ღირსი თეოდორე სტუდიელი 785 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახური ქრისტიანების: სამეფო ხარკის ამკრეფის, ფოტინისა და მისი მეუღლის, თეოქტისტას ოჯახში. მან სერიოზული განათლება მიიღო დედაქალაქის საუკეთესო რიტორებთან, ფილოსოფოსებთან და ღვთისმეტყველებთან.
ამ დროს იმპერიაში ფართოდ გავრცელდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელსაც უსჯულო იმპერატორი კონსტანტინე კოპრონიმიც (741-775) თანაუგრძნობდა. ხატმბრძოლი თვითმპყრობელისა და მისი კარის შეხედულებები გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, ფოტინის რელიგიურ გრძნობებს, რის გამოც მან სახელმწიფო სამსახური დატოვა. ამის შემდეგ წმიდა თეოდორეს მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით თავიანთი მამული გლახაკებს დაუნაწილეს და მონაზვნებად შედგნენ.
ნეტარ თეოდორეს დედაქალაქში ფართოდ გაუთქვა სახელი ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტებში მონაწილეობამ, რომელიც იმ ხანებში საკმაოდ ხშირად იმართებოდა. სრულყოფილ ორატორულ ხელოვნებას, ფილოსოფიური ტერმინოლოგიისა და ლოგიკის თავისუფალ ფლობას და, რაც მთავარია, ქრისტიანული დოგმატიკის ღრმა ცოდნას დამაჯერებელი გამარჯვებები მოჰქონდა ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდა მამისთვის.
ხატმბრძოლობა საბოლოოდ ამხილა და დაგმო VII მსოფლიო კრებამ, რომელიც კეთილმსახური დედოფლის, ირინეს ინიციატივითა და მფარველობით იქნა მოწვეული 787 წელს. კრების მამებს შორის იყო ნეტარი პლატონიც (ხს. 5 აპრილს), ღირსი თეოდორეს ბიძა, რომელიც დიდხანს მოსაგრეობდა ოლიმპოს მთაზე. კრების დამთავრების შემდეგ მან წმიდა თეოდორესა და მის ძმებს - იოსებსა და ექვთიმეს უდაბნოში მონაზვნური მოღვაწეობისკენ მოუწოდა. ძმებმა მადლიერებით მიიღეს სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ნათესავის რჩევა, დატოვეს კონსტანტინოპოლი, ოლიმპოს მახლობლად დამკვიდრდნენ და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგეს. ტაძრის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბა საძმო და დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც გახდა ნეტარი პლატონი.
ბერი თეოდორე ჭეშმარიტად მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი ასრულებდა ყველაზე მძიმე შავ სამუშაოებს, მკაცრად იცავდა მარხვას, ყოველდღე ამბობდა აღსარებას. წმიდანი განუწყვეტლივ კითხულობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ბასილი დიდის თხზულებები იზიდავდა.
რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე სულიერი მოძღვრების დაჟინებული თხოვნით მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოგვიანებით, როცა ნეტარი პლატონი მონასტრის იღუმენობიდან გადადგა, საძმომ მის ნაცვლად ერთსულოვნად თეოდორე აირჩია. მონასტრის ძმობას იგი მოძღვრავდა როგორც თავისი კეთილმსახური ცხოვრებით, ასევე გულთბილი მამობრივი ქადაგებებითაც.
იმ ხანებში ლეონ VII-ის (775-780) ძემ, ოცი წლის კონსტანტინემ დედა - კეთილმსახური ირინე (797-802), რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად განაგებდა ქვეყანას, მმართველობას ჩამოაცილა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. ვნებებს აყოლილმა ახალგაზრდა იმპერატორმა კანონიერი მეუღლე ძალით აღკვეცა მონაზვნად და მის ნაცვლად ხორციელი ნათესავი შეირთო. მალე მეფის მაგალითს სხვა დიდგვაროვნებმაც მიბაძეს. ეს რომ შეიტყო, ღირსი თეოდორე გაბედულად აღდგა საეკლესიო კანონებისა და მართლმორწმუნეთა ზნეობის დასაცავად: მან მონასტერში დაგზავნა ეპისტოლეები, რომლებშიც იმპერატორი კონსტანტინე VI (780-797) ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილებების უგულებელყოფისთვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელი ჯერ ლიქნით ეცადა წმიდა მამის გადაბირებას, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, მხედართა რაზმი გაგზავნა მონასტრის დასარბევად. ამის შემდეგ სასტიკად ნაწამები თეოდორე თავის ათ თანამოსაგრესთან ერთად ქალაქ თესალონიკში გადაასახლეს, მაგრამ არც იქ დადუმებულა ღირსი მამის მამხილებელი ხმა. დედოფალმა ირინემ, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიბრუნა, ნეტარი თეოდორე საპყრობილიდან გაათავისუფლა და კოპრონიმის დროს დაცარიელებული სტუდიონის მონასტერი გადასცა. მალე სავანეში ათასამდე ბერმა მოიყარა თავი. საძმოს ცხოვრების წარსამართავად ღირსმა მამამ თავად შეადგინა მონასტრის წეს-განგება. ამ ხანებში მან მრავალი ეპისტოლე დაწერა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ, ქმნიდა კანონებს, სამსაგალობლებს, დოგმატურ თხზულებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი კრებული „ფილოკალია“ („სიკეთისმოყვარება“).
