ღირსი მატრონა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) დაიბადა V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული - თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.
ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს - ევგენიას და სოსანას. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. წმიდანის სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა და მხურვალედ შეჰვედრა უფალს, გაეცხადებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მისი განზრახვა. ერთხელ მატრონამ ჩვენებით იხილა, რომ იგი გაურბოდა მეუღლეს, ბერების ჯგუფს შეერია და ქმრისგან შეუმჩნეველი დარჩა. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო. თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს (ხს. 10 ოქტომბერს) მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმიდა აბრაამის მონასტრის იღუმენს - ნეტარ აკაკისაც. ღირსმა ბასიანემ წმიდა მატრონას მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა, რა მიზნით მივიდა მონასტერში - ბერების ცთუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ ედო გულში. წმიდანმა ცრემლებით მოუთხრო იღუმენს მთელი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ. როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმიდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ.
ხმა უფლის რჩეული მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდამო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. როცა ადგილობრივ მცხოვრებლებს დაყუდებული დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული დაიწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთობის წყვდიადისაგან და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მოსაგრემ კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.
ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახლოებით 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.