წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი - კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უამრავ სხვა მართლმორწმუნესთან ერთად წმიდა ზაქეც შეიპყრეს. მან დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც საშინლად აწამეს, მაგრამ ქრისტეს უარყოფაზე ვერ დაითანხმეს. დიოკლეტიანეს დროს მაცხოვრის მოსავები ისე სასტიკად იდევნებოდნენ, რომ წამების შიშით ზოგი ქრისტიანი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე თანხმდებოდა. საღვთო შურით ანთებული კესარიის ეკლესიის მედავითნე, ალფესი შეერია წარმართული სამსხვერპლოსკენ მიმავალ ქრისტეს უარმყოფლებს და მოუწოდა, სული არ წაებილწათ. მაშინ უფლის რჩეული შეიპყრეს და ტანჯვა-წამების შემდეგ ზაქესთან ერთად საერთო ბორკილი დაადეს. ღამით წმიდანები საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და მოსალოდნელი აღსასრულის წინ ერთმანეთს განამტკიცებდნენ. დილით უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს (+303).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.