წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გადააყირავა კერპებისათვის გამზადებული სამსხვერპლო. მაშინ უღმერთო ხელისუფალმა მოწამისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როცა სასჯელი აღასრულეს, იმპერატორმა და ჯალათმა ცხადად იხილეს, თუ როგორ წარუძღვა ანგელოზი ნეტარი ალექსანდრეს ცაში აღმავალ სულს. იმპერატორმა მაქსიმიანემ ნება დართო, წმიდა მოწამის ცხედარი პატივით დაეკრძალათ ქალაქ თესალონიკში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.