წმიდა ღირსმოწამე იაკობი ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად. იგი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ივერთა დაცარიელებულ სკიტში დამკვიდრდა, განაახლა იგი და ბერი ეგნატეს ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულმა სულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთაებრივი ხილვების ღირსი შეიქნა. პავლე მოციქულის მსგავსად მასაც განეცხადა სასუფევლის ნეტარება და ჯოჯოხეთის სატანჯველები. ზეგარდმო ნიჭით წმიდანი ცხადად ჭვრეტდა ყოველი მომსვლელის ფარულ გულისზრახვებსა და ფიქრებს, უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მოწაფეებთან ერთად ეტოლიაში ჩასული ნეტარი იაკობი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: სნეულებს კურნავდა და ყველას მოძღვრავდა. ურიცხვი ადამიანი იყრიდა თავს წმიდანის ირგვლივ. ავისმზრახველებმა ღირსი მამა თურქეთის ხელისუფლებასთან დაასმინეს, ხალხს იკრებს და ამბოხის მოწყობაც შეუძლიაო. მტარვალებმა ეს ცრუხმები საბაბად გამოიყენეს და ნეტარს მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. პასუხად წმიდა იაკობმა და მისმა ორივე მოწაფემ: ბერ-დიაკონმა იაკობმა და დიონისე მონაზონმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე. ამისთვის მათ უღმრთოებისგან ხანგრძლივი წამება დაითმინეს და ბოლოს, 1520 წლის 1 ნოემბერს, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. ღირსმოწამეთა სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები წმიდა ანასტასიას (ხს. 22 დეკემბერს) სახელობის მონასტერში დააბრძანეს თესალონიკის მახლობლად, დაბა გალატისტაში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.