსნის გზაზე როცა დგება ადამიანი, აი, მაშინ იწყება ცდუნებებიც. ჩემთვისაც დადგა მძიმე განსაცდელისა და ცრემლთა ფრქვევის დრო.

დეიდა კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ჩემს კეთილ განზრახვას. თავდაპირველად თქვა, ეპარქიის გამგებლის კურთხევაა აუცილებელიო. იმ დროს ჩვენს კათედრას მიტროპოლიტი გრიგორი (ჩუკოვი) განაგებდა. მეუფემ მიმიღო და სიხარულით მაკურთხა. დეიდა კვლავ წინააღმდეგი იყო, ღვთის ნების გაგება და უხუცესი ბერის კურთხევაა საჭიროო.

ეს 1948 წლის ზაფხულში მოხდა. ვირიცაში რომ ჩავედი, შევძრწუნდი, იმდენი ხალხი ირეოდა ბერის სახლთან და მის ახლომახლოს. ვიღაცა ქუჩაში მიმოდიოდა, ვიღაცა ბალახზე იჯდა, ვიღაცა კარებთან იდგა და ლოცულობდა ბერის თანაშემწის, დედა სერაფიმას გამოსვლის მოლოდინში. მისი გამოსვლისას პირველად ვიხილე სკუფიითა და ლეჩაქით შემოსილი მონაზონი. გული შემიქანდა, ნამდვილი ანგელოზი იყო. მაშინვე გავიფიქრე: „შევძლებ კი, მეც ასეთი ვიყო? მე ხომ ისეთი ცოდვილი ვარ, ესენი კი - წმინდანები...“ უცებ სასწაული მოხდა. დედა სერაფიმა პირდაპირ ჩემთან მოვიდა და მკითხა: „გოგონა, შენ რისთვის მოხვედი, რა დაგემართა?“ მე ვუპასუხე: „ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ღვთის ნება უნდა გავიგო“. ის ბერთან დაბრუნდა, მალე გამოვიდა, ხელი მომკიდა და მითხრა: „ბერმა მასთან შესვლაზე გაკურთხა“.

კელიაში ლოცვით შევედი. ბერის შესახედაობამ მაშინვე განმაცვიფრა, იმდენად ნათელი იყო, მართლაც, რომ ბრწყინავდა. უზომოდ ალერსიანი იყო. მისი წინაშე მუხლებზე დავეცი და ავქვითინდი. დაწყნარება დიდხანს ვერ შევძელი. როგორც ჩანს, რაც გულში მქონდა დაგროვილი, ყველაფერმა გადმოხეთქა. ბერმა დამამშვიდა, დამლოცა, თავზე მომეფერა და მითხრა: „აბა, მიამბე შენს შესახებ!“ მეც დაწვრილებით ვუამბე, რომ იმჟამად არქივში ვმუშაობდი, ადრე სადაც ვმუშაობდი, ისიც ვუთხარი. მონასტერზე ხმის ამოღებასაც კი ვერ ვბედავდი. ბერი მხოლოდ მისმენდა, დუმდა. მისმა სიჩუმემ შემარცხვინა, კვლავ ავტირდი და უცებ გულის სიღრმიდან აღმომხდა: „მამაო, ძალიან მინდა მონასტერში წასვლა!“ მამა სერაფიმე მაშინვე გამოცოცხლდა და ალერსიანად მითხრა: „აი, შვილო, ეს არის შენი გზა, თავად დედა ღვთისამ ამოგირჩია!“ მან კედელზე დაკიდებულ ფოტოზე მიმითითა. საოცარი მონასტერი დავინახე. ეს პიუხტიცა იყო. „აი, აქ არის  შენი გზა“, - მითხრა ბერმა. სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე ის მდგომარეობა, რომელშიც მაშინ აღმოვჩნდი. სული სიხარულით აღივსო. მსურდა, ღმერთისთვის განუწყვეტლივ სამადლობელი აღმევლინა და აცრემლებულმა კვლავ ბერის ხელი დავკოცნე. მან დამლოცვა, მომცა სეფისკვერი და მითხრა, რომ ჩემთვის ილოცებდა. მისგან უბედნიერესი ადამიანი გამოვედი.

სახლში რომ დავბრუნდი, დეიდა ადრინდელზე მეტად შეეწინააღმდეგა ჩემს გადაწყვეტილებას: „არსადაც არ გაგიშვებ! დიდი ამბავი, ბერმა თუ თქვა“. გული კვლავ დარდით ამევსო.