802 წელს კეთილმსახური დედოფალი ირინე, ნიკიფორე I-მა მტარვალმა (802-811) ძალით გადააყენა ხელმწიფობიდან და საიმპერატორო ტახტი უკანონოდ ჩაიგდო ხელში. მან უხეშად დაარღვია საეკლესიო დადგენილებები და ეკლესიაში დააბრუნა განკვეთილი ხუცესი იოსები, რომელმაც იმპერატორ კონსტანტინეს უკანონოდ დასწერა ჯვარი. ღირსმა თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილა უღვთო თვითმპყრობელი. ამისთვის იგი დაატუსაღეს და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კუნძულის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ხელმწიფეს კუნძულ თრაკიაზე ბარბაროსთა თავდასხმის ამბავი აუწყეს. წმიდა თეოდორემ საბრძოლველად განმზადებულ ხელისუფალს შეუთვალა, თუ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას არ შეინანებ, ლაშქრობიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებიო და ასეც მოხდა. ომში დაღუპული ნიკიფორეს ნაცვლად ტახტზე ავიდა კეთილმსახური იმპერატორი მიხეილი (811-813), რომელმაც ღირსი მამა გაათავისუფლა პყრობილებიდან.
შინაომის თავიდან ასაცილებლად მალე მიხეილმა ტახტი თავის მხედართმთავარს, ლეონ სომეხს (813-820) დაუთმო. ახალი იმპერატორი თავდაპირველად ყველას კეთილმორწმუნედ აჩვენებდა თავს, მაგრამ როცა ხელისუფლების სათავეში განმტკიცდა, წმიდა ხატების გმობა დაიწყო. წმიდა ეკლესიის მღვდელმთავრები და მოძღვრები ბევრს ეცადნენ, გონს მოეყვანათ იმპერატორი, მაგრამ ამაოდ: ლეონმა აკრძალა ხატთა თაყვანისცემა. ამგვარი უსჯულოების პასუხად ღირსმა თეოდორემ და მისი მონასტრის ძმებმა ხატებითა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპრის გალობით ლიტანიობით შემოუარეს ტაძარს. იმპერატორი წმიდა მამას სიკვდილით ემუქრებოდა, მაგრამ უფლის რჩეული მაინც დაუფარავად განამტკიცებდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. მაშინ ღირსი თეოდორე და მისი მოწაფე ნიკოლოზი ილირიაში გადაასახლეს და მეტოპის ციხე-სიმაგრის საპყრობილეში ჩააგდეს, აქედან კი ანატოლიაში, ბონიტაში გადაიყვანეს. ახოვანი აღმსარებელი მაინც მოშურნედ განაგრძობდა ერესთან ბრძოლას.
საკუთარი მეომრების ხელით აღსრულებულ ლეონ სომეხს ტახტზე შეენაცვლა უღმრთო, მაგრამ რჯულშემწყნარებელი მიხეილ II ბალბა (ენაბრგვნილი) (820-829). მან ყველა მართლმადიდებელი მამა და აღმსარებელი საპყრობილეებიდან გაათავისუფლებინა, მაგრამ დედაქალაქში ხატთა თაყვანისცემა აკრძალა. ამის შემდეგ ღირსმა თეოდორემ არ ისურვა კონსტანტინოპოლში ცხოვრება: ის ჯერ დედაქალაქის მახლობლად, კრისკენტიაში დასახლდა, შემდეგ კი აკრიტის ხერსონესში, კონსტანტინოპოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კონცხზე, წმიდა ტრიფონის სახელობის ეკლესიის მახლობლად. მძიმე სნეულების მიუხედავად, წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას. მან წინასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, მოუწოდა ძმობას და დაუბარა, მართლმადიდებლობის ერთგულება დაემარხათ, თაყვანი ეცათ წმიდა ხატებისათვის და მკაცრად დაეცვათ მონასტრის წეს-განგება. ამის შემდეგ წმიდანმა ბერებს სთხოვა, სულთბრძოლის კანონის გალობა დაეწყოთ. როცა გაისმა: „უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე“ (ფს. 118, 90), ღირსმა თეოდორემ სული უფალს შეჰვედრა (+826).
სწორედ ამ ჟამს ღირს ილარიონ დალმატელს (ხს. 6 ივნისს) საღვთო ჩვენება ჰქონდა. მან იხილა ზეციური ნათელი და ანგელოზთა ხმაც გაიგონა: „ეს უფალთან მაღლდება სული ღირსი თეოდორესი, რომელიც თვით სისხლთა დათხევამდე ევნო წმიდა ხატთათვის“.
26 იანვარს იდღესასწაულება წმიდა მამის უხრწნელი ნაწილების გადასვენება ხერსონესიდან კონსტანტინოპოლში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.