წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის (ხს. 16 ივლისს) ძმა, დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე - არწმუნებდა, თუ წარმართულ ღმერთებს სცემ თაყვანს, სიბრძნით თვით დიდ ფილოსოფოს პლატონს გაუტოლდებიო. ამაზე წმიდა პლატონმა უპასუხა, ფილოსოფოსის სიბრძნე დიდია, მაგრამ წარმავალი და შეზღუდული; ჭეშმარიტ, მარადიულ და უსაზღვრო სიბრძნეს კი მხოლოდ სახარებისეული სწავლება შეიცავსო. მსაჯულმა წმიდანს მაცხოვრის უარყოფის ფასად თავისი მომხიბლავი ასული შესთავაზა ცოლად, ურჩობის შემთხვევაში კი წამებითა და სიკვდლით დაემუქრა. ნეტარმა პლატონმა მიუგო, წარმავალ სიკვდილს ვირჩევო საუკუნო სიცოცხლისთვის. აღმსარებლის კადნიერებით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ჯერ დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაეგდოთ. ციხის კარებთან უამრავმა ხალხმა მოეყარა თავი. მათ შორის იყვნენ მართლმორწმუნეებიც, რომელთაც უფლის რჩეულმა ხმამაღლა მიმართა: „იცოდეთ, ძმებო, მე რაიმე დანაშაულისთვის კი არ ვიტანჯები, არამედ მთელი სამყაროს შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებისთვის. გევედრებით, ქრისტიანებო, ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი წამება; „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოვლისაგან იხსნეს იგინი უფალმან“; მტკიცედ ვსდგეთ სარწმუნოების შეურყეველ კლდეზე და ღვთისმოსაობისთვის ტანჯვა ნუ შეგვაშინებს, რადგან ამ წარმავალი ჟამის ვნებანი ვერ შეედრება ჩვენთვის განმზადებულ დიდებას“.
ერთი კვირის შემდეგ წმიდა პლატონი კვლავ აგრიპინას სამსჯავროზე მიიყვანეს ზევსის ტაძარში, სადაც უკვე განმზადებული იყო წამების იარაღები: მდუღარე ქვაბები, გახურებული რკინის სარეცელი, ბასრი კავები. წმიდანს შესთავაზეს, ან მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, ან ამ იარაღების მოქმედება საკუთარ თავზე გამოეცადა. ნეტარმა მარტვილმა ამჯერადაც მტკიცე უარი განაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ მას კვლავ სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი საკანში ჩააგდეს და თვრამეტი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. როცა უსჯულოებმა იხილეს, რომ ამგვარადაც ვერ მოდრეკდნენ წმიდანის ნებას, მას მზაკვრული წინადადება წაუყენეს - სიცოცხლე და თავისუფლება აღუთქვეს, თუ წარმოთქვამდა: „დიდ არს უფალი აპოლონი“. „სიტყვითაც არ მსურს შევცოდო“, - უპასუხა მხნე აღმსარებელმა. მტარვალის ბრძანებით ნეტარ პლატონს თავი მოჰკვეთეს (+302 ან 306).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.