შემოდგომაზე პიუხტიციდან პეტერბურგში იღუმენია რაფაელა ჩამოვიდა. მოვახერხე მასთან შეხვედრა. ჩემს დანახვაზე შეწუხებულმა წინამძღვარმა თქვა: „ჯერ კიდევ ისეთი ახალგაზრდა და სუსტი ხარ! ჩვენთან კი რთული მორჩილებაა: პურს თავად ვაცხობთ, შეშას ვხერხავთ, საქონელს ვუვლით“. მუხლებზე დავეცი და ვუთხარი: „დედაო, მორჩილების გამო ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ მხოლოდ მასწავლეთ!“ ჩემი გულწრფელი სურვილის დანახვაზე წინამძღვარმა მაკურთხა და მითხრა: „დაეთხოვე და ჩამოდი!“ მან ჩემი დაც, ნინაც, აკურთხა, მასზეც ვთხოვე.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დავწერე და ქალაქიდან გასვლა ვითხოვე. დეიდამ ეს რომ გაიგო, მაშინვე არქივის დირექტორთან მივიდა და უთხრა, რომ ნებართვა არ მოეცათ: მას მონასტერში უნდა წასვლა...“ იმ დროს ეს მეტად უჩვეულო იყო. აი, მაშინ კი დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი ჩემს გარშემო. იძულებული გავხდი, მეორედ ჩავსულიყავი მამა სერაფიმესთან. კვლავ სასწაული მოხდა. სისუსტის მოუხედავად ბერმა მიმიღო. საყვარელ ბერს ჩემი უბედურება მოვუყევი, ვუთხარი, დეიდა არ მიშვებს-მეთქი. მამა სერაფიმემ კვლავ გაიმეორა: „შენ მონასტერში უნდა იცხოვრო. დედა ღვთისა მოგიწოდებს! დეიდას და შენს უმცროს დას ღმერთი არ მიატოვებს“. დამშვიდობებისას მითხრა, რომ დეიდა მატრონა აუცილებლად მისულიყო მასთან.

დეიდა რამდენიმე დღე ვერ ბედავდა ბერთან წასვლას, მაგრამ კურთხევის შეუსრულებლობაც არ შეეძლო. ვირიციდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა. ყველა განაცვიფრა მასში მომხდარმა ცვლილებამ. ის მხოლოდ ჩუმად ტიროდა და ამბობდა: „შენ ხომ სრულიად ბავშვი ხარ! მაგრამ იყოს ნება ღვთისა!“

სამსახურიდან გათავისუფლება დიდი წვალებით მაინც მოვახერხე. 1949 წლის 24 იანვარს ჩვენმა სულიერმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა, სახლში ილოცა და 25 იანვარს ღამით მე და ნინა ესტონეთში გავემგზავრეთ. ღვთის განსაკუთრებული წყალობის ნიშნად აღვიქვით, როცა სადგურ იიხვეში დილის ხუთ საათზე პირველად ვიხილეთ ჩრდილოეთის ციალი. იქიდან კურემიაემდე მანქანას გავყევით და მონასტერში მშვიდობით ჩავედით. იქ მაშინვე მონაზვნებთან ერთად კელიებში განგვათავსეს და მონაზვნურ ცხოვრებას შევუდექით“.

 

პროტოპრესვიტერი ვასილ ერმაკოვის მოგონება

(ღირსი სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)

„ომის შემდგომ, 1946 წლის შემოდგომის ერთ მშვნიერ მზიან დღეს სემინარიის ნახევრადდანგრეული შენობიდან გამოვედი და ვირიცაში გავემგზავრე. ღრმადმორწმუნე ხალხის რჩევით წმინდა ადამიანის რეპუტაციის მქონე მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს სანახავად წავედი. მინდოდა, მომავალი სასულიერო გზის დალოცვა მეთხოვა.

ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩავედი ვირიცაში. აი, მადლმოსილი ბერის სახლი. გარშემო ხალხი ირეოდა, ბერთან შეხვედრას ელოდნენ. მეგობართან, პეტრე კოლოსოვთან, ერთად ვიყავი და როგორც ახლადგახსნილი სასულიერო სემინარიის აღსაზრდელები, ურიგოდ შემიშვეს.

როგორც სულიერი და შორსმჭვრეტელური იყო ბერის სიტყვები! მთელ მის გამომეტყველებაში იგრძნობოდა რაღაც საოცრად მშობლიური, ის რაც შემეცნების მიღმა არსებობს. ის ყველასათვის მზრუნველი და მოსიყვარულე მამა იყო. მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდით, ლოცვა-კურთხევა ვთხოვე და აი, უკვე ორმოცდაათი წელია, რაც ამ ლოცვა-კურთხვით ვცოცხლობ. ბერისგან გამოსულმა საოცარი სულიერი სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს, მძიმე ტვირთი მომეშორებინოს...

მამა სერაფიმეს მაღალ კურსებზე გადასვლის შედეგადაც ვნახულობდი. რჩევისა და კურთხევის მისაღებად მასთან სემინარიისა და სასულიერო აკადემიის ომისშემდგომი გამოშვების თითქმის ყველა სტუდენტი დადიოდა. ყველა, როგორც ერთი, ისე აღიარებდა ბერის გამჭრიახობასა და ღვთისგან ბოძებულ ზებუნებრივ ნიჭს. მასავით არავის შეეძლო ათასგვარ უბედურებასა და გასაჭირში მყოფი ხალხის დამშვიდება. ახლა რთული წარმოსადგენია, თუ რა სიძნელესთან იყო დაკავშირებული იმ პერიოდში სემინარია-აკადემიაში სწავლა. რამდენი ბოროტება გვეხვია გარს! როგორ მტრულად გვექცეოდა ხალხი! და აი, თითოეული ჩვენთაგანი მამა სერაფიმესთან ვიღებდით ნუგეშს. მისი საოცარი რჩევა-დარიგებები იყო დიდი სკოლა, რომლითაც შემდეგ მთელი ცხოვრება ვსარგებლობდით. ის, რაც გონებისათვის მიუწვდომლად გვესახებოდა, ბერი ორიოდე სიტყვით მარტივად განგვიმარტავდა. ვირიცელი ბერი დამოძღვრის არაჩვეულებრივ ნიჭს ფლობდა. მასთან შეხვედრის შემდეგ საოცარი სულიერი განცდა გვეუფლებოდა და გულწრფელად გვსურდა, ღვთისმაძიებელ ხალხს რწმენისა და მადლის მოპოვებაში დავხმარებოდით...

დიდია წმინდა ბერის ლოცვა-კურთხევის ძალა. მღვდლობის პერიოდშიც ეს ლოცვა-კურთხევა გვიცავდა უღმერთობასთან მრავალწლიან ბრძოლაში. ასევე, საღვთო განგება იფარავდა თავად ბერს, ქრისტეს მრავალრიცხოვანი სამწყსოს უდიდეს მწყემსს. ღვთისმებრძოლმა ხელისუფლებამაც ვერ გაბედა მისთვის ხელის ხლება. რუსეთის ყოველი კუთხიდან მოემართებოდა ხალხი ვირიცაში, რათა ჭეშმარიტი სულიერება ეხილა. მამა სერაფიმე ყველას ჩუქნიდა საოცარ სულიერ სიხარულს. ყველას ასწავლიდა, მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოება და თავად იძლეოდა ურყევი სარწმუნოებისა და შემართული ლოცვის მაგალითს.

განუზომელია ეკლესიის წინაშე ბერის დამსახურება. მრავალი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ნეველის ლავრასა თუ ვირიცაში მოღვაწეობის დროს, სიცოცხლის ბოლომდე მას მტკიცედ ეპყრა მართლმადიდებლობა უღმერთო და ათეისტურ სამყაროში. ჯერ კიდევ ომამდე, ბევრს ეგონა, რომ ეკლესია საბოლოოდ განადგურდა. დიდი სამამულო ომის განსაცდელებით სავსე წლებში მისი მხურვალე ლოცვები რუსეთს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. განსაკუთრებული ბრწყინვალებით აკიაფდა ვირიცელი ბერის სახელი ომისშემდგომ პერიოდში, როცა სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან მრავალი გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანი მიდიოდა მასთან ნუგეშის, რჩევის, ლოცვის თუ კურთხევის მისაღებად. რაოდენ სასიხარულო იყო, რომ ომის დამთავრების შემდეგ მამა სერაფიმეს პირველი მნახველები სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ. აღნიშნული რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი მწყემსების მიმართ უფლის განსაკუთრებული მზრუნველობა შეგვიძლია დავინახოთ.

დღემდე ყოველი პანაშვიდის გადახდისას სქემოსანი მღვდელმონაზვნის სერაფიმე ვირიცელის სახელს გიხსენებ. კელიაში ვევედრები და ყოველი დღისათვის წმინდა ლოცვა-კურთხევას ვითხოვ, ვევედრები ისევე, როგორც ერთ დროს, ჯერ კიდევ ამქვეყნიურ განდიდებამდე, ხალხი ევედრებოდა ღირს სერაფიმე საროველს, იოანე კრონშტანდტელსა და ქსენია პეტერბურგელს. ღრმად მწამს მისი ზეციური მეოხების და საკუთარ თავზეც არაერთხელ მიგვრძვნია მისი წარმოუდგენელი ძალა“.

 

პროტოპრესვიტერი იოანე მირონოვის მოგონება

(ღვთისმშობლის ხატის „ბარძიმი შეუსმელის“ სახელზე აგებული ტაძრის წინამძღვარი)

1947 წელს სასულიერო სემინარიაში სწავლა გადავწყვიტე. ომისშემდგომ წლებში მრავალი ფსკოველი დადიოდა მამა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვის სათხოვნელად. ამ დიდებული მოსაგრის შესახებ დეიდაჩემმა, ანა მიტროფანეს ასულმა, მიამბო: „ვირიცაში ერთი დიდებული ბერია, ყველაფერს ხედავს. თუ როგორია შენზე ღვთის ნება, მისგან შეიტყობ...“ (იმ დროს მამა იოანეს (ივანოვი, კიროვისა და სლობოდის მომავალი ეპისკოპოსი) სულიერი შვილი ვიყავი. ავიღე მისგან ლოცვა-კურთხევა და ვირიცისკენ გავემართე. ასე მიმიყვანა უფალმა მამა სერაფიმესთან.

ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს. მან შემდგომში მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. ეს იყო 1948 წელს, სამარიტელის კვირას... ბერის სახლთან უამრავი ხალხი ირეოდა. იქ ორი სემინარიელი - ვასია ერმაკოვი და ტოლია მალინინი - გავიცანი, სასულიერო თემებზე საუბარში დრო შეუმჩნევლად გავიდა. მალე ბერის კელიიდან თანაშემწე მონაზონი გამოვიდა და თქვა: „სემინარიელები შემოვიდნენ!“ ვასილი და ანატოლი შევიდნენ, მე დავრჩი. უცებ დედა სერაფიმა ისევ გამოვიდა, პირდაპირ მე მომმართა და დაჟინებით გაიმეორა: „მამა სერაფიმემ ყველა სემინარიელი აკურთხა, შემოვიდნენო“.

კელიაში რომ შევედი, ბერი სარეცელზე იწვა და სახე სიყვარულით გასხივოსნებოდა. დიახ, ის სიყვარულს აფრქვევდა და ამ სიყვარულს ჩემი გულიც შეეხმიანა. მამა სერაფიმე ჩემს ახალ მეგობრებს ესაუბრა და დალოცა. დავრჩი ბერთან პირისპირ. მთელი ჩემი არსება არამიწიერმა სიხარულმა მოიცვა. მოულოდნელად ცრემლები წამომცვივდა. აკანკალებული ხმით წარმოვთქვი: „მამაო, მე მხოლოდ სემინარიაში ჩაბარება მინდა, მაგრამ ომის დროს საბუთები დამეკარგა“. ბერმა ალერსიანად მიპასუხა: „არაფერია, ვანიუშა, შენ მხოლოდ ყველა საჭირო საბუთი შეაგროვე და ჩააბარე. აუცილებლად მოეწყობი“. მცირე პაუზის შემდეგ დასძინა: „შენ კარგი სტუდენტი იქნები“. ასე მივიღე ბერისგან ლოცვა-კურთხევა სწავლასა და შემდგომ მსახურებაზე (ბერმა იმგვარადვე დალოცა მამა იოანე სასულიერო აკადემიაში სწავლაზეც. იმ დროს სემინარიის მოსწავლეებს აღსაზრდელებს უწოდებდნენ, ხოლო სასულიერო აკადემიისას - სტუდენტებს).

მაშინ ძალიან დამამშვიდა მამა სერაფიმემ. მოკლე დროში შევძელი საბუთების შეგროვება და სემინარიაში იოლად, ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩავაბარე.

ვირიცაში დამრჩა გულის ნაწილი! მას შემდეგ ხშირად დავდიოდი მადლმოსილ ბერთან. რამდენი რჩევა-დარიგება მიმიღია ღვთისგან  მამა სერაფიმეს მეშვეობით! ზოგჯერ მხოლოდ ბერის შეხედვა და კურთხევის მიღება იყო საკმარისი. ზოგჯერ მისი საწოლის წინ დავიჩოქებდი, თავზე ხელს დამადებდა და ვტიროდი და ვტიროდი, თავად არ ვიცოდი, რატომ... როგორი მორჩილი და თავმდაბალი იყო! ნამდვილი მიწიერი ანგელოზი გახლდათ!

ვირიცელი ბერი ადამიანზე საოცარ სულიერ ზემოქმედებას ახდენდა. ხალხი თავად უხსნიდა ბერს გულის კარს. მამა სერაფიმესგან არავინ ბრუნდებოდა ცრემლების გარეშე. ზეციურ სიწმინდესთან შეხება ხალხს საკუთარ ცოდვებს შეაგრძნობინებდა, ბერიც მაშინვე ხედავდა ყველაფერს. ის ადამიანში სინანულის გამოწვევის არაჩვეულებრივ უნარს ფლობდა. სულიწმინდა განისვენებდა მასზე. ყველა გრძნობდა ამას, ვინც კი მისი კელიის ზღრუბლს გადააბიჯებდა. მახსოვს, ერთხელ მისგან გამოსულ ქალს შევეკითხე: „დეიდა, რატომ ტირით?“ მან, ღიმილით გაბრწყინებულმა მითხრა: „სიხარულისგან!..“

ვინც ბერის კელიაში მოხვდებოდა, ყველა გრძნობდა, რომ ის სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდა და არამიწიერ განზომილებაში იმყოფებოდა. „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“, - ამბობს წმ. იაკობ მოციქული (იაკობი 5,16). ზეცას აღწევდა ბერის ლოცვები და მისი მეოხებით სამყაროს ღვთის მადლი ეფინებოდა. ღმერთმა ღირსი გამხადა, არაერთხელ ვყოფილიყავი მოწმე მისი საოცარი შორსმჭვრეტელობის და საკუთარ თავზე გამომეცადა მისი კურნების ძალა.

შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვცდილობდი ბერის თითოეული სიტყვა დამემახსოვრებინა, მისი სულის თითოეული მოძრაობისთვის თვალყური მედევნებინა. და როგორ გამომადგა ყოველივე ეს მოძღვრის მომავალ საქმიანობაში!

ერთხელ დამშვიდობებისას ბერმა მაკურთხა, რომ მასთან შაბათს, 1949 წლის 3 აპრილს ჩავსულიყავი. ასე გამხადა ღმერთმა ღირსი, დავსწრებოდი მარადსახსოვარი ბერის პირველ პანაშვიდს, რომელიც პროტოპრესვიტერმა, მამა ალექსი კიბარდინმა გადაიხადა. ასეთი გახლდათ ბერის სურვილი, ვისთვისაც საკუთარი გარდაცვალების ჟამი წინასწარ ცნობილი იყო. წმინდა მოსაგრის სული უხილავად ჩვენთან იყო. პანაშვიდი წარმოუდგენლად სადღესასწაულო ხასიათს ატარებდა. ჩვენს გულებში ღვთიური სიყვარულის ცეცხლი აენთო. ჩემის აზრით, ვინც იქ ვიყავით მაშინ, ყველას გვჯეროდა და ვგრძნობდით, რომ ზეციურ სასუფეველში ღმერთმა ადგილი განუმზადა ახლადშესვენებულს. მამა სერაფიმეს კი არ ვემშვიდობებოდით, არამედ მარადიულ ცხოვრებაში მივაცილებდით. „...მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა“ (მათე 13,43).

 

ყოვლადწმინდა და ცხოველსმყოფელი სამების ტაძრის წინამძღვრის,
პროტოპრესვიტერ ვიქტორ გოლუბევის მოგონება

„მამა სერაფიმე ვირიცელთან შეხვედრას ყოველთვის დიდი სიხარულით, სითბოთი და სიყვარულით ვიგონებ. ომისშემდგომ წლებში მისკენ, როგორც უფლის წმინდანისკენ, მრავალი ადამიანი ილტვოდა ღვთის სამართლის საძებნელად. პირველად მასთნ 17 წლის ასაკში, 1946 წელს ჩავედი. წავედი რჩევის, ლოცვისა და კურთხევის მისაღებად.

მამა სერაფიმე ალერსიანი ღიმილით შემეგება. მისი გარეგნობა საოცარ კეთილგანწყობას ბადებდა და ჩვენს საპასუხო რეაქციას იწვევდა. მისი კეთილშობილება მაშინვე გადაეცემოდა ხოლმე მნახველებსაც. ყოველთვის სიხარულის მომგვრელი იყო ბერთან ყოფნა. მისი ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო, წინასწარ მომზადებული ყველა კითხვა დაგვიწყებოდათ და ღვთიური სიყვარულისათვის გული გადაგეშალათ.

1947 წელს, როცა ბერთან მივედი, ვკითხე: „მამაო, რა არის ჩემთვის უმჯობესი - სემინარიაში ჩავაბარო, თუ მონასტერში წავიდე?“ ბერმა უცნაურად გაიღიმა და მითხრა: „თავად გადაწყვიტე“.

მალე სამხედრო სამსახურში გამიწვიეს, რის შემდეგაც სემინარიაში ჩავაბარე. სასულიერო აკადემიაც დავამთავრე. ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველივე დიდებული ბერის დამსახურებაა.

აი, უკვე 38 წელია, რაც მოძღვარი გახლავართ და მთელი ამ ხნის განმავლობაში მადლმოსილი ვირიცელი ბერის საფლავზე რეგულარულად დავდივარ. ეს წმინდა ადგილი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მორწმუნეს იზიდავს. მოდიან ქვეყნის ყოველი კუთხიდან. აქ უდიდესი მოსაგრის თაყვანისცემის მრავალ ამაღელვებელ სურათს შეგიძლიათ შეესწროთ.

ხალხი წმინდანობის უზუსტესი საზომია. ერთ დროს, ამქვეყნიურ განდიდებამდე გაცილებით ადრე, მართლმადიდებელი მრევლი კრძალვით მიაგებდა პატივს ნეტარი ქსენია პეტერბურგელისა და ღირსი იოანე კრონშტადტელის ხსოვნას. ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, ხალხი მაინც მიდიოდა სმოლენკასა და კარპოვკაზე ცათა სასუფეველში განდიდებული უფლის წმინდანების თაყვანისსაცემად. ათასნაირ გაჭირვებაში, მწუხარებასა და განსაცდელში მყოფი ხალხი მათ მიმართავდა და რწმენისაებრ ღებულობდა კიდეც სათხოვარს.

უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი სერაფიმე ვირიცელს განადიდებს. ამაზე მოწმობს მის საფლავთან მომლოცველთა მზარდი რაოდენობა. საოცარი ბერის ნათელი ხსოვნა ქრისტიანთა გულებში ცოცხლობს. ჩემი მრევლიდან მრავალი დადის მის საფლავზე, დადიან ეკლესიის მსახურნიც და იქ სულიერ შვებას პოულობენ.

ყოველდღე ვლოცულობ ვირიცელი ბერის სულისთვის და მწამს, რომ ასეთი საქციელით მისგან ვღებულობ ლოცვა-კურთხევას. ყოველ ჭირსა და განსაცდელში გონებით მას მივმართავ.

მართლმადიდებელ ეკლესიას მამა სერაფიმემ განუზომელი ღვაწლი დასდო. ღვთისგან განდგომილებისა და დევნის საშინელ ჟამს ის ხალხს ცოცხალი რწმენისა და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ის იყო რუსეთის მიწის უდიდესი მლოცველი და ჭირისუფალი. მთელი თავისი ცხოვრებით მამა სერაფიმე ქრისტეს არსებობას ამოწმებდა და საღმრთო ჭეშმარიტების დამცველად გვევლინებოდა. უეჭველია, რომ დღეს ის ჩვენი ზეციური მეოხი და მფარველია“.

 

პროტოპრესვიტერ ბორის გლებოვის მოგონება

(ისააკის ტაძრის წინამძღვარი, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ქტიტორი)

ღვთის წყალობით ბავშვობისა და სიყმაწვილის წლებში მამა ბორისი ბევრჯერ შეხვედრია მამა სერაფიმეს.

„დეიდა და ბებია ვირიცაში ცხოვრობდნენ. პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ომამდე დედა ხშირად დადიოდა დიდებულ ბერთან. პირველად მას შვიდი წლის ასაკში შევხვდი.

1944 წელი იყო. ბევრი ჭირი დაატყდა თავს მრავალტანჯულ რუსეთს. არც ჩვენი ოჯახი იყო გამონაკლისი. დედამ ქმარი და მშობლები დაკარგა, მე კი - მამა. არ იყო მისთვის იოლი ყოველივეს გადატანა და გააზრება. დედამ იცოდა, რომ მამა სერაფიმე ნუგეშინისცემის შეუდარებელ უნარს ფლობდა, ამიტომ დასახმარებლად ბერს მიმართა. იმ დღეს ჩემს ყმაწვილ გულს ბერმა შეუდარებელი სიხარულის თაიგული მიუძღვნა. კელიაში რომ შევედით, სქემით შემოსილი ბერი ვიწრო, უხეშ რკინის საწოლზე იყო წამოწოლილი. მაშინვე მისკენ გავემართე კურთხევის მისაღებად. ისე ალერსიანად შემომხედა, გული ამიძგერდა. ეს იყო უჩვეულო მდგომარეობა, როცა არამიწიერი სიხარულისგან გული თან გამალებით გიცემს, თან უსაზღვრო სიმშვიდეში განისვენებს. ბერის სიყვარულმა გულში ჩამიკრა.

დედა ჩუმად ესაუბრა ბერს ჩვენს გაჭირვებაზე. მამა სერაფიმემ დაამშვიდა. ამის შემდეგ ყოველთვის დავდიოდით მასთან.

ბერთან თითოეული შეხვედრა განუმეორებელი იყო და ჩემს ყმაწვილ სულში წარუშლელ კვალს ტოვებდა. უცვლელი იყო მხოლოდ ის, რომ ბერისგან ყოველთვის ღვთიური მადლი გარდამოდიოდა. სასულიერო გზის წარსამართებლად მისგან ყოველთვის ლოცვა-კურთხევას ვითხოვდი.

დადგა დრო, როცა განვლილი სამი ათეული წლის უღმერთობამ შხამიანი ნაყოფი გამოიღო. მრავალმა უარყო მამა-პაპის სარწმუნოება და უღალატა ქრისტეს. ჩვენი ოჯახი მართლმადიდებლური სულისა და ტრადიციების შენარჩუნებას ცდილობდა. ყოველთვის ვატარებდი ჯვარს და ისე დავდიოდი აბანოში. გამოსაჯავრებლად კლასელები ხშირად მეძახდნენ „მღვდელს“. ეს მე ძალიან მსიამოვნებდა. ფიზკულტურის გაკვეთილებზე ფეხბურთის თამაშის დროს თანატოლები მიყვიროდნენ: „მღვდელო, პასი მოგვეცი!“ საერთოდ არ ვღიზიანდებოდი. უკვე მაშინ ვხვდებოდი, რომ ყოველივეს მიზეზი ადამიანური უძლურება და უცოდინრობა იყო. ვიცოდი, მამა სერაფიმე ჩემთვის ლოცულობდა და არაფერი ცუდი არ მოხდებოდა.

ბერი ყოველთვის მამა-შვილურად მეპყრობოდა. ჩემს ყმაწვილ სულზე ის უზომო ზემოქმედებას ახდენდა. მასთან შეხვედრა მამხნევებდა და ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის წმინდანების რწმენასა და სიყვარულში განმამტკიცებდა. ბერის ლოცვის წყალობით ზოგჯერ სულით მიწას ვწყდებოდი და მაშინ ჩენი გული იმ უხილავ სამყაროს ჭვრეტდა, სადაც მართლები დღესასწაულობენ, ჰმოსავთ სამოსელი საქორწინე და „დაინთქა სიკვდილი ძლევითა“ (I კორ. 15,54).

ძალიან ღარიბულად ვცხოვრობდით. დედა სულ განიცდიდა, რომ სხვების მსგავსად, ბერისთვის ვერანაირი ძღვენი ვერ მიჰქონდა. ერთხელაც ჩვენს ოჯახს კვლავ დიდი უბედურება ეწვია: დედამ ვაჟისა და ჩემი უფროსი ძმის დაღუპვის ცნობა მიიღო. ნუგეშისთვის დილაადრიან წავიდა ბერთან. ბერის სახლის ახლოს, წარაფში სამი მშვენიერი თეთრი სოკო ნახა. სოკოები მამა სერაფიმეს მიართვა ძღვნად. ღვთის სასწაულები ახლაც ხდება ჩვენს ირგვლივ, მხოლოდ მათი დანახვა და ღმერთისთვის სამადლობელის აღვლენაა საჭირო.

მამა სერაფიმეს სიყვარული მომაკვდავ სულებს აცოცხლებდა. ვხედავდი, ჩემს თვალწინ როგორ იცვლებოდა ადამიანების ცხოვრება, როგორ მოიპოვებდნენ ჭეშმარიტებას და მადლობას სწირავდნენ უფალს ამგვარი მფარველისა და მეოხის მონიჭებისთვის. ბერთან რწმენით მისული ყოველი ადამიანი თავის სათხოვარს ღებულობდა. ვირიცელი ბერივით არავის შეეძლო მოყვასის ტვირთის ზიდვა. რამდენი სული გადაურჩენია მას! „რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისგან თვისისა მოიმკოს ცხოვრებაი საუკუნოი“ (გალ. 6,8).

დადგა ჟამი, როცა ბერმა დაგვტოვა, მაგრამ მისი ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში ცოცხლობს. ხალხიდან ხალხში გადადიოდა ამბავი იმ საქმეთა შესახებ, რომელიც ღმერთს მისი მეოხებით აღსრულებია. ყოველთვის სიხარულს მგვრიდა ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განდიდებულ წმინდანთა გარდა მრავალი მართალი ბრწყინავს ღვთის ტახტის წინაშე. მამა სერაფიმე, როგორც ჩვენი დროის უდიდესი მოსაგრე, წმინდანთა დასში მეგულება. მართლმადიდებელ მრევლში ყოველწლიურად იზრდება მისდამი პატივისცემა და კრძალვა. უფლის წმინდანის განსასვენებელთან რეგულარულად ვატარებ პანაშვიდებს და გულში ვევედრები: „მამა სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“.

 

მადლის წყარო

(ეპილოგის ნაცვლად)

რუსეთში არსებობს ისეთი ადგილები, საიდანაც მთელ მსოფლიოს ნათელი ეფინება. ეს ის ადგილებია, საითკენაც ქრისტესმიერი მშვიდობისა და სიხარულის მაძიებლები ისწრაფვიან. როგორც ქარიშხალთან ბრძოლაში ღონემიხდილი ჩიტუნები, ისე აფარებენ ადამიანები თავს ამ წმინდა ადგილებს.

ცხოვრებისეული ქარტეხილისა თუ ვაებისგან დაქანცულნი აქ ჰპოვებენ შვებას და შემდგომი მიწიერი მოგზაურობისთვის ძალებს იკრებენ. ისინი ლოცვით გამოითხოვენ უფლის წინაშე მეოხებას, სულიწმინდით ფრთაშესხმული ბრუნდებიან ერში და განუწყვეტლივ მადლობენ ღმერთს ყოველივესთვის. იგემეს რა ზეციური სიხარული, ადამიანთა გულები კვლავ და კვლავ აქეთ ილტვიან...

ერთ-ერთ ასეთ საოცარ სავანეს წარმოადგენს პეტერბურგის შემოგარენში არასებული სააგარაკო დაბა-ვირიცა. აქ, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე აგებული ტაძრიდან სულ რამდენიმე ნაბიჯზე, ეკლესიის პატარა სასაფლაოზე, ზეციური დედოფლის კალთას შეფარულს, ამქვეყნიური განსასვენებლი უპოვია უდიდეს მოღვაწეს, სექმოსან მღვდელ-მონაზონს სერაფიმე ვირიცელს, XX საუკუნის სასტიკ 20-იან წლებში ალექსანდრე ნეველის ლავრის სულიერ მოძღვარს. ძველი რუსული ხუროთმოძღვრების მიხედვით აგებულ ხის ეკლესიაში ის დღესაც უხილავად განაგრძობს მსახურებას. მამა სერაფიმეს უხილავად მყოფობა ასევე შეიგრძნობა მისსავე წმინდა საფლავზე.

კაცთმოყვარე ღმერთი აქ წრფელი გულით მოსულ ყველა ადამიანს უხვად აჯილდოებს ღვთიური მადლით. მრავალ მართლმადიდებელს განუცდია ეს მადლი, რომელიც, თუმცა კი უნივთო და უხილავია, მაინც მთელი სიცხადით შეიგრძნობა. ეს განცდა სრულად განმსჭვალავს ადამიანს და ამქვეყნიურ სამყაროს განარიდებს. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებდა: „უფალს როცა სურს, ადამიანი ხორციელი და ფშვინვიერი შეგრძნებებიდან სულიერ შეგრძნებებამდე აამაღლოს, დროდადრო საკუთარ თავზე აგემებს და განაცდევინებს ამ გრძნობას. ამგვარი განცდა აღთქმული ქვეყნის მსტოვარივით არის“. ეს არის საოცარი მდგომარეობა, როცა სულში ენითაუწერელი სიმშვიდე და სიმყუდროვე ისადგურებს, გულში უჩვეულო სიჩუმე ივანებს და განიცდის სიყვარულს, რომელიც უფლისგან გარდამოდის და უფლისკენ ისწრაფვის. ეს არის მდგომარეობა, როცა უსაზღვრო სიხარული გეუფლება, როცა ყოველივე მატერიალური და ხრწნადი უფასურდება.

ეს პატარა მიწის ბორცვი ზამთარში ნაძვის ტოტებითაა მორთული, ხოლო ზაფხულში - ცოცხალი ყვავილებით. რვამკლავიანი ხის ჯვარი, ჩაუქრობელი კანდელი... ჯვარზე სქემით შემოსილი ბერის პატარა ფოტოსურათია. განცვიფრებს თვალების საოცარი სიღრმე. ისინი უზომო თანაგრძნობითა და სიყვარულით უმზერენ სამყაროს მარადისობიდან. ეს ერთ-ერთი საოცარი ადგილია, სადაც ცა და მიწა საიდუმლო გზით შეერთებულა. აქ ხსნის მაძიებელთა სულები სულიერად, სრულიად რეალურად უკავშირდებიან უხილავ სამყაროს. აქ განსაკუთრებული სიჩუმეა, სადაც ნებისმიერის გულის ღაღადისი ისმის.

„ჩემს საფლავზე ისე მოდით, თითქოს ცოცხალი ვიყო, დამელაპარაკეთ, როგორც ცოცხალს და მე ყოველთვის დაგეხმარებით“.

ვალერი ფილიმონოვი, 1995-98 წწ.
თარგმნეს ტატიანა ცომაიამ და ნანა კუხიანიძემ
წიგნიდან: „წმინდა სერაფიმე ვირიცელის ცხოვრება და მოღვაწეობა“
თბილისი, 2003 წ